უამრავი სპექტაკლის, კონცერტის, ფესტივალის შემოქმედი, სულისჩამდგმელი, ორგანიზატორი, მონაწილე საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, გამორჩეული ხელოვანი, ბოლნისის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ზურაბ ხვედელიძე, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ზურა ხვედელიძის როგორც ხელოვანის, რეჟისორის, თეატრალის – მოღვაწეობა ხალხური შემოქმედების სახლში დაიწყო და 40 წელზე მეტი ემსახურა სახალხო თეატრების – უძველესი ქართული კულტურის – მოვლის, შენარჩუნებისა და აღორძინების დიდებულ საქმეს. მას სულ ცოტახნის წინ, 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. შემოქმედებითმა კავშირმა-საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ კი საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ბატონი ზურა “ამაგდარი” -ს წოდებით დააჯილდოვა.
საქართველოს პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი სამაჟორიტარო ოლქში დღეს ახალგაზრდებს შეხვდა. მან ახალგაზრდებთან მიმდინარე პროცესებსა და სიახლეებზე ისაუბრა.
„დღევანდელი შეხვედრა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. ჩვენი ხელისუფლებისთვის განათლება და ახალგაზრდული პოლიტიკა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ახალგაზრდები მოახდენენ თვითრეალიზაციას“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაში შევიდა მარცვლეული კულტურის მოსავლის, კერძოდ ხორბლის აღების პროცესი. სოფელ დისველში, 4000 ჰექტარი ფართობიდან, 70-მდე ფერმერი, 8000 ტონამდე ხორბლის მოსავალს ელოდება. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებთან შედარებით წელს ხორბლის საბაზრო ფასი საკმაოდ მაღალია, რასაც ფერმერები მიესალმებიან.
მოსავლის აღების პროცესს დღეს მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო.
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული პროგრამით აქტიურად სარგებლობენ ბოლნისელი ფერმერები. აგრობარათების დარიგება ლიბერთი ბანკის ბოლნისის ფილიალში მიმდინარეობს. აგრობარათით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვინც 2500 კვადრატული მეტრიდან 10 ჰექტრამდე მიწის ფართობს ფლობს.
ბოლნისის ,,სიონმა’’ ეროვნული ლიგა 2-ის მატჩი განაახლა და პანდემიის შემდგომ პირველი საშინაო შეხვედრა წყალტუბოს ,,სამგურალთან“ გამართა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში წარიმართა, ,,სიონმა ‘‘შეძლო და ორი გოლი გაიტანა მოწინააღმდეგის კარში. ჯაბა უგულავასა და ზვიად სიხარულიას გოლებით ბოლო წუთამდე იგებდა,, სიონი’’. თუმცა ბოლო წამებზე ანგარიში გათანაბრდა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
21 ივლისს ,,სიონი“ კვლავ საშინაო თამაშს გამართავს თბილისის ,,ვიტჯორჯიასთან“. პირდაპირ ტრასლაციას კლუბი თავად განახორციელებს YouTube არხის საშუალებით.
მსოფლიო პანდემიამ კაცობრიობა სულ სხვა რეალობის წინაშე დააყენა. საზოგადოების დიდი ნაწილი ახალი გამოწვევების, ინოვაციური პროექტების და კრეატიული იდეების ძიების პირისპირ აღმოჩნდა. კარჩაკეტილი ცხოვრების პერიოდში, ინტერნეტსივრცე არაერთმა საგანმანათლებლო-შემეცნებითმა, კულტურულმა სპორტულმა პროექტმა მოიცვა. იყო გამამხნევებელი მოწოდებები, გამოწვევები, ლექციები და ტრენინგები სხვადასხვა თემებზე, თუმცა, საოჯახო თოჯინების თეატრის პრეცედენტი, მხოლოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან განთავსდა.
ინოვაციურმა გამოწვევამ სხვა რეგიონებიც მოიცვა. სცენარი კი მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პერიოდში დაიწერა. როგორც იდეისა და პროექტის ავტორმა, თამრიკო ბობოხიძემ აღნიშნა, „რთულია მოდუნება და უქმად ყოფნა, როდესაც ცხოვრების რეჟიმი აქტიური და დატვირთული გაქვს“. სწორედ ამ კარჩაკეტილობის პერიოდში, ბოლნისის კულტურის სახლის თოჯინების თეატრის ხელმძღვანელმა, თამრიკო ბობოხიძემ გადაწყვიტა ბავშვებისთვის საოჯახო თოჯინების თეატრი შეეთავაზებინა კონკურსის სახით. იდეის ავტორი, თითოეულ მონაწილეს აძლევდა მითითებებს, ასწავლიდა თოჯინისა და კოსტუმების შეკერვას, ეხმარებოდა დეკორაციის შექმნისას და აძლევდა გარკვეულ ინსტრუქციას. კონკურსი ორ ასაკობრივ კატეგორიაზე, სკოლამდელი აღსაზრდელებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის იყო გათვლილი. საოჯახო თოჯინების თეატრის კონკურსი 1 მაისიდან, ბოლნისის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, სოსო კოპალეიშვილის მხარდაჭერითა და თანადგომით გამოცხადდა. საკონკურსო პირობები კულტურის ცენტრის ვებგვერდზე განთავსდა, გაიცა გარკვეული ინსტრუქციები და განთავსდა ვიდეო გაკვეთილები, თუ როგორ შეეძლოთ მონაწილეებს თოჯინების შექმნა, სცენარის დაწერა და დეკორაციის მოწყობა. აღნიშნულ ვებ გვერდზე მალევე და-ძმა საყვარელიძეების პირველი ვიდეო სპექტაკლი, იგავ-არაკი „ორი ძმა“ აიტვირთა, რასაც არა ერთი ვიდეო მოჰყვა, აღსანიშნავია, რომ სპექტაკლებს სხვადასხვა რეგიონებიდანაც შეუერთდნენ და როგორც თოჯინების თეატრის ხელმძღვანელმა აღნიშნა გამოხმაურებამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ბოლნისის კულტურის ცენტრიისა და ბოლნისის კულტურის სახლის მიერ გამოცხადებული ონლაინ კონკურსი სახელწოდებით – „საოჯახო თოჯინების თეატრალური წარმოდგენა“ 1 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში 37 მონაწილე ჩაერთო.
გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები, რომლებიც შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდნენ.
-დიდი ხნის წინ მეუფემ მთხოვა, რომ რელიგიურ თემებზე დამედგა სპექტაკლი, მაგრამ ეს ჩემთვის საფრთხილო და ფაქიზი თემა აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ლოცვა-კურთხევა მქონდა, მაინც ვერიდებოდი სასულიერო თემაზე ნაწარმოებების დადგმას. სწორედ კარჩაკეტილობის პერიოდში გადავწყვიტე სამაგიდო თოჯინების თეატრისთვის რელიგიური პერსონაჟები შემექმნა, აღნიშნული თოჯინებისთვის, ძირითად აქსესუარს ფეხსაცმელი წარმოადგენს, რომლის გაკეთებაც საკმაოდ რთული და შრომატევადია. დავიწყე მინიატურული ფეხსაცმელების გაკეთება და ზუსტად, ამ პროცესში გაჩნდა იდეა, რომ ჩამეწერა ვიდეო გაკვეთილები ბავშვებისთვის და მათთვის მესწავლებინა თოჯინების კეთება. ამდენი უარყოფითი ინფორმაციის ფონზე, რაც ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა, მივხვდი, რომ ეს იქნებოდა ბავშვებისთვის შემეცნებითი, სახალისო და საინტერესო. მინდა აღვნიშნო, რომ დიდი მხარდაჭერა მქონდა ბატონ სოსო კოპალეიშვილისგან და კულტურის სახლის ხელმძღვანელისგან. გამოცხადდა საკონკურსო პირობები, შეირჩა ჟიური და პატარა კონკურსანტებისთვის ჩავწერე პირველი ვიდეო გაკვეთილი. მართალია ძალიან გამიჭირდა ჩაწერა, მაგრამ ეს ამად ღირდა. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ასეთ შედეგს. ვიდეო სპექტაკლებს სხვა რეგიონებიდანაც გვიგზავნიდნენ, ბავშვებს შეეძლოთ აერჩიათ თავისუფალი თემა, ან სულხან-საბა ორბელიანის ნებისმიერი იგავ-არაკი. შეზღუდულები ნამდვილად არ იყვნენ, ზოგიერთმა კონკურსანტებმა თავიანთი ინტერპრეტაციითაც წარმოადგინეს ნაწარმოებები. რაც მთავარია იყო მშობლების დიდი აქტივობა, სწორედ ასეთმა მიდგომამ და დამოკიდებულებამ მაჩვენა, რომ პროექტი უნდა გაგრძელდეს ფესტივალის სახით, სადაც პატარები, მშობლებთან ერთად, ვირტუალური სივრციდან რეალურ სივრცეში ითამაშებენ.
-როდესაც დამიკავშირდა თამარი და გამაცნო იდეა კონკურსის შესახებ, რომელიც პანდემიის პერიოდში იქმნებოდა, ერთის მხრივ წამახალისებელი და შემეცნებითი, მეორეს მხრივ განმავითარებელი, რა თქმა უნდა მომეწონა. ვისაუბრეთ განხორციელების გზებზე, ცოტა გლობალურად განვიხილეთ ეს ყველაფერი, მაგრამ პრაქტიკულად, ასპექტში ჩამოყალიბდა და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, პირველი მაისიდან გამოვაცხადეთ საოჯახო თოჯინების თეატრის კონკურსი. მიღებულ ვიდეოებს ვამუშავებდით, განვიხილავდით და ვტვირთავდით კულტურის ცენტრის ვებგვერდზე. მშობლებისა და ბავშვების ერთობლივი ჩართულობა იმდენად დიდი იყო, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ვისურვებდი, რომ ასეთი პროექტები ყოფილიყო ძალიან ბევრი, მოვუწოდებ სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ბავშვებთან, გავმართოთ ისეთი აქტივობა, რომ ბავშვებს სახლში ყოფნა რაღაცნაირად შევუმსუბუქოთ, მივცეთ საშუალება ფანტაზიისა და უნარის განვითარებისა. რაც შეეხება თამარს, არის კრეატიული, მას აქვს ისეთი იდეები, რომელიც ბევრის მიმცემია ბავშვებისთვის.
ანახომასურიძე, და–ძმასაყვარელიძეებისმშობელი:
-ეს იყო დროული და სწორი გადაწყვეტილება. პირველ რიგში დიდი მადლობა კონკურსის ორგანიზატორს, რომ მისცა ბავშვებს საშუალება განევითარებინათ თავიანთი უნარები, ჩვენს შემთხვევაში, უფროსმა გოგომ დაიწყო თოჯინების კერვა, წინდებითა და სხვადასხვა სახის ქსოვილით, რომლის კეთებაშიც პატარაც დაეხმარა. თოჯინები ჩემს დაუხმარებლად გააკეთეს, უბრალოდ მივეცი მითითება, თუ როგორ მოეწყოთ დეკორაცია. დანარჩენ ყველა დეტალზე, თოჯინიდან დაწყებული, ასოებით დამთავრებული, თვითონ იმუშავეს. მათ წარმოადგინეს საბას „ორი ძმა“. მინდა აღვნიშნო, რომ მსგავს პროექტებში მთავარი გამარჯვება არ არის, აქ მთავარია პროცესში ჩართულობა, განვითარება და უსაზღვრო ფანტაზია. ჩემი ჩართულობა პროექტში ოპერატორის სახით წარმოვაჩინე. მართალია, სრულყოფილ ვიდეომდე ბევრი დუბლი დაგვჭირდა, იყო შრომატევადი პროცესი, მაგრამ სასიამოვნო, თითქმის 4 საათი ვიღებდით. ბავშვები ყოველი ყურების და მოსმენის შემდეგ, დაშვებულ ხარვეზებს ასწორებდნენ. ვფიქრობ გამოგვივიდა.
ელენე საყვარელიძე, პროექტის მონაწილე:
– ეს სფერო ძალიან შრომატევადი ყოფილა, ახლა ვაფასებ მათ შრომას, მაყურებლის როლში ყველაფერი მარტივად ჩანს, მაგრამ რომ გაერკვევი და ჩაწვდები სპეციფიკას, ძალიან რთულია.
ქრისტინე თათრიშვილი, 13 წლის:
-პანდემიის პერიოდში, როდესაც სრულიად შეცვლილ რეალობაში აღმოვჩნდით, ეს პროექტი იყო დროული. კონკურსის გამოცხადებისთანავე გადავწყვიტეთ მიგვეღო მონაწილეობა, 4 და-ძმა აქტიურად ჩავერთეთ, რა თქმა უნდა თამრიკო მასწავლებლის მითითებით, დავდგით სპექტაკლი „ძალა ერთობაშია“. პროცესი ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. ვთვლი, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ბავშვებს შემოქმედებით განვითარებაში. ჩემთან ერთად მონაწილეობდნენ ჩემი და-ძმა, ბელა 11 წლის, დავითი 12 წლის, ნიკოლოზი 9 წლის.
მილანა ჭითანავა, 9 წლის:
-ნაზი დეიდამ გვითხრა, რომ გამოცხადდა კონკურსი, გადავწყვიტეთ თოჯინები დაგვეხატა და ჩრდილების საოჯახო სპექტაკლი ჩაგვეტარებინა. სპექტაკლზე ხუთი დღე ვიმუშავეთ. გავაცოცხლეთ სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი „სოფლის მაშენებლები“. ნაზი დეიდა დაგვეხმარა. ამ კონკურსმა შეგვმატა მეტი გამბედაობა, თავისუფლება. თავიდან სხვა სპექტაკლი გვქონდა მოფიქრებული, მაგრამ მერე ეს გადავწყვიტეთ. ნაზი დეიდამ ანიმაციური ფილმი გვაყურებინა. მოგვეწონა მუსიკა, სიმღერა, მელა, მამალი, ძაღლი. ვიხალისეთ კარგად. ჩვენ ვაპირებთ, როდესაც ნაზი დეიდას შვილიშვილები ჩამოვლენ, ერთად დავდგათ „წითელქუდა“. გვინდა თვითონ გავაცოცხლოთ ზღაპრის გმირები და არა თოჯინებით. ჩემთან ერთად სპექტაკლზე მუშაობდნენ ჩემი ძმა აკაკი (ტიგრან) ჭითანავა 10 წლის და გიორგი ზიბირმა 10 წლის.
პ.ს. კონკურსის მეშვეობით, ბავშვებმა სურვილების და შესაძლებლობების რეალიზება მოახერხეს. ხელებით ნაამბობმა ისტორიებმა, პროექტს საშუალება მისცა, სამომავლოდ ფესტივალის სახით გაგრძელდეს, სადაც პატარები მშობლებთან ერთად, ონლაინგაკვეთილებიდან მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას, ერთმანეთს გაუზიარებენ.
„შენი დახმარება ჩვენი იმედია“ – ამ დევიზის ქვეშ გაერთიანებულმა ახალგაზრდებმა, რამზეს სიცოცხლის გადასარჩენად უპრეცედენტო საქველმოქმედო აქციებს მიმართეს, მანამდე კი შეიმუშავეს გეგმა, დაამზადეს ბანერები, გათვალეს თითოეული დეტალი, შექმნეს სამუშაო ჯგუფები და ქუჩაში ერთი მიზნისთვის გამოვიდნენ, განთავსდნენ სხვადასხვა ლოკაციებზე და კეთილი ადამიანების დახმარებით, რამზეს სამკურნალოდ, სოლიდური თანხაც შეაგროვეს. საქველმოქმედო აქციების ორგანიზება მაგდა ჩიქოვანმა თავის თავზე აიღო, რომელმაც რატევნელი მოზარდები მეგობრის სიცოცხლის გადასარჩენად გააერთიანა.
მანამდე მძიმედ მოსასმენი დიაგნოზი და სასოწარკვეთა იყო…შოკმა, დაბნეულობამ და რაღაც გაურკვეველმა ეიფორიამ დაისადგურა, მაგრამ ახალგაზრდებში ხვალინდელის, მზის და სიცოცხლის იმედმა იმძლავრა და რატევნელი მოზარდები სიცოცხლისთვის ბრძოლის ფერხულში ჩააბა. მიზანი უფროსი მეგობრის გადარჩენაა, მიზნისთვის ბრძოლა კი, დიაგნოზზე არა ნაკლებ თავზარდამცემი თანხის შეგროვებით იწყება. ასაკის მიუხედავად, კარგად გაიაზრეს თანასოფლელის მდგომარეობა და გუნდური მუშაობის პრინციპით, ერთი საქმისთვის ბრძოლა დაიწყეს. მწვავე დიაგნოზის დასმიდან მალევე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გაჩნდა რამდენიმე ლოკაცია, სადაც კეთილი საქმისთვის გაერთიანებული ჩვენი დროის გმირები, რამზეს სიცოცხლისთვის შემოწირულ თითოეულ თეთრს, იმ იმედით იღებენ, რომ ერთობით, თანადგომით და თავდაუზოგავი ბრძოლით, მეგობარს მძიმე სენისგან, აუცილებლად, დაიხსნიან.
ხუმრობით ,,კამიკაძეები“ დაირქვეს და სწორედ ასე დგანან რამზეს გვრდით, ამხნევებენ და სიცოცხლისთვის ბრძოლაში ეხმარებიან, არც დაღლილან და მიუხედავად ბოლნისური ხვატისა, არც სცხელათ, ზიან ცხელ ასფალტზე და ელიან კეთილი ადამიანების გამოწვდილ ხელს, რომელმაც ერთ ლამაზ ახალგაზრდას სიცოცხლე უნდა აჩუქოს.
წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია „პერსონა 2020“ საზეიმოდ 15 ივლისს გაიხსნება. 21 კაციანი ჟიური, ორმოცდაათ წარმატებულ ადამიანს, „პერსონას“ ტიტულს გადასცემს. რეგიონში, მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ექიმ გინეკოლოგს, ცენტრალური საავადმყოფოს ერთ-ერთ დამფუძნებელს, დარეჯან ჩხეტიანს წელს ,,პერსონა 2020“ის ტიტული გადაეცემა. აღნიშნულ წოდებას, განათლების, კულტურის, მედიცინის, ბიზნესისა და სხვა სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლებიც მიიღებენ. ცერემონია 2013 წლიდან იმართება და სფეროს განვითარებისა და ხელშეწყობისთვის, ყოველწლიურად, 50 ადამიანი ჯილდოვდება.
„პროექტი მეშვიდე წელია ტარდება, ჰყავს სპეციალურად შერჩეული 21 კაციანი ბორდი, რომელიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგან არის დაკომპლექტებული, გასულ წლებში, პერსონას ტიტული, მიღებული აქვთ ლეილა აბაშიძეს, მარიკა კვალიაშვილს, თამარ სხირტლაძეს, გიული ჩოხელსა და სხვებს. დარეჯან ჩხეტიანი ბორდის ერთ-ერთმა წევრმა, იურისტმა დავით გელაშვილმა დაასახელა და სხვებმაც სრული მხარდაჭერა გამოხატეს. დარეჯან ჩხეტიანთან ერთად, მედიცინის განვითარების სფეროში შეტანილი წვლილისთვის, „პერსონას 2020“-ის ტიტულს მარინა ეზუგბაია, ლევან რატიანი, ანი ახალაია, კოტე ქავთარაძე და გიორგი ასლამაზაშვილი მიიღებენ“. აღნიშნა გაზეთ ,,ბოლნისთან“ პროექტის იდეის ავტორმა იოსებ კავკავაშვილმა.
ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, საზოგადოებას, მუნიციპალიტეტში მკაცრი კარანტინის პერიოდში გატარებული ღონისძიებების ანგარიში წარუდგინა. ისაუბრა, როგორ ცხოვრობდა მუნიციპალიტეტი საკარანტინო მდგომარეობის რეჟიმში და რამდენად ეფექტურად მოქმედებდა ხელისუფლება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც გადაიდგა კრიზისული სიტუაციის მართვის დროს და მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა თუ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. ანგარიშის წარდგენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრას სამთავრობო, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ წითელ ზონად ბოლნისი 23 მარტს გამოცხადდა, ჩაიკეტა რიგი სოფლები. საკარანტინო რეჟიმი რამდენიმე თვე გაგრძელდა, ამ პერიოდში არაერთი საქველმოქმედო, სოციალური თუ საინფორმაციო სახის აქცია ჩატარდა, უამრავი ადამიანი გაერთიანდა თანამოქალაქეების დასახმარებლად. პანდემიის პერიოდში, მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, მოსახლეობასთან აქტიურ, ყოველდღიურ კომუნიკაციაში იყო მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. წითელ ზონად აღიარებულ რეგიონში, მოწყვლადი კატეგორიის მოქალაქეებისთვის დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობდა სასურსათო პაკეტების გაცემა. ჯამში 14 837 პაკეტი დარიგდა. საბავშვო ბაღების 1278 აღსაზრდელს კი 263 512 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტი დაურიგდა. ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწია 253 მოქალაქეს, ხოლო 230 ადამიანი იქნა უზრუნველყოფაილი მედიკამენტებით, 22 მოქალაქეს დაუფინანსდა მკურნალობა, ხოლო 25 დიაგნოსტიკური კვლევა. გოგი მეშველიანის ინიციატივით, ქრონიკული დაავადების მქონე 230 პირს გადაეცა ინდივიდუალური დაცვის საშუალებები(პირბადე, ხელთათმანი). 83-მა ოჯახმა კი მიიღო ჩვილ ბავშვთა კვება. ასევე საკარანტინო პერიოდში მიმდინარეობდა მიუსაფარი ცხოველების გამოკვება. აქტიურ რეჟიმში, ყოველდღიურად ხორციელდებოდა პისიარ მეთოდით ნიმუშების აღება და თერმოსკრინინგი.
კარანტინის პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები და შეუფერხებლად განაგრძობდნენ მუშაობას ადგილობრივი საწარმოები.
ეპიდემიოლოგიურითვალსაზრისითსაქართველოსმასშტაბითყველაზემეტადდაზიანდაბოლნისისმუნიციპალიტეტი, აქსულ 192 კოვიდინფიცირებულიდაფიქსირდა, სამწუხაროდ 4 გარდაიცვალა, დანარჩენიკიგამოჯანმრთელდა.
რთული გამოწვევის წარმატებით დაძლევის შემდეგ, როგორც მთელი ქვეყანა, ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტიც ნელ-ნელა ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება.
გორის დილას 24 წლის მცველი გურამ გიორბელიძე კარიერას ავსტრიულ ვოლფსბერგში გააგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული გამოცემები ავრცელებენ და წერენ, რომ მხარეებს შორის 2+1-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდება. გურამ გიორბელიძე ვოლფსბერგს აგვისტოდან შეუერთდება.
ვოლფსბერგი ავსტრიული ბუნდესლიგის 2019/20 წლების სეზონში მე-3 პოზიციაზე გავიდა და ევროტურნირებზე ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან ჩაერთვება.
გურამ გიორბელიძემ დილას მაისურით 2020 წელს მხოლოდ ორჯერ ითამაშა, წასვლამდე კი გორელთა რიგებში თამაშს კიდევ 3 შეხვედრაში მოასწრებს.
დაბაში მოსახლეობის მოთხოვნა რეალობად იქცა, მრავალი წლის მანძილზე უფუნქციო ლიფტის შახტები დღეს გამართულად მუშაობს, ნაირა ბასილაშვილი ცხრა სართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე ცხოვრობს და ლიფტით სარგებლობა დღეში რამდენჯერმე უწევს, გახარებულია რომ მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა მოგვარდა, მის მსგავსად პრობლემა სამოცდარვავე სადარბაზოს მაცხოვრებლებს მოეხსნათ. 2015 წელს, იმდროინდელი გამგებლის, გოგი მეშველიანის ინიციატივით, დაბა კაზრეთში არსებული ლიფტის შახტების რეაბილიტაციის პროექტის შეძენა მოხდა, 2016 წელს კი ლიფტების დამონტაჟების პროცესი დაიწყო. სამუშაოები ეტაპობრივად, სამი წლის მანძილზე განხორციელდა. 68 შახტიდან 64 რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა ღირებულებით 3 500 000 ლარი, ოთხი შახტა კი კომპანია ,,არემჯიმ’’ აღადგინა.
მოსახლეობას დაბაში კომპანია ,,არემჯისთან“ მისასვლელი დაზიანებული გზის და სატვირთო მანქანების შედეგად წარმოქმნილი მტვერიც აღარ აწუხებთ. დაბაში აღნიშნული პრობლემა ადგილობრივებს მრავალი წლის განმავლობაში აწუხებდათ, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კილომეტრსა და 100 მეტრის მონაკვეთზე მოეწყო ბეტონის საფარი ტროტუარებითა და სანიაღვრეებით საერთო ღირებულებით 700 000 ლარი. კომპანიამდე მისასვლელი დარჩენილი საავტომობილო გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ,,არემჯიმ“ განახორციელა.
დაბაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ამ ეტაპზეც აქტიურად გრძელდება, მოსახლეობა პრიორიტეტებს თავად ირჩევს. უკვე დასრულდა დაბაში დასახლებამდე მისასვლელი გზის მშენებლობა, სამი კორპუსის მიმდებარედ კი უახლოეს მომავალში დასრულდება ასფალტის საფარისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობა. უკვე დაგეგმილია დაბა კაზრეთში მოძველებული სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის პროექტის შეძენა.