საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ, გენერალ-მაიორ, კობა კობალაძესთან ერთად ბოლნისში ვეტერანებს შეხვდა. შეხვედრაზე, მოისმინეს დამსწრეთა საჭიროებები და გააცნეს თუ რა შეღავათებს სთავაზობს სახელმწიფო ვეტერანებს. ხელისუფლების წარმომადგენლები და ვეტერანები შეთანხმდნენ, რომ უმოკლეს ვადებში კვლავ შეიკრიბებიან, სადაც უკვე ვეტერანების სახელმწიფო სამსახური წარმოადგენს პრეზენტაციას განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლოდ დაგეგმილი პროგრამების შესახებ. „ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ადამიანების ღვაწლი შეუფასებელია. პარლამენტი მთავრობასთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობით მუდმივად ვმუშაობთ კანონის დახვეწაზე.“ – განაცხადა გოგი მეშველიანმა
კამპანიას ,,დავასუფთავოთ მსოფლიო’’ ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა
საერთაშორისო კამპანიას ,, დავასუფთავოთ მსოფლიო,’’ საქართველო სამდღიანი კამპანიით აღნიშნავს, პროექტს ,,დავიცვათ საქართველოს სისუფთავე ‘’ ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. მერიისა და კომუნალური მეურნეობის სამსახურის თანამშრომლებმა ნარჩენებისგან დაბა თამარისის ტერიტორია გაწმინდეს, აქციაში ადგილობრივი ახალგაზრდებიც ჩაერთვნენ. მიუხედავად იმისა, რომ დაბის ტერიტორიაზე განთავსებულია ურნები, ხშირია სპონტანურად შექმნილი ნაგავსაყრელები, სწორედ აღნიშნული კამპანიის მიზანია მსოფლიო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება.
საერთაშორისო კამპანია ,,დავასუფთაოთ მსოფლიო’’ 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ინიციატივით დაფუძნდა და მასში 130-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. საქართველოში დასუფთავების აქცია ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“მხარდაჭერით ტარდება.
ბოლნისში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიული რეზერვის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია ტერიტორიულ რეზერვში მოქალაქეების მიღებას აგრძელებს, ამ მიზნით საინფორმაციო შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში მოეწყო. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა აქტიური რეზერვის მნიშვნელობასა და პროექტის შესახებ ისაუბრეს. პროგრამაში ჩარიცხულ რეზერვისტებს, რომელიც ოთხწლიან ანაზღაურებად საკონტრაქტო სამსახურს გულისხმობს, უნარჩუნდებათ სამუშაო ადგილი და საერთო სტაჟში ეთვლებათ. საბრძოლო მომზადება, რომელიც ქვემო ქართლში კრწანისის ტერიტორიაზე გაიმართება, წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი და 12 თვეზე ნაწილდება. პროგრამაში ჩართვა 18-დან 51 წლამდე მოქალაქეს და 18-დან 22 წლამდე სტუდენტს შეუძლია, ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხული მოქალაქის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარის შეადგენს. შეხვედრა პროექტის პოპულარიზაციას ეხებოდა , რადგან ამ ეტაპზე ტერიტორიულ რეზერვში მსურველთა რეგისტრაცია ქვემო ქართლის რეგიონში ხორციელდება.
რეზერვში ჩარიცხვის მსურველებს შეუძლიათ გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია ვებ გვერდზე-
onlinebct.mod.gov.ge
56 გარდაცვლილი და 2 039 ახალი შემთხვევა – 17 სექტემბრის კოვიდსტატისტიკა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 039 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 56 ადამიანი.
დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 2 192 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
„არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, დასკვნითი სამუშაოებს გერმანული კომპანია Cerafiltec განახორციელებს
„არემჯიში“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც გერმანული კომპანია Cerafiltec-ის (სერაფილტეკი) ინჟინრები ახორციელებენ.
პროექტის დასკვნითი ეტაპი, უცხოელი სპეციალისტების მიერ „არემჯი კოპერის“ და „არემჯი გოლდის“ ორ ლოკაციაზე თანამედროვე, წყლის ქიმიური გამწმენდი ნაგებობების მონტაჟს და მათ ექსპლუატაციაში გაშვებას ითვალისწინებს. ქიმიური გამწმენდი ნაგებობის ამუშავების შედეგად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოხდება საწარმოო წყლების სრული გაწმენდა და მათი შემდგომი ჩაშვება მდ.კაზრეთულასა და მდ. მაშავერაში, რაც სრულად გამორიცხავს მდინარეების დაბინძურებას.
„Cerafiltec გერმანული ბრენდია, რომელიც საარლენდის უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს და კერამიკული მემბრანის ფილტრებს აწარმოებს. აღნიშნულ ფილტრებს აქვს ძალიან პატარა ფორები, ამიტომ მასში ვერ აღწევს უმცირესი ბაქტერიაც კი. ჩვენს მიერ დამზადებული ფილტრები იდეალურია წყლისგან მძიმე მეტალების მოსაშორებლად. ჩვენს მიერ „არემჯის“ ორ ლოკაციაზე დამოტაჟებული ქიმიური გამწმენდი ნაგებობის მუშაობის დასკვნითი ეტაპი ფილტრაციაა, რის შედეგადაც წყალს სცილდება ყველა სახის მეტალები. საბოლოოდ ვიღებთ სუფთა, გაფილტრულ წყალს, რომელიც შემდგომში ჩაედინება მდინარეში.“ – განაცხადა Cerafiltec-ის დამფუძნებელმა მარტინ კაშეკმა.
უახლოეს მომავალში, წყალდაცვითი ღონისძიებების ფარგლებში, მსგავსი ტიპის ქიმიური გამწმენდი ნაგებობა დამონტაჟდება №4 ფუჭი ქანების სანაყაროს ძირში, რაც დამატებით უზრუნველყოფს მდ. ფოლადაურის დაცვას.
2018 წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწერილობის საფუძველზე, „არემჯიმ“ შეიმუშავა გარემოსდაცვითი პროგრამა, რომელიც კომპანიის სალიცენზიო ტერიტორიაზე საწარმოო პროცესების ზემოქმედების შემცირებისა და მათი მაქსიმალურად შერბილების მიზნით, სხვადასხვა გარემოსდაცვითი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას გულისხმობს.
წყალდაცვითი ღონისძიებების დასკვნითი ეტაპის დასრულებით (რაც გულისხმობს ზემოთ მოყვანილი წყლის გამწმენდი ნაგებობების ესპლუატაციაში გაშვებას) შესრულებული იქნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 – 2018 წლებში გაცემული მიწერილობის ყველა პირობა.
„არემჯიმ“ ამ დროისთვის გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, 98 შემარბილებელი ღონისძიება განახორციელა, რომელთა უმეტესი ნაწილი წყლის, ჰაერის და ნიადაგის ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. გარემოსდაცვითი პროგრამის შესრულებაზე განხორციელებულმა ინვესტიციამ 30 000 000 ₾ შეადგინა.
გოგი მეშველიანი ,,TV პირველზე” გასულ სიუჟეტს ეხმაურება
,,მინდა გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში ჩემს ირგვლივ წამოწყებულ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც მიმართულია ჩემი და ჩემი გუნდის დისკრედიტაციისთვის, რითაც სურთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგს ჩრდილი მიაყენონ და ამომრჩევლის კეთილი ნება ეჭვქვეშ დააყენონ.
ჩვენი ოპონენტების მხრიდან არაერთხელ გავმხდარვართ მსგავსი აბსურდული ბრალდებების მომსწრე თუმცა, ამჯერად, ეს ყველაფერი აქციეს ტრაგედიად და სცენაზე ჩემი ძმა გამოიყვანეს, რაც დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი ოჯახისა, თუ ადამიანისთვის დიდი ტკივილია.
მავანთ სურთ, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მსგავსი სიბინძურის ტირაჟირებით დაიწერონ პოლიტიკური ქულები, თუმცა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მსგავსი ცილისმწამებლური კამპანიით ვერ შეძლებენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
ალბათ, რომ არა, ამ თემით ერთერთი პარტიული ტელევიზიის დაინტერესება და ტრადიციულად არასიღრმისეული, გულგრილი, მიკერძოებული გაშუქება, კვლავ დუმილს შევინარჩუნებდი, მაგრამ მინდა საზოგადოებამ იცოდეს ჩემი პოზიცია ატეხილი აჟიოტაჟის მიმართ.
მთელ ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე რთული და საჩოთორო მომენტი გახლავთ, ის, რომ ჩემი ოჯახის წევრი ასე გამოხატავს ჩემდამი რაღაცით უკმაყოფილებას. სწორედ ეს არის ჩემთვის დიდი ადამიანური ტრაგედია და სირცხვილი ჩემი ოჯახისთვის. ხოლო დანარჩენი ყველაფერი არის საპნის ბუშტი.
მიუხედავად ყველაფრისა მე არ მივცემ თავს უფლებას საკუთარ ოჯახის წევრზე რამე ვთქვა, მხოლოდ უფალს ვთხოვ, შეუნდოს!
აქვე ,მინდა მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებსაც უპირობოდ სჯერათ ჩემი , რომლებმაც არაერთხელ გამოხატეს ჩემდამი კეთილგანწყობა და მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ძალიან ბევრია. სწორედ, რომ ადამიანების ჩემდამი დამოკიდებულება მაძლიერებს და არასდროს მივცემ თავს უფლებას დავეცე. ვერანაირი ძალა ვერ შეძლებს ჩვენსა და საზოგადოებას შორის მრავალწლიანი ნდობის ხიდის ჩატეხვას,” ნათქვამია გოგი მეშველიანის განცხადებაში.
2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები დასახელდნენ
2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები არიან:
სოფო ბაჩილავა,
ლამარა ბოლქვაძე,
გიტა თვალაბეიშვილი,
ხათუნა რაზმაძე,
აზა ხანგოშვილი.
მოსალოდნელია თუ არა კორონავირუსის ახალი ტალღა საქართველოში?
მოსალოდნელია თუ არა კორონავირუსის ახალი ტალღა საქართველოში? – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ კოვიდის მომდევნო ტალღის მოლოდინი გლობალურად ყველა ქვეყანას აქვს. მისი თქმით, მაქსიმალურად უნდა ავირიდოთ ახალი ტალღის ისეთი სისწრაფით გავრცელება, როგორიც გასული მეოთხე ტალღის პერიოდში გვქონდა:
“ის რეგულაციები, რომელიც დაწესებულია, კიდევ დიდხანს დაგვჭირდება და ამის ალტერნატივა არ არის. მნიშვნელოვანია სწრაფი ვაქცინაცია, რადგან ამ პირობებში არავაქცინირებული ადამიანი გახდება ძლიერი დარტყმის პირველი სამიზნე. ამიტომ, მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მცირე დარჩეს არავაქცინირებული ჯგუფი. ამასთანავე, მზაობა მიმდინარეობს ჯანდაცვის სექტორის განვითარების კუთხით, მიმდინარეობს რამდენიმე მედიკამენტზე მუშაობა. კიდევ ერთი გადაწყვეტა ამ პრობლემების იქნება ახალი მედიკამენტური მარაგი ჩვენს საზოგადოებასაც ჰქონდეს და ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
კორონავირუსით ინფიცირებული რომელი პაციენტი საჭიროებს დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას
„პირველ რიგში, ეს არიან ის ადამიანები, რომელთაც სუნთქვის უკმარისობა აქვთ. მოგეხსენებათ, კორონავირუსული ინფექცია პირველ რიგში ყველაზე მეტად აზიანებს ფილტვებსა და სასუნთქ გზებს, ამდენად, ყველაზე ხშირი სიმპტომები სუნთქვასთან დაკავშირებულია. სუნთქვის უკმარისობა კლინიკებში სხვადასხვაგვარად ფასდება. სახლის პირობებში ასეა შესაძლებელი: თუ პაციენტს აქვს გაძნელებული სუნთქვა, ქოშინი, ადვილად იღლება, ცხვირ-ტუჩის გარშემო სილურჯე აღენიშნება, ასევე თუ ოჯახში გვაქვს პულსოქსიმეტრი და ჩვენ განვსაზღვრავთ სატურაციას და ვნახავთ, რომ 90-ზე დაბალია, აი, ეს მაჩვენებლები უკვე არის საგანგაშო და ასეთი პაციენტები ჰოსპიტალში გადაყვანას საჭიროებენ.ამასთან, თუ ადამიანს აქვს შეუპოვარი ცხელება, რომელიც სიცხის დამწევ საშუალებებს არ ემორჩილება და ეს ცხელება ძლიერ სისუსტეს იწვევს. აქვს ძილიანობა, განსაკუთრებით აქტუალურია ეს სიმპტომები ბავშვებში. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ბავშვი იყოს სამედიცინო დაწესებულებაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.ასევე, ის პაციენტები, რომელთაც ქრონიკული დაავადება აღენიშნებათ და კოვიდის მართვა ბინაზე შეუძლებელია. ძირითადად, ასეთი პაციენტები უნდა იყვნენ გადაყვანილი საავადმყოფოებში“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა
მთავრობამ, ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა.„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ მიზანია საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის, კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის გაზრდა, სტრატეგიული და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.პროგრამას განახორციელებს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით. ღვინის ეროვნული სააგენტო, მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას მხოლოდ იმ კომპანიებისთვის განახორციელებს, რომლებიც ექსპორტს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებენ. პროგრამით განსაზღვრული მხარდაჭერა ქსელურ სავაჭრო ობიექტებში შესვლის მიზნით განხორციელებულ სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებს, სავაჭრო ქსელებსა და ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში გაყიდვების სტიმულირების ღონისძიებებს, დეგუსტაციებს, გაყიდვების ზრდისკენ მიმართულ მედია კამპანიებს, გაყიდვების ონლაინ პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებში რეკლამირებას მოიცავს.