პარასკევი, აგვისტო 15, 2025
spot_img
Home Blog

„ხაზებს მიღმა — გიგა ტატუაშვილის სიჩუმის ენა“

0

ხაზებს მიღმაგიგა ტატუაშვილის სიჩუმის ენა

გიგა ტატუაშვილი არის ახალგაზრდა ხელოვანი კაზრეთიდან.  გიგას შავ-თეთრი ნახატები მეტყველებს იმაზე, რისი სიტყვებით გადმოცემაც რთულია. მისთვის ხატვა არ არის მხოლოდ ფორმების, ან ფერების თამაში — ეს არის განცდის, ემოციისა და სიჩუმეში დაგროვილი ფიქრების გადმოტანა ქაღალდზე. ტუშით შესრულებული დეტალური ნამუშევრებით გიგა ქმნის მყუდრო, თუმცა მძლავრ სივრცეს, სადაც ხაზები საკუთარ ენაზე ლაპარაკობენ. გიგა გვესაუბრება იმ გზაზე, რომელმაც ბავშვობის ინტერესიდან, დღევანდელ შემოქმედებამდე მოიყვანა, საკუთარ სტილზე, შთაგონებაზე და ოჯახში ხელოვნების განსაკუთრებულ ადგილზე.

იგა, მოგესალმებით, სანამ  ნახატებზე გადავალთ, გვითხარი ცოტა შენ შესახებვინ არის გიგა ტატუაშვილი, როგორ მოხვდი ხელოვნებაში?

-გამარჯობა, მე ვარ გიგა ტატუაშვილი,  24 წლის. დავიბადე და გავიზარდე კაზრეთში. დავამთავრე კაზრეთის 1-ლი  საჯარო სკოლა. ვარ დაოჯახებული -მყავს მეუღლე და ერთი ულამაზესი გოგონა, ორივე მათგანი ძალიან მიყვარს.  რაც შეეხება ხელოვნებას, ბავშვობიდანვე ვხატავდი. სკოლის დროს დავდიოდი წრეებზე, მაგრამ მალევე გამოვდიოდი. მოგეხსენებათ, ბავშვებს სხვადასხვა მისწრაფებები აქვთ და ყოველთვის სურთ “ახალი ხილის“ გასინჯვა.  ხელოვნებას თავი მალევე დავანებე და მე-11 მე-12 კლასში, უკვე პოეზია მიზიდავდა, ვკითხულობდი ლექსებს, სკოლის არა ერთ  პოეზიის საღამოზე მიმიღია მონაწილეობა. ასევე კაზრეთის კულტურის სახლის ღონისძიებებზე, მაგრამ ამისდა მიუხედავად, ხატვა და ხელოვნება ჩემში იყო, სკოლის დამთავრების შემდეგ, დავუბრუნდი ისევ ხელოვნებას და მოგეხსენებათ, ხელოვანების გამონათქვამი – „როდესაც მუზა გეწვევა, მაშინ უნდა დახატოო“- ასე ვიყავი,  ასე ვარ ამჟამადაც.

როდის დაიწყე ხატვა და როდის მიხვდი, რომ ეს უბრალო გატაცება არ იყო?

-პირველად დავიწყე სკოლის პერიოდში. სკოლა რომ დავამთავრე,  მივხვდი, რომ ეს უფრო მეტია ჩემთვის, ვიდრე უბრალოდ ნახატი, ან ხატვა.

ტუშით ხატვა  სპეციფიკური სტილია. როგორ აღმოაჩინე ეს ტექნიკა და რატომ მაინცდამაინც ტუში?

-ტუშით ხატვას რაც შეეხება, მიზიდავდა სხვადასხვა ნამუშევარი, როგორიცაა ტატუ და მინდოდა მეც  მსგავს სტილში დამეხატა.  სიმართლე გითხრათ, თავიდან  კარგად არ გამომდიოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, ხელიც გაიწაფა და ჩემი შემოქმედებაც უფრო დაიხვეწა.

რას ეძებ შენს ნახატებშივიზუალურ გამომსახველობას, სიუჟეტს, სიმბოლიკას თუ ემოციურ ტონალობას?

-ჩემს ნახატებში  დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სიზუსტეს და სილამაზეს, ამასთანავე ხასიათს – თუ რა ხასიათისაა ნახატი. ვცდილობ, რომ ისეთი ნახატი დავხატო, რომელიც იმ წამს ჩემს ხასიათს შეეფერება. ამიტომ, მოკლედ რომ ვთქვათ, ემოციურ ტონალობას .

როგორ იბადება შენს ტილოზე ჩანაფიქრიჯერ იდეა გაქვს თუ ხაზს მიჰყავხარ იდეისკენ?

-წარმოდგენის უნარს. წარმოვიდგენ და ამის შემდეგ ხაზებს ვანდობ ხელს და გამოდის ის, რასაც თქვენ ამ ეტაპისთვის ხედავთ.

შენი ნახატები ხშირად შავთეთრია. როგორ ფიქრობ, რა ძალა აქვს  ფერების შეზღუდვასმარტივებს თუ მეტ კონცენტრაციას მოითხოვს?

-ჩემი აზრით, უფრო მეტს მოითხოვს, რადგან შავ-თეთრში უფრო რთულია დახატვა და ნახატის შექმნა, რადგან ერთი არასწორი ხაზი, აფუჭებს მთელ ნაშრომს.

გაქვს თუ არა საყვარელი თემა ან მოტივი, რაც პერიოდულად გიბრუნდება?

-კი , რა თქმა უნდა, მაქვს. ძალიან მომწონს ცხოველების ხატვა,  ნადირობის სცენები და ასე შემდეგ. ყველაზე მეტად ცხოველების დახატვა მსიამოვნებს, არ ვიცი რატომ, მაგრამ  ვფიქრობ, რომ ყველანაირად გადმოვცემ ჩემს აზრსა და  სიყვარულს მათდამი.

რას ნიშნავს შენთვის სიჩუმე, წვრილი ხაზები და დეტალიზაციამხოლოდ ფორმა  თუ განწყობა, რომელსაც გადმოსცემ?

-ჩემთვის სიჩუმე უფრო სიღრმეში შესვლას და მეტის გაგებას ნიშნავს. ვცდილობ,  ის განწყობა და ის ენერგია გადმოვცე, რასაც ვგრძნობ.

როგორ ურთიერთობ შენს ნამუშევრებთან წლების შემდეგ, იცვლება თუ არა მათ მიმართ დამოკიდებულება?

-რა თქმა უნდა, იცვლება, რადგან დროთა განმავლობაში ძალიან მომწონს, ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ეს მე დავხატე თუ არა-მეთქი, მაგრამ როდესაც ვუფიქრდები, შემიძლია მეტი გავაკეთო და ვცდილობ კიდეც.

– თქვენი მეუღლეც ხატავ, თუმცა სრულიად განსხვავებულ ტექნიკით, ყოფილა შემთხვევა, როცა ერთმანეთის ნამუშევარმა გაგაკვირვათ, ან რამე ახლებურად დაგანახათ?

-რა თქმა უნდა, იყო ერთი ასეთი ნამუშევარი, ჩემი მეუღლის ინოგრავიურაზე ნამუშევარი, რომელმაც ძალიან გამაკვირვა, რადგან მანამდე მსგავს ხელოვნებასთან შეხება არ მქონია.

რამდენად საუბრობთ ხატვაზე ყოველდღიურობაში? ზიარებთ ერთმანეთს დეტალებსა და მოსაზრებებს, თუ დამთვალიერებლად რჩებით ერთმანეთისათვის?

-ყოველდღიურობაში იშვიათად ვსაუბრობთ და რაც შეეხება დეტალებსა და მოსაზრებებს, რა თქმა უნდა, ვუზიარებთ ერთმანეთს და რჩევებსაც ვაძლევთ.

-ყოფილა ისეთი იდეა, რაც  ერთ-ერთი თქვენგანისგან წამოსულა და მეორემ განავითარათუნდაც, ვიზუალურად არ გამოხატულიყო, მაგრამ ფიქრის დონეზე?

-რა თქმა უნდა, გვქონია ასეთი შემთხვევა, ხატვის დროს მეუღლემ მომაწოდა უკეთესი იდეა და მართალიც იყო, ძალიან ლამაზი  გამოვიდა და ძალიან მოუხდა იმ კონკრეტულ ნამუშევარს.

სამომავლოდ გიფიქრიათ ერთ სივრცეში გამოფენა — „ორი ხედვა, ერთი ოჯახისსტილში?

-სიმართლე  გითხრათ, ამასთან დაკავშირებით არ გვიფიქრია, მაგრამ ძალიან კარგი იდეა მოგვაწოდეთ  და შეიძლება ამ იდეის განხორციელება.

-და ბოლოს, თქვენს ნამუშევრებს რომ აღწერდეთ ერთ ფრაზად, ან სიმბოლოდ, რაც არა მარტო სტილს, არამედ თქვენ შორის არსებულ კავშირს ასახავსრა იქნებოდა ეს?

-მოკლედ ღვწერდი ამ ყველაფერს და დავარქმევდი “სიჩუმეს “, რადგან ძალიან ბევრი აზრი და ბევრი ფქრია სიჩუმის დროს, ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს ეს ნამუშევრები და ვცდილობ,   უკეთესები  შევქმნა, რომ საზოგადოებამ არა მარტო ეს ნახატები, არამედ ბევრად კარგი და განსხვავებული ნამუშევრები იხილოს.

მარიამ ონიანი

ტერიტორიული მთლიანობისთვის  დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

0

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 17 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით ბოლნისის  მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბუბა გობეჯიშვილმა, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან იროდი უგრეხელიძესთან ერთად, ტერიტორიული მთლიანობისთვის  დაღუპული მებრძოლების: ასლან შაინიძის, ნოდარ დევნოზაშვილის და საბა დადვანის საფლავები გვირგვინით შეამკო  და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების საფლავებს სამხედრო პატივი მიაგეს სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების მუნიციპალური განყოფილების ხელმძღვანელმა პირებმა და მარნეულის სამხედრო ბაზის წარმომადგენლებმა.

2008 წლის 5 დღიანმა ომმა საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქის, სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომის შედეგად რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%.

ახალი პროექტი საჯარო სკოლებისთვის

0

განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, პირველად მასწავლებლებისთვის STEAM ბანაკი ხორციელდება, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მოქმედი პედაგოგები. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, პროგრამის „STEAM განათლება‘‘ ფარგლებში, მასწავლებლებისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე STEAM ბანაკი ხორციელდება, რომლის მიზანია, საჯარო სკოლებში საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი მიმართულებების გაძლიერება.  

        ბოლო წლებში განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა STEAM-პედაგოგიკამ, რომელიც აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიებს, ინჟინერიას, ხელოვნებას და მათემატიკას, ეს ინოვაციური მიდგომა ეხმარება მოსწავლეებს, გაიაზრონ ურთიერთკავშირები სხვადასხვა დისციპლინებს შორის, განივითარონ კრიტიკული აზროვნება, გუნდური მუშაობის უნარი და პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტის შესაძლებლობა.

     მომავალი საზოგადოება საჭიროებს ახალ თაობას, რომელიც არამარტო აკადემიური ცოდნით იქნება აღჭურვილი, არამედ მოქნილი აზროვნებით, ტექნოლოგიური უნარითა და პრაქტიკული, ინოვაციური მიდგომებით. სწორედ ამას ემსახურება STEAM-განათლება და სწორედ ამიტომ მისი ინტეგრაცია ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

  STEAM ბანაკი ორ ნაკადად ქალაქ ქუთაისში, სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდა, თითოეულ ნაკადში მონაწილეობას 100 პედაგოგი იღებდა. ბანაკში მონაწილე მასწავლებლებთან, მათი მხარდაჭერის მიზნით, სამუშაო შეხვედრები პერმანენტულად გაგრძელდება. ბანაკის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრებზე, აქცენტი გაკეთდა STEAM მიმართულებით დავალებების შემუშავებასა და STEAM საგნების  ინტეგრირებულ სწავლებაზე. პროგრამის „STEAM განათლება‘‘ ფარგლებში, ჯამში 838 მასწავლებელი დარეგისტრირდა. ტესტირების საფუძველზე შეირჩა საუკეთესო შედეგის მქონე 200 მასწავლებელი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კლუბის ლიდერებისთვის დაგეგმილ ერთკვირიან STEAM ბანაკში. STEAM ბანაკის მეორე ნაკადის მონაწილეებს შორის იყვნენ პედაგოგები ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან.

2025-2026 სასწავლო წლიდან, შერჩეული ლიდერები საკუთარ დამსაქმებელ სკოლებში დააფუძნებენ STEAM კლუბებს. წლის განმავლობაში ჩატარდება რეგულარული სამუშაო შეხვედრები ლიდერებთან, როგორც დისტანციურ, ისე პირისპირ ფორმატში. ამასთან, ისინი შექმნიან საგანმანათლებლო და ინოვაციურ პროექტებს და მიღებულ პრაქტიკას სასკოლო კლუბებში დანერგავენ.

მედეა ჯაფარიძე, დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი:

  –  ჩემი, როგორც პედაგოგის, ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიული გამოცდილება უკავშირდება მონაწილეობას მასშტაბურ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს  STEAM-განათლების გაღრმავებას საქართველოს სკოლებში. ონლაინ თეორიული კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 200 პედაგოგთან ერთად გავხდი მონაწილე STEAM-ბანაკისა, რომელიც მოეწყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ბანაკი ხუთი დღის განმავლობაში გვთავაზობდა ინტენსიურ, მრავალფეროვან და პრაქტიკაზე დაფუძნებულ სამუშაო პროცესს. ამ დღეების განმავლობაში ჩვენ გავეცანით თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებს, შევისწავლეთ STEAM-პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების მეთოდოლოგია, ვმუშაობდით როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად და ვიზიარებდით ერთმანეთის გამოცდილებას. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო პრაქტიკული საქმიანობები, რომლებშიც საინჟინრო აზროვნების, ტექნოლოგიური საშუალებებისა და შემოქმედების სინთეზით ვქმნიდით ინტერაქციულ პროექტებს — ისეთებს, რომელთაც მარტივად შეიძლება ჰქონდეთ გაგრძელება სკოლებში მოსწავლეებთან ერთად მუშაობისას.

STEAM-ბანაკმა არა მხოლოდ გაგვიმყარა თეორიული ცოდნა, არამედ დაგვანახა, როგორ შეიძლება პედაგოგები გახდნენ ახალი განათლების ტალღის მატარებლები — ინოვაციის, თანამშრომლობისა და შემოქმედების მშენებლების აღმზრდელები. გულწრფელად მჯერა, რომ STEAM-პედაგოგიკა არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული გზა მოსწავლეთა მოტივაციის, უნარების და ცოდნის ჰოლისტური განვითარებისათვის. იმედი მაქვს, რომ STEAM-სწავლება ფართოდ მოედება საქართველოს ყველა სკოლას და  წაგვიყვანს უკეთესი განათლების სისტემისკენ. ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია — ქვეყანაში შეიქმნება განათლების სივრცე, რომელიც ბავშვებს  ეუბნება: „გამოსცადე, შექმენი და დაინახე შენი ცოდნის ძალა“.

პედაგოგების მონაწილეობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში  გამართულ STEAM-ბანაკში არ იყო მხოლოდ ერთჯერადი ტრენინგი — ეს იყო ნაწილი უფრო ფართომასშტაბიანი და შორსმიმავალი საგანმანათლებლო პროექტისა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სკოლის განათლების გარდაქმნას. მისი ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა სკოლებში STEAM-კლუბების შექმნა, რაც გულისხმობს სპეციალური სივრცეების გამოყოფას, სადაც მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა იმუშაონ შემოქმედებითად, დამოუკიდებლად და გუნდურად. კლუბებში დაგეგმილი იქნება სხვადასხვა სახის აქტივობა — კვლევითი პროექტები, ექსპერიმენტები, რობოტიკის და პროგრამირების შესწავლა, ტექნოლოგიური მოდელირება, ხელოვნების ინტეგრირება საბუნებისმეტყველო დისციპლინებთან და მრავალი სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს არა მხოლოდ კლუბების ჩამოყალიბებას, არამედ მათ ინვენტარით აღჭურვას. სკოლებს გადაეცემათ სპეციალური ტექნიკური და საგანმანათლებლო საშუალებები, რესურსები, რაც აუცილებელია შემოქმედებითი და პრაქტიკული სწავლისთვის. ამ ყველაფრის მიზანია, ბავშვებს ჰქონდეთ რეალური შესაძლებლობა, აითვისონ 21-ე საუკუნის უნარები არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკული მუშაობის გზით. STEAM-კლუბი  იქნება ადგილი, სადაც სწავლება გარდაიქმნება თამაშად, კვლევად და აღმოჩენად. აქ მოსწავლეები ისწავლიან პასუხისმგებლობას, გუნდურობას, პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტას და იმას, თუ როგორ შეიძლება შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ  საკუთარი იდეებით. პედაგოგებისთვის კი ეს არის შანსი გახდნენ ინოვატორები საკუთარ სკოლაში, მოსწავლეებისთვის — შესაძლებლობა, დაინახონ თავიანთი პოტენციალი ახალ ჭრილში, ხოლო სკოლებისთვის — გზავნილი, რომ სწავლა შეიძლება იყოს თანამედროვე, მიზნობრივი და შთამაგონებელი.

„აღნიშნულმა პროგრამამ გამოიწვია დიდი ინტერესი და მსურველების რაოდენობამ გადააჭარბა ყველა მოლოდინს. მე მერგო პატივი მოვხვედრილიყავი იმ 200 მასწავლებელს შორის  ვინც გახდა ლიდერი მასწავლებლების ბანაკის მონაწილე.

ძალიან ნაყოფიერი და დატვირთული 5 დღე გავატარეთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სადაც ჩატარდა უამრავი აქტივობა და შეხვედრა. ამ შეხვედრების დროს შევეხეთ STEAM კლუბის მართვის პრაქტიკულ საკითხებს და უსაფრთხოების სტანდარტებს. გაკეთდა აქცენტი ინტეგრირებულ სწავლებაზე.  ბანაკში გავიცანი ძალიან საინტერესო, თავისი საქმის პროფესიონალები. მომავალში ვგეგმავთ ჩამოვაყალიბოთ პროფესიული ქსელი და ყოველკვირეულ სამუშაო შეხვედრებზე გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და შევქმნათ მოსწავლეებთან ერთად ინოვაციური პროექტები.

კაზრეთის №2 საჯარო სკოლა მიიღებს ყველა საჭირო რესურსს და აღჭურვას STEAM ლაბორატორიისთვის. აღნიშნული რესურსი დაეხმარება მოსწავლეებს განავითარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და მათემატიკური მიმართულებებით.

ერთ-ერთ შეხვედრაზე, ბანაკში ყოფნის დროს გავიცანი ახალგაზრდები, რომლებმაც წელს გაიმარჯვეს „STEAM განათლების ლეონარდო დავინჩის“ კონკურსში და ჯილდოს სახით მიიღეს უფლება წარადგინონ თავისი პროექტი NASSA-ს კონფერენციაზე.

ალბათ მიხვდით რა მოტივაცია მივიღე.  მინდა, რომ ჩემი მოსწავლეები ვიხილო ამ უდიდესი მისიით წასულები NASSA-ს ცენტრში, მაგრამ ჯერ ბევრი საინტერესო მუშაობა გველის წინ და ვფიქრობ 2025-2026 სასწავლო წელი, ჩემი სკოლის მოსწავლეებისთვის იქნება ინოვაციური, შემოქმედებითი და პრაქტიკული აქტივობებით სავსე.

დიდი მადლობა ყველას, ვინც დაგეგმა და განახორციელა აღნიშნული პროექტი. განსაკუთრებული მადლობა ბატონ უტა კილასონიას, ქალბატონ მარეხ მაზანაშვილს და ქალბატონ ნინო ცანდიშვილს. ყველას დიდი წარმატებები მინდა ვუსურვო“.-აღნიშნა დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგმა ნანა ჯავახიშვილმა.

ოქროსფერი ღვინის ქალაქი, სადაც გემო კულტურას ერთვის

0

ოქროსფერი ღვინის ქალაქად წოდებულ ბოლნისში 29- 31 ივლისს  უნიკალური, სამდღიანი გასტრონომიული ღონისძიება გაიმართა. პროექტის ინიციატორია გაერთიანება ,,ღვინო ბოლნისის“ დამფუძნებელი გურამ ავქოფაშვილი, რომლის მიზანიც ადგილობრივი პროდუქტებისა და ღვინის კულტურის განვითარებაა.

ღონისძიება აერთიანებდა ადგილობრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებულ ახალ კერძებს, ღვინისა და მომსახურების თანამედროვე სტანდარტებს, სადაც მონაწილეობდნენ ადგილობრივი მეღვინეები, წამყვანი შეფები, მიშა ავსაჯანიშვილი, თორღვა გოგოჭური და  2024 წლის საუკეთესო სომელიე საქართველოში საბა ქიტიაშვილი.

 ბოლნისი იმკვიდრებს თავს, როგორც ერთ-ერთი უძლიერესი რეგიონი, სადაც ჭიქა ღვინოს თან ერთვის ადგილობრივების მიერ მოწეული ნედლეულით, მაღალი ტექნოლოგით დამზადებული, გემოვნებიანი, ავთენტური კერძები. აღნიშნულმა პროექტმა კიდევ უფრო გააძლიერა ბოლნისის, როგორც რეგიონის პოტენციალი, რომელიც აერთიანებს გემოს, კულტურას და ტურისტულ შესაძლებლობებს.

გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული გმირის, გიორგი მარგიანის ხსოვნას პატივი მიაგეს

0

გუდაურის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით სოფელ ტანძიაში, ჩვენი დროის გმირის, მეხანძრე-მაშველის, გიორგი მარგიანის საფლავი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბუბა გობეჯიშვილმა, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გვირგვინით შეამკო. 29 წლის გიორგი მარგიანს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ახალგაზრდა მაშველიб სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად სამსახურეობრვი მოვალეობის შესრულებისას გმირულად დაიღუპა. 2022 წლის 29 ივლისს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვერტმფრენმა, ტურისტების გადარჩენისას, ავიაკატასტროფა განიცადა და ეკიპაჟის ყველა წევრი ტრაგიკულად დაიღუპა.

2022 წლის 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში ორთვიანი სწავლების კურსის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

0

,,რობოტიკა ყველასთვის”, ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც, გასაუბრების საფუძველზე შერჩეულმა მოტივირებულმა 30 მოსწავლემ, რომელთა ასაკი 10-დან 15 წლამდეა, რობოტიკისა და პროგრამირების მიმართულებით, ორთვიანი კურსი გაიარა. მოსწავლეებმა STEAM მიმართულებით მიიღეს სერთიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი, თეორიული თუ  პრაქტიკული ცოდნა.

დასკვნით შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა საკუთარი ნაშრომის პრეზენტაციაც გამართეს, რის შემდეგაც  2 მიმართულებით მოხდა მათი დაჯილდოება, გამოვლინდნენ I, II და III ადგილის მფლობელები, რომლებსაც მედლები და სიგელები გადაეცათ.

საპილოტე პროგრამის ფარგლებში დაწყებული კურსები კვლავ გაგრძელდება და კიდევ არაერთი მოსწავლე შეძლებს რობოტიკის საწყისების შესწავლას.

საერთაშორისო ფესტივალზე სპექტაკლ „ჰელადოსს“ საუკეთესო რეჟისურის წოდება მიენიჭა

0

ბოლნისის ბავშვთა და მოზარდთა თეატრმა „საზღაპრეთმა“, 45 წლის საიუბილეო  თარიღი, საბერძნეთში, საერთაშორისო ფესტივალზე სპექტაკლით „ჰელადოსით“ აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით კულტურის სახლში, თეატრის ხელმძღვანელმა და რეჟისორმა იზო ნიავაძემ, მოწვეული სტუმრებისთვის ფესტივალზე მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა, ათენური ვოიაჟი შეაჯამა და ღონისძიების ფარგლებში, მერიისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად მოზარდი მსახიობები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

ბავშვთა და მოზარდთა თეატრი „საზღაპრეთი“45 წელია იზო ნიავაძის ხელმძღვანელობით მოღვაწეობს და ამ ხნის განმავლობაში არა ერთი ღირსეული თაობა აღიზარდა, რომლებმაც ბოლნისის კულტურა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ ღირსებით წარადგინეს.

სპექტაკლი „მსხვერპლნი“ ბოლნისის თეატრის სცენაზე

0

სურვილის საწინააღმდეგოდ ქორწინება და გზა სიღარიბიდან ტრაგედიამდე, ერთ მოქმედებაში გადმოცემული ორი ოჯახის სევდიანი და ტრაგიკული ამბავი რეჟისორმა გიორგი კაშიამ, დავით კლდიაშვილის მოთხრობის მიხედვით დადგა. საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ბოლნისს, გასტროლის ფარგლებში, რუსთაველის ეროვნული თეატრის დასი ეწვია. პიესა ერთგვარი სოციალური მესიჯია იმ შედეგის, რომელსაც მშობლები შვილების თავისუფლების ხარჯზე იღებენ. სპექტაკლი „მსხვერპლნი“ ბოლნისის  თეატრში გაიმართა, რომელიც სრული ანშლაგით და მქუხარე აპლოდისმენტებით დასრულდა.

ბოლნისში, საგანმანათლებლო და შემეცნებითი სივრცე „ფერედაისი“ გაიხსნა

0

ბოლნისში, დასვენებისა და გართობისთვის, ახალი საგანმანათლებლო და შემეცნებითი სივრცე „ფერედაისი“ გაიხსნა. მიუხედავად ზაფხულის ცხელი დღეებისა, კულტურისა და დასვენების პარკში მისულ სტუმარს კომფორტული გარემო და სამაგიდო თამაშების ფართო არჩევანი დახვდება, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის.

ახალი საგანმანათლებლო შემეცნებითი სივრცე, „ფერედაისი აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“ პროექტის ფარგლებში, იოანე ბოლნელის სასულიერო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს, რომლის მიზანია ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შექმნა სამაგიდო თამაშების გზით, რაც ხელს შეუწყობს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებას.

ახალი სოციალური საწარმო „ფერედაისი“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა და იქ მისულ თითოეულ ახალგაზრდას, მრავალფეროვანი აქტივობები, ახალი ნაცნობები და დაუვიწყარი თავგადასავლები ელის.

ბოლნისელი პედაგოგის, იზა ლოსაბერიძის, გზა ბოლნისიდან CERN-მდე

0

იზა ლოსაბერიძე იმ პედაგოგთა შორისაა, რომლებიც  ახერხებენ,  თეორია პრაქტიკაში გადაიტანონ და ცოდნა შთაგონებად აქციონ. ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) მონაწილეობა მისთვის მხოლოდ პროფესიული წინსვლა არ ყოფილა — ეს იყო შანსი, რომ ფიზიკის სწავლება მოსწავლეებისთვის გაცილებით უფრო საინტერესო, თანამედროვე და მნიშვნელოვანი გაეხადა. ინტერვიუში ის გვიზიარებს საკუთარ გზას, სტაჟირების დეტალებს, მოსწავლეებთან მუშაობის მეთოდებსა და პედაგოგიური პროფესიის სირთულეებს.

-მოგესალმებით,  ქალბატონო იზა. პირველ რიგში, გილოცავთ! როგორ შეიტყვეთ ცერნის სტაჟირების შესახებ და რატომ გადაწყვიტეთ მონაწილეობა?

-პირველ რიგში, მოგესალმებით თქვენ და თქვენი გაზეთის მკითხველს.                      შესავლის სახით გაცნობებთ, რომ CERN-ი არის უმსხვილესი და მსოფლიოს ყველაზე მოწინავე სამეცნიერო ცენტრი (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია), რომელიც მდებარეობს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე. CERN-ი ჩემთვის ყოველთვის წარმოადგენდა უდიდეს ოცნებას, როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული თვალსაზრისით. პიროვნული იმიტომ, რომ ყოველთვის მაინტერესებდა ინფორმაცია იმ ფუნდამენტურ ნაწილაკებზე, რომლებიც განსაზღვრავენ სამყაროს სტრუქტურას. მაინტერესებდა, როგორ განვითარდა მატერია და ენერგია დიდი აფეთქების შემდეგ, რაც თავის მხრივ, განსაზღვრავს სამყაროს დღევანდელ სტრუქტურას. პროფესიული თვალსაზრისით კი იმიტომ, რომ CERN-ში სტაჟირება ჩემთვის შესანიშნავი შესაძლებლობა იქნებოდა, რომ გამეღრმავებინა ცოდნა თანამედროვე ფიზიკაში, გავცნობოდი მსოფლიოს უახლოეს, ყველაზე მოწინავე მეცნიერულ კვლევებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს.                                                                                                                    ჩემი ინტერესები მჭიდროდაა  დაკავშირებული ფიზიკასთან და ტექნოლოგიებთან. CERN-ის კონკურსში მონაწილეობა ჩემთვის ლოგიკური ნაბიჯი იყო იმისთვის, რომ საკუთარი თავი გამომეცადა საერთაშორისო დონეზე. კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტე, რადგან მჯერა, რომ მეცნიერება და ტექნოლოგიები ჩვენი მომავლის ფორმირებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს და მსურს, მეც ვიყო ამ პროცესის ნაწილი.

CERN-ი ფიზიკის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალპროფესიული გარემოა. როგორც ფიზიკის მასწავლებელს, ყოველთვის მიზნად მქონდა დასახული თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან დამეკავშირებინა. CERN-ში მე მომეცა ამის შესაძლებლობა. იქ მეცნიერები ისეთ ამოცანებზე მუშაობენ, რომლებიც ჩვენი სამყაროს ფუნდამენტურ კანონებს შეეხება და ეს ჩემთვის უდიდესი მოტივაცია იყო. მე მომეცა შესაძლებლობა, მემუშავა ქართველ მეცნიერებთან: ირაკლი მინაშვილთან, ალექსი მესტვირიშვილთან, გივი სეხნიაიძესთან,  ვატო ქართველიშვილთან, ირაკლი მინაშვილთან,  ქეთი ქააძესთან,  ირმა მგელაძესთან და მიმეღო უნიკალური გამოცდილება თავმდაბლობის, ადამიანობის, დახვეწილობის, სიკეთის, სიყვარულის, რომელსაც მხოლოდ ისეთი ორგანიზაცია გთავაზობს, როგორის CERN-ია.

-როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?   

-საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლებისთვის კონკურსი შვეიცარიის ქ. ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN – European Organization for Nuclear Research) ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად. მომხიბლა იდეამ, რომ მიმეღო მონაწილეობა კონკურსში და გამარჯვების სურვილი ბუნებრივად წარმოიშვა. ეს შანსი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. CERN-ი ისეთი ორგანიზაციაა, რომელიც სამეცნიერო მიღწევებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების პირველ ხაზზე დგას. ჩემი ინტერესები კი ამ სფეროებს უკავშირდება და სწორედ CERN-ი  ავითარებს მათ.   მიყვარს რთული ამოცანების გადაჭრა და სწორედ ასეთი გამოწვევა იყო ჩემთვის CERN-ის კონკურსი.

როგორი იყო შერჩევის პროცესი?

-საჯარო სკოლის მასწავლებლის შერჩევის პროცესი სტაჟირების პროგრამაში რეგულირდება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო იყო რამოდენიმე ეტაპის გავლა:  

  • განაცხადის და დოკუმენტაციის წარდგენა;
  • სკოლაში განხორციელებული ფიზიკის პროექტის განხილვა;
  • სარეკომენდაციო თემებიდან ერთ-ერთის პრეზენტაცია;
  • გასაუბრება;
  • საბოლოო გადაწყვეტილება.

             საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია შევიტყვე ელექტრონული ფოსტის  საშუალებით. იმ დროს საქართველოში არ ვიმყოფებოდი. ეს მოხდა ვერსალის სასახლის მოედანზე, სადაც ჩემი ოჯახის სამეგობრო წრესთან ერთად ვმოგზაურობდი. წერილის პირველ წაკითხვაზე ვერ გავიაზრე რა ხდებოდა ჩემს თავს,  მეორედ წაკითხვას კი მოჰყვა ემოციების ზღვა ეს ემოციები იყო სავსე სიხარულის ცრემლებით და მადლიერებით. ეს ჩემთვის დიდი მიღწევა იყო.

            სიტყვებით შეუძლებელია გადმოვცე ის სიხარული და ამაღლებული განწყობა, რაც იმ დღეს ვიგრძენი. CERN-ის  კონკურსში გამარჯვება ჩემთვის არა მხოლოდ პროფესიული წარმატებაა, არამედ იმის დასტურიც, რომ მეცნიერება ყველასთვის ხელმისაწვდომია – თუ გიყვარს შრომა,  გაქვს რწმენა და სიყვარული იმისა, რასაც აკეთებ.

როგორ მიმდინარეობდა სტაჟირებალექციები, პრაქტიკული სესიები, შეხვედრები?Bottom of Form

-სტაჟირების ფარგლებში, CERN-ში გვიტარდებოდა ლექციები, პრაქტიკული სესიები და შეხვედრები. ლექციებს კითხულობენ ცერნის მეცნიერები და ინჟინრები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ დიდ კვლევით პროექტებში (მაგალითად, დიდი ადრონული კოლაიდერი (Large Hadron Collider). ლექციები მოიცავდა შემდეგ საკითხებს: შესავალს  ნაწილაკების ფიზიკაში; სტანდარტულ მოდელს; დეტექტორების ტექნოლოგიას; ნაწილაკების ამაჩქარებლებს; LHC და არაჰიგსის ფიზიკას; თანამედროვე ფიზიკის სწავლებას – გამოწვევებს და სირთულეებს და სხვა.

პრაქტიკული სესიების დროს ვიზიტები გვქონდა ცერნის ლაბორატორიებში: (მაგალითად, სინქროციკლოტრონი და ATLAS კონტროლის ოთახი; ღრუბლოვანი პალატის სახელოსნო და გამოფენები; ანტიმატერიის ქარხანა; მონაცემთა ცენტრი; CERN-ის კონტროლის ცენტრი; კრიოგენული ტესტირების დარბაზი SM18; CMS-ი და სხვა). ერთ-ერთ ექსპერიმენტულ სივრცეში ჩაგვიტარდა პატარა გუნდური პროექტი, სადაც ჩვენ თავად შევქმენით სადემონსტრაციო   ექსპერიმენტი ვილსონის კამერაში. იქვე გაგვიზიარეს გამოცდილება,  თუ როგორ შეიძლება რთული ფიზიკის ადაპტირება სასკოლო გარემოში. გვიტარდებოდა შეხვედრები, იმართებოდა დისკუსიები, თუ როგორ უნდა მივიტანოთ ცერნში მიმდინარე კვლევები მოსწავლეებამდე.

მინდა გავიხსენო ასევე განსაკუთრებული აქტივობები:

ექსკურსიები ცერნის არქივებში, ისტორიულ ობიექტებში (მაგალითად, ადგილში, სადაც დაიბადა WWW – World Wide Web). პროგრამის ნაწილი იყო სოციალური ღონისძიებებიც. მაგალითისთვის გავიხსენებ ერთ-ერთ სახალისო  დავალებას, სახელწოდებით ,,ჟენევის საგანძურის ძიება“. ჟენევის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ხიდზე პონ დიუნი (Pont du Mont-Blanc) — ანუ მონ-ბლანის ხიდზე დამაგრებულია მრავალი დიდი ზომის დროშა. ამ დროშების დათვლით უნდა დაგვეზუსტებინა რამდენი კონტონია ჟენევაში და სხვა.

ასევე მინდა გავიხსენო ოფიციალური ვახშამი რესტორან ,,Edelweiss”-ში, სადაც ნაციონალური საკრავების თანხლებით დავაგემოვნეთ  შვეიცარიული ღვინო და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შვეიცარიული კერძი, ყველის ფონდიუ.

ასე საინტერესო და დატვირთული იყო CERN-ში გატარებული თითოეული დღე.

-ცერნში გატარებული დღეებიდან რომელი მომენტი დაგამახსოვრდათ ყველაზე მძაფრად?

      -CERN-ში გატარებული თითოეული  დღე დასამახსოვრებელი იყო, თუმცა იყო ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური მომენტები. მათგან გამოვყოფ რამდენიმეს: მაგალითად, როდესაც შევხვდი ქართველ მეცნიერებს, ვინც ცერნში მუშაობს — რამაც ჩემში ეროვნული სიამაყე გამოიწვია; როდესაც პირველად მოვისმინე ქართველი მეცნიერის ლექცია-პრეზენტაცია, სადაც საუბარი იყო სამყაროს წარმოშობის მოდელზე; როდესაც პირველად მოვხვდი 100 მ სიღრმეზე მდებარე მიწისქვეშა სივრცეში, სადაც განთავსებულია დიდი ადრონული კოლაიდერი; როდესაც პირველად დავაკვირდი CMS გრანდიოზულ დეტექტორს და სხვა. ეს ყოველივე ვიზუალურად და ემოციურად ძალიან შთამბეჭდავი იყო.

-რა როლი აქვთ გარშემომყოფებს თქვენ წარმატებაში და როგორ ეხმარებით  მოსწავლეებს, რომ უფრო კრიტიკულად იაზროვნონ  სწავლა-სწავლების პროცესში, რამდენად იყენებთ ამაში თქვენს პირად გამოცდილებას?

 -მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მოსწავლეებს, რომლებიც ყოველდღე მაძლევენ მოტივაციას, ჩემს კოლეგებს მხარდაჭერისთვის და, რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს. ეს გამარჯვება არა მხოლოდ ჩემი – მთელი სკოლის გამარჯვებაა! CERN-ში ხშირად გვეუბნებოდნენ დასვით რაც შეიძლება მეტი კითხვა. დიახ, მე ვასწავლი ჩემს მოსწავლეებს არასოდეს შეწყვიტონ კითხვების დასმა და თავიანთი აზრის გამოხატვა, რადგან ეს ხელს უწყობს მათი კრიტიკული აზროვნების განვითარებას და აქტიურ სწავლას. კითხვების დასმა ეხმარება მოსწავლეს უკეთ გაიგოს ახალი მასალა, კითხვების დასმა ამაღლებს მათ თავდაჯერებულობას და მოსწავლე უკეთ ემზადება რეალური ცხოვრების გამოწვევებისთვის.

-რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი მოტივაცია მასწავლებლის პროფესიაში?

-ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია მასწავლებლის პროფესიაში ბავშვების მიმართ ჩემი  დიდი სიყვარული, მათთან ყოველდღიური ურთიერთობა, მათი გულწრფელობა  და მათი განსხვავებული შეხედულებებია. თუმცა, გამოვყოფდი სხვა ფაქტორებსაც:  მსურს, ჩემი წვლილი შევიტანო მოსწავლეების, როგორც აკადემიურ განვითარებაში, ასევე პიროვნულად ჩამოყალიბებაში და ამით დადებითი გავლენა მოვახდინო მათ მომავალზე.

-როდის და როგორ გადაწყვიტეთ, რომ მასწავლებლობა თქვენი პროფესია უნდა გამხდარიყო?

-ბავშვობიდან მსიამოვნებდა რაიმე საკითხის ახსნა და დახმარების გაწევა სხვებისთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვობიდან ვოცნებობდი მასწავლებლობაზე. მე მიყვარს ადამიანების მხარდაჭერა და მითუმეტეს ბავშვების, მიყვარს მათი განვითარების ხელშეწყობა, ბავშვებთან ურთიერთობით ყოველთვის სიამოვნებას ვიღებ.                                                                    გადაწყვეტილება –  გავმხდარიყავი მასწავლებელი –  ზრდასრულ ასაკში მივიღე. იმდენად მიყვარს ჩემი პროფესია, რომ შვილებსაც კი ვურჩიე პედაგოგიური განათლება მიეღოთ, თუმცა, სხვა დარგის სპეციალისტები გახდნენ.

ძალიან მწყდება გული, რომ ახალგაზრდა თაობა პედაგოგიურ სპეციალობას იშვიათად ირჩევს. ამ მხრივ ფიზიკის მიმართულებით ცუდი მდგომარეობა გვაქვს. CERN-ში ფიზიკის მასწავლებლების სტაჟირების მიზანიც სწორედ ის არის, რომ პოპულარიზაცია გავუკეთოთ ფიზიკის მეცნიერებას, იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ მოსწავლეებს  და გავუღვივოთ მათ   ფიზიკის მეცნიერების მიმართ სიყვარული.

ბავშვობაში თუ გიყვარდათ ფიზიკა?

დიახ, ბავშვობიდან მაინტერესებდა ფიზიკა. განსაკუთრებით მაოცებდა ბუნების მოვლენები.  მამა სპეციალობით  ეკონომისტი იყო. კარგად იცოდა მათემატიკა და ფიზიკა. მიხსნიდა ბუნების მოვლენებს და მაყვარებდა მათ.  ეს სიყვარული ფიზიკისადმი ნელ-ნელა გადაიზარდა სურვილად, ჩემი პროფესია დამეკავშირებინა ფიზიკის მეცნიერებასთან. მე მყავს მოსწავლეები, რომელთაც უყვართ ფიზიკა და ამით ვარ კმაყოფილი, თუმცა ვისურვებდი, რომ ასეთ მოსწავლეთა რიცხვი მზარდი იყოს.

-სად მიიღეთ განათლება და რა გზა გაიარეთ, სანამ ბოლნისის პირველ საჯარო სკოლაში დაიწყებდით მუშაობას?

-დავიბადე და გავიზარდე ჩემს საამაყო ქალაქ ქუთაისში. საშუალო განათლება იქ მივიღე. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გავაგრძელე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე. სრული კურსის დასრულების შემდეგ ფიზიკის მაწავლებელის კვალიფიკაცია მომენიჭა.

ბოლო კურსზე ვიყავი, როდესაც ჩემი მომავალი მეუღლე, ბოლნისის მკვიდრი, ვახტანგ შკუბულიანი გავიცანი და დაქორწინების შემდეგ საცხოვრებლად ბოლნისში გადმოვედი.

ბოლნისის პირველ საჯარო სკოლაში ჩვენი ოჯახის წერვები ეწეოდნენ პედაგოგიურ მოღვაწეობას.  მეუღლის მამა, რაჟდენ შკუბულიანი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, წლების მანძილზე სკოლაში მუშაობდა სასწავლო ნაწილის გამგედ,  მეუღლის და, მანანა შკუბულიანი, სკოლაში იყო გამორჩეული მათემატიკის მასწავლებელი, მამიდაშვილი – ლია ხურცილავა, გერმანული ენის პედაგოგი, წლების მანძილზე იყო სკოლის წარმატებული დირექტორი. ჩემი ერთი მამიდა, ქეთევან ლოსაბერიძე, თსუ-ში მათემატიკის ლექციებს კითხულობდა, მეორე მამიდა კი, თინათინ ლოსაბერიძე, სკოლის მასწავლებელი იყო. ბუნებრივია,  მეც გავაგრძელე ოჯახის ტრადიცია და  ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, მოღვაწეობა დავიწყე პირველ საშუალო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად, სადაც ვმუშაობ დღემდე.

-როგორ გახსოვთ თქვენი პირველი გაკვეთილი? რა განცდა იყო პირველად კლასის წინ დგომა?

-პირველი გაკვეთილი ბოლნისის პირველ საჯარო სკოლაში, ჩემთვის პირველი არ ყოფილა. სტუდენტობის დროს, პედაგოგიურ პრაქტიკებს გავდიოდი თბილისის 52-ე საშუალო სკოლაში და დამოუკიდებლად პირველი გაკვეთილის ჩატარება იქ მომიწია. ეს ერთდროულად იყო ძალიან საპასუხისმგებლო და ცოტათი მღელვარე მომენტიც.

გაკვეთილი ჩავატარე მეცხრე კლასში (მაშინ ათწლიანი სწავლება იყო). დავიცავი გაკვეთილის წარმართვის ყველა ეტაპი და პრაქტიკის ხელმძღვანელმა პირველი გაკვეთილი 5-იანით შემიფასა (მაშინ შეფასება ხუთბალიანი სკალით ხდებოდა). ეს ჩემთვის დიდი სიხარულის მომტანი და მოტივაცია  იყო.

-რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ სირთულედ მასწავლებლის პროფესიაში და როგორ უმკლავდებით ასეთ გამოწვევებს?

-მასწავლებლის პროფესია მრავალი თვალსაზრისით გამოწვევებით სავსეა. ჩემთვის სირთულე არ არის  ცოდნის გადაცემა, თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი  გამოწვევა  არის სწავლის პროცესის ინდივიდუალურად მორგება თითოეულ მოსწავლეზე, ინდივიდუალური განსხვავებების გათვალისწინება მოსწავლეებში. ამ გამოწვევის დაძლევას ვცდილობ მოთმინებით, შემოქმედებით და პროფესიული განვითარებით.  გაკვეთილზე ვიყენებ დიფერენცირებულ სწავლებას, მრავალფეროვან მეთოდებს, ვცდილობ, მივცე მოსწავლეებს ეფექტური უკუკავშირი და ვიყო აქტიური მსმენელი, მაგრამ ეს საკითხი ჩემთვის მაინც გამოწვევად რჩება.

-რა როლი აქვს ფიზიკის საგანს მოსწავლის განვითარებაშირას აძლევს ეს დისციპლინა ბავშვებს, თუნდაც იმათ, ვისაც მეცნიერება ნაკლებად აინტერესებს?

-ვფიქრობ,  ფიზიკა, როგორც საგანი, დიდ როლს თამაშობს მოსწავლის განვითარებაში.

ზოგიერთი მოსწავლისთვის, ვინც კარგად ფლობს მათემატიკურ უნარებს, ეს საგანი მარტივია, ზოგისთვის რთული და ნაკლებად საინტერესო. ფიზიკას დაზეპირებით ბავშვი ვერ ისწავლის. მათ უნდა ისწავლონ მოვლენის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გააზრება. ამას კი სჭირდება ყურადღება, თანმიმდევრულობა და დაუღალავი შრომა.

მოსწავლეებს ძალიან ხშირად ვუსვამ კითხვას ,,რატომ?”. ვაძლევ მითითებას ,,დამისაბუთეთ, იმსჯელეთ და ა.შ.”  ასეთი მიდგომა ძალიან ბუნებრივი და აუცილებელიცაა, რადგან ის ბავშვს უმარტივებს საკითხის ანალიზს და გადაწყვეტილების მიღებას.

 ვფიქრობ, რომ ფიზიკა, უნვითარებს ბავშვებს იმ უნარებს, რომელიც   ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენება.

ფიზიკის სწავლით ბავშვები სწავლობენ, რომ სამყაროს ყველა მოვლენა შეიძლება აიხსნას და ის იყოს გასაგები. ამ საგნის სწავლით ისინი სწავლობენ ლოგიკურ და არგუმენტირებულ ფიქრს.

დღეს არავისთვისაა გასაკვირი, რომ მოსწავლე ცხოვრობს ტექნოლოგიებით სავსე სამყაროში. და მაშინაც კი, თუ მოსწავლეს ფიზიკა არ აინტერესებს, ფიზიკის საბაზისო ცოდნა ეხმარება მას გაიგოს, როგორ მუშაობს მობილური, კომპიუტერი, მანქანა  და სხვა ტექნოლოგია.

და ბოლოს ვიტყვი, რომ ფიზიკა მოსწავლეს სიცოცხლისა და ბუნების უნიკალურობის აღქმას ასწავლის. ფიზიკის მეშვეობით ბავშვი სწავლობს, რომ ბუნებაში არაფერი შემთხვევით არ ხდება, რომ ყველაფერი გარკვეულ კანონებს ემორჩილება. ეს კი სამყაროს მიმართ მათ ინტერესს იწვევს.

-რა არის თქვენთვის, როგორც მასწავლებლის, ყველაზე დიდი ბედნიერება ან წარმატება, რაც დღემდე გახსოვთ?

-როგორც სკოლის მასწავლებლის, ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის არის, როცა მოსწავლის სიყვარულით სავსე თვალებს და გაღიმებულ სახეს ვხედავ. როცა ყოფილი მოსწავლეები გხვდებიან, გიხსენებენ მადლიერებით და ამბობენ, რომ გავლენა მოახდინე მათ ცხოვრებაზე. როცა ბავშვებს უჩნდებათ ინტერესი ფიზიკის მიმართ. როცა კოლეგები და მშობლები აფასებენ შენს შრომას, როცა მშობლის მადლიერების გამომხატველ სიტყვებს ისმენ.

ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება მაინც არის მოსწავლის განვითარებაში საკუთარი როლის დანახვა.

ყველაზე დიდი წარმატება კი მოსწავლის პროგრესია. როდესაც ხედავ, როგორ ვითარდება მოსწავლე შენს თვალწინ, სწავლობს, იზრდება და ყალიბდება პიროვნებად.

-რას ურჩევდით ახალგაზრდა მასწავლებლებს? რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ წარმატებული მასწავლებელი იყო?

-წარმატებული მასწავლებელი რომ იყო, მხოლოდ საგნის ცოდნა არ კმარა,  მნიშვნელოვანია, გაგაჩნდეს ცოდნის ეფექტურად გადაცემის, მოტივაციის გაღვივების და დადებითი სასწავლო გარემოს შექმნის უნარებიც. უნდა შეგეძლოს რთული საკითხების მარტივად და თვალსაჩინოდ ახსნა, თემების დაკავშირება რეალურ ცხოვრებასთან და სხვა დისციპლინებთან, მოსწავლეების  კითხვების წახალისება, დადებითი უკუკავშირის მიცემა, მოსწავლეებთან პატივისცემით და მოთმინებით ურთიერთობა, მოსწავლეების ემოციური მდგომარეობის გათვალისწინება, სწავლის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება.  მასწავლებელი უნდა იყოს მეგობრული, მოწესრიგებული. მოსწავლეები აფასებენ გულწრფელობასა და თანასწორობას. მასწავლებელმა უნდა მოისმინოს და გაიგოს მათი საჭიროებები.

მნიშვნელოვანია ასევე კოლეგებთან პოზიტიური თანამშრომლობა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

ყველა დამწყებ მასწავლებელს ვუსურვებ წარმატებულ პედაგოგიურ მოღვაწეობას!

და ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ ფიზიკის სწავლება ჩემთვის ყოველთვის ბევრად მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ სასკოლო ვადებულებების შესრულება. ჩემი მიზანია, რომ მოსწავლეები ჩავრთო ფიზიკის საოცარ სამყაროში, ვაჩვენო, თუ როგორ მუშაობს ბუნება, რა ადგილს იკავებს თანამედროვე ტექნოლოგიები და მეცნიერება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და როგორ შეიძლება მათში მონაწილეობის მიღება. ამისათვის, მუდმივად ვიყენებ ინოვაციურ მეთოდებს, პრაქტიკულ ექსპერიმენტებსა და თანამედროვე მიდგომებს, რათა ფიზიკა მათთვის გასაგები, საინტერესო და ინსპირაციული გავხადო.