სოფელ მუშევანში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა შეძლებს ახალი, ბეტონის გზით სარგებლობას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ გადაადგილებას.შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან და სამშენებლო სამუშოების მონიტორინგის განყოფილების უფროსთან, გიორგი სიკინჭალაშვილთან ერთად დაათვალიერა.
სამუშაოები, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ბოლნისის მუზეუმი 1951 წელს დაარსდა, როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. 2020 წელს იგი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შეუერთდა. დღეს ეროვნული მუზეუმის ბოლნისის მუზეუმი საქართველოში ერთ-ერთი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. ის წარმოადგენს XXI საუკუნის რეგიონული მუზეუმის და ზოგადად ახალი ეკოსისტემის მოდელს – აქ არის მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სხვადასხვა სეგმენტის თანაარსებობა ერთ სივრცეში. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო შენობაში, წარმოდგენილია მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და ასევე, დროებითი საგამოფენო სივრცე. საექსპოზიციო სივრცეებში სამეცნიერო მნიშვნელობის არქეოლოგიური მასალა და ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი, ძირითადად საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან და ასევე, ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან. ბოლნისის განახლებულ მუზეუმში, კლასიკური სამუზეუმო მეთოდიკითა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზით , წარმოდგენილია რეგიონის ბიო-კულტურული მრავალფეროვნების ისტორია და მისი კავშირი გლობალურ პროცესებთან. მუზეუმის ექსპოზიცია წარმოაჩენს ქვემო ქართლის ისტორიას, რეგიონის უნიკალურობასა და საქართველოს, როგორც მსოფლიოს ერთიანი სისტემის ნაწილს, მრავალი მიმართულებით: რეგიონის ბუნების მრავაფეროვნება, ადრეული ჰომინიდები, უძველესი მიწათმოქმედება, უძველესი მეტალურგია, ადრეული დამწერლობა – ქართული დამწერლობის საფუძვლები და ქრისტიანული კულტურის ისტორია. დამთვალიერებელი ასევე გაეცნობა 200 წლის წინ, სამხრეთ გერმანიიდან საქართველოში ჩამოსახლებული გერმანელების ისტორიას, და ასევე, ზოგადად, ქვემო ქართლს, როგორცც მულტიკულტურულ რეგიონს, სადაც ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ სომხები, აზერბაიჯანნელები, ოსები, ბერძნები, რუსები, გერმანელები და სხვა. ბოლნისის მუზეუმი არის ,,კულტურული ჰაბი“, რომელიც ახალ პერსპექტივას ქმნის ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რეგიონში მომუშავე საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებისა და საზოგადოებრივი განათლებისთვის. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბოლნისის მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ, დასახელდა კონკუესის-,,ევროპის წლის მუზეუმი-2022“ ფინალურ ნომინანტად. 2022 წლის 7 მაისს, ესტონეთის ქალაქ ტარტუში გაიმართა ევროპის მუზეუმის კონკურსის (EMYA2022) დაჯილდოების ცერემონია, სადაც ბოლნისის მუზეუმს გადაეცა დიპლომი-,,სამუზეუმო სფეროში საზოგადოების ჩართულობის ხარისხის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“. ბოლნისის მუზეუმის საერთაშორისო აღიარება გახლავთ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის კულტურული დაწესებულების აღიარებისა და პოპულარიზაციის საქმეში.
სტატია მომზადებულია ბოლნისის მუზეუმის და ,,გაზეთი ბოლნისის”თანამშრომლობის ფარგლებში.
ბოლნისის, ზაურ ხუჯაძის სახელობის სამუსიკო სკოლამ, საანგარიშო კონცერტით, 2024-2025 სასწავლო წელი შეაჯამა. ღონისძიება მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი იყო, სადაც მონაწილეობდნენ ნიჭიერი მოსწავლეები მეორედან, მეშვიდე კლასის ჩათვლით,
საღამოზე გაჟღერდა როგორც ქართული, ასევე უცხოელი კლასიკოსების ნაწარმოებები, შესრულდა ცნობილი კომპოზიტორების საფორტეპიანო და კლასიკური გიტარის ნომრები, რამაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მოსწავლეების მომზადების დონე და მათი სიყვარულით სავსე დამოკიდებულება მუსიკის მიმართ. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის სამუსიკო სკოლა, წლების განმავლობაში, მტკიცედ ინარჩუნებს შემოქმედებით და პროფესიულ სტანდარტს, წელიწადში ორჯერ იმართება სკოლის შიდა კონცერტები, სადაც მოსწავლეები საზოგადოებას თავიანთ ცოდნას უზიარებენ.
სამუსიკო სკოლის მოსწავლეები აქტიურად იღებენ მონაწილეობას საგუნდო და საფორტეპიანო კონკურსებში, მათი მიღწევები მოტივაციის წყაროა, როგორც პედაგოგებისთვის, ასევე თანატოლებისთვის.
ლალი თანდარაშვილი, სამუსიკო სკოლის დირექტორი:
ქალაქ რუსთავში ჩატარდა საქართველოს სამუსიკო სახელოვნებო სკოლების 14-ე რეგიონალური კონკურსი, სადაც მონაწილეობა მიიღო ჩვენი მუსიკალური სკოლის შვიდმა მოსწავლემ, ხოლო დასკვნითიკონცერტი გაიმართა ქალაქ თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, სადაც უმაღლესი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვებულმა მოსწავლეებმა საბა ანდიაშვილმა და მათე გოგებაშვილმა მიიღეს მონაწილეობა. უმაღლესი შეფასებით დაჯილდოვდნენ Vl კლასის მოსწავლე- საბა ანდიაშვილი , (პედაგოგი ლალი თანდარაშვილი) და Vll კლასის მოსწავლე-მათე გოგებაშვილი, (პედაგოგი ლია მუშკუდიანი). პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდნენ V კლასის მოსწავლე-მართა გოგებაშვილი, (პედაგოგი ლია მუშკუდიანი) და lll კლასის მოსწავლე-მარიამ კერესელიძე, (პედაგოგი ლია მუშკუდიანი).
მეორე ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდნენ Ill კლასის მოსწავლე-ნინო ბაბუნაშვილი, (პედაგოგი ლალი თანდარაშვილი), lll კლასის მოსწავლე-თეონა გოგებაშვილი (პედაგოგი ლალი თანდარაშვილი), lll კლასის მოსწავლე-მართა ასანიძე, (პედაგოგი ლია მუშკუდიანი)
ასევე, ჩვენი სკოლის გუნდმა, ნინო დვალიშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ქალაქ რუსთავში, თეიმურაზ ჯანელიძის სახელობის საგუნდო მუსიკის რეგიონულ კონკურსში.
იამზე ურუმაშვილი, სამუსიკო სკოლის დირექტორის მოადგილე:
-შემაჯამებელი, საანგარიშო კონცერტი ბოლნისის სამუსიკო სკოლაში ყოველთვის მაღალ დონეზე ტარდება, არც წლევანდელი იყო გამონაკლისი, მოსწავლეებმა ამჯერადაც ღირსეულად გაართვეს თავი პროგრამით გათვალისწინებულ მასალას , რომელიც მოიცავდა ქართველ და დასავლეთ ევროპელი კლასიკოსების ნაწარმოებებს, აღსანიშნავია მათი დამოკიდებულება მუსიკის მიმართ, გამომსახველობითი და ემოციური უნარები, ასევე ტექნიკური სიჯანსაღე და ბგერის კულტურა. ფასდაუდებელია, როგორც თითოეული აღსაზრდელის, ასევე მათი პედაგოგების თავდაუზოგავი შრომა. თვალსაჩინოა წლევანდელი კონკურსის მიღწევები, სადაც ჩვენი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ უმაღლესი შეფასებით ,1 და 2 ხარისხის დიპლომებით, არ შემიძლია არ გამოვყო მოსწავლეები, გიტარის მიმართულებით , რომლებიც პარალელურად საფორტეპიანო დისციპლინასაც ეუფლებიან, მათი სახით ჩვენ ვიხილეთ ნამდვილი მუსიკოსები, რომლებიც თავის სიტყვას აუცილებლად იტყვიან მუსიკალურ სამყაროში. დიდი მადლობა მუსიკალური სკოლის დირექტორს, ქალბატონ ლალი თანდარაშვილს, რომ არა მისი შრომისმოყვარეობა და ძალისხმევა, ამ შედეგებზე ვერ გავიდოდით.
მარიამკერესელიძე, მოსწავლე:
-დავასრულე ზაურ ხუჯაძის სახელობის სამუსიკო სკოლის მესამე კლასი, წლევანდელი წელი საკმაოდ საინტერესო და წარმატებული იყო, წელს ვისწავლე ნაწარმოებები: გია ყანჩელის “ქინძაძა”, “ყვითელი ფოთლები” და “შერეკილები”, რობერტ შუმანის “უცნობი”, იოჰან სებასტიან ბახის” ინვენცია ნომ. 13 ლა მინორი, ოთარ თაქთაქიშვილის “ბერიკაობა”. უკვე მესამედ მივიღე მონაწილეობა სამუსიკო სკოლების რეგიონალურ კონკურსში. წინა წლებში ორჯერ მივიღე მეორე ხარისხის დიპლომი, წელს კი პირველი ხარისხის დიპლომით დამაჯილდოვეს. ძალიან სასიხარულო იყო ეს ამბავი და ვამაყობ ამ წარმატებით. ჩემთვის მუსიკა არის ემოცია, ბედნიერება და თავისუფლება. როცა ვუკრავ, თითქოს სხვა სამყაროში ვცხოვრობ და მავიწყდება ყველაფერი. განსაკუთრებით მიყვარს ბახი და შოპენი. მომავალში შეიძლება პროფესიად ავირჩიო პიანისტობა. მადლობა პედაგოგს, ლია მუშკუდიანს.
ორ ივლისს ბოლნისის სპორტის სასახლემ ფრენბურთში ასაკობრივ ჩემპიონატს უმასპინძლა. შეჯიბრი საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 2009-2010 წლებში დაბადებულმა ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა მიიღეს.
ჩემპიონატი 2 ეტაპად, რეგიონალურ და ფინალურ რაუნდებად წარიმართა. ასპარეზობაში ჩაერთო გოგონათა ექვსი და ვაჟთა ოთხი გუნდი. ტურნირის მთავარი მიზანი იყო რეგიონალური ნაკრების ფორმირება. გამარჯვებულ გუნდებში შეირჩა საუკეთესო მოთამაშეები, რომლებიც მომავალში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში იასპარეზებენ.
შეჯიბრის გამარჯვებულები რუსთავის გოგონათა და ვაჟთა გუნდები გახდნენ, რომლებმაც რეგიონალური ნაკრების სტატუსიც დაიმსახურეს.
ლეგენდარული, ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ორერა“ 65 წლის საიუბილეო ტურნეს ფარგლებში, ბოლნისს ეწვია და კულტურის სახლის სცენიდან მაყურებელს ემოციური სოლო კონცერტი აჩუქა. ღონისძიება კულტურის სამინისტროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
ანსამბლი „ორერა“ 1960 წელს უცხო ენათა ინსტიტუტში დაფუძნდა, ერთ წელში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და მას შემდეგ, იქ მოღვაწეობს. „ორერამ“ ამ დროის მანძილზე შემოიარა 100-ზე მეტი ქვეყანა, მსოფლიოს 22 ენაზე იმღერა 1000-ზე მეტი სიმღერა. აღსანიშნავია, რომ „ორერას“ 65 წლის განმავლობაში, საკონცერტო მოღვაწეობა არ შეუწყვეტია.
ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე გაჟღერდა ათწლეულების განმავლობაში ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ჰიტები. მუსიკალურ ნომრებს შორის კურიოზული მონოლოგებიც გაისმა, რამაც საღამოს დამატებითი ხალისი შესძინა.
„ორერა“დაარსებიდან 65 წელს აღნიშნავს, მათი რეპერტუარი ასეულობით სიმღერას მოიცავს, მსოფლიოს მასშტაბით კი 300 მილიონი დისკი აქვს გამოცემული. ანსამბლის ძველი და ახალი წევრები ისევ იმ სითბოთი და სიყვარულით დგანან მსმენელის წინაშე, როგორც 65 წლის წინ.
ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „ორერას“ დიდი დამსახურება აქვს ქართული ესტრადის განვითარების საქმეში. მისი მდიდარი და მრავალფეროვანი რეპერტუარით თაობები გაიზარდა. ბოლნისელ მაყურებელს კი, რომელიც დიდი სიყვარულით აჰყვა მონატრებულ ჰანგებს, ეს საღამო დიდხანს გაჰყვება ტკბილ მოგონებად.
ბოლნისის კულტურის სახლში საოპერო მუსიკის საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანმა სოლისტებმა, უცხოეთში მოღვაწე ქართველმა ვარსკვლავებმა და კონცერტმაისტერებმა, ქართველი და უცხოური კომპოზიტორების შემოქმედებიდან ცნობილი არიები შეასრულეს. კოსტუმირებულ საღამოს, პროექტის „ოპერა შენს ქალაქში“ ავტორი და ხელმძღვანელი, ვანო გალუაშვილი უძღვებოდა.
საოპერო მუსიკის საღამო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა. კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი კულტურულ-შემეცნებითი ხასიათისაა, რომლის მიზანია საოპერო მუსიკის პოპულარიზაცია რეგიონებში.
30 ივნისს ბოლნისის კულტურის სახლში ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „თამარიონმა“ 2024 -2025 წლების შემოქმედებითი სეზონი სოლო კონცერტით დახურა. შემაჯამებელ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი და არა ერთი მოწვეული სტუმარი ეწრებოდა.
მაყურებლის წინაშე ანსამბლი განახლებული ფორმებით, ახალი ქორეოგრაფიით და ცოცხალი მუსიკის აკომპანიმენტით წარსდგა. სცენის განათებამ, დეკორაციამ და ტექნიკურმა გამართვამ კონცერტს განსაკუთრებული ემოციური მუხტი შესძინა. ორ საათიანმა წარმოდგენამ დარბაზში არაერთხელ გამოიწვია მქუხარე ტაში და გულწრფელი ემოციები.
წელს ანსამბლი ,,თამარიონი“ 21 წლის გახდა ამ პერიოდში მან არაერთი ჯილდო, გრამპრი და აღიარება მოიპოვა, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ.
სოლო კონცერტით ანსამბლმა 2024-2025 წლების შემოქმედებითი სეზონი ოფიციალურად დაასრულა და უკვე აქტიურად ემზადება საზღვარგარეთ გასტროლისთვის, სულ მალე თამარიონი თურქეთში მიემგზავრება.
,,თამარიონის“ სოლო კონცერტი იყო ნამდვილი ზეიმი ერთგული მაყურებლისთვის, რომელმაც სცენაზე 21 წლიანი თავდადება, შრომა და ქართული სული იხილა. თბილი ემოციებით, აპლოდისმენტებითა და ხელოვნების სიყვარულით გაჯერებულმა საღამომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კულტურა განსაკუთრებით კი ცეკვა ბოლნისისთვის მუდამ ცოცხალი და გამაერთიანებელია
28 ივნისს, სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურულ მუზეუმში, სწორედ იმ სივრცეში, სადაც საბას მემკვიდრეობა ცოცხალია, გაერთიანდნენ ადგილობრივი ხელოვანები, ახალგაზრდები, მოსწავლეები, მათი მშობლები და ფესტივალი ,,საბაობა 2025“ აღნიშნეს.
ღონისძიება მრავალფეროვანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამით გამოირჩეოდა, რომელიც ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის მიერ აღვლენილი საზეიმო წირვით დაიწყო.
წირვის შემდეგ მუზეუმის ეზოში ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. მნახველებისთვის მოეწყო გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ხელოვანების მიერ შექმნილი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.
ფესტივალის სცენაზე ბავშვთა და მოზარდთა თეატრი პერფორმანსით წარსდა ხოლო კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივების ჩართულობით კონცერტი გაიმართა.
ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ბუბა გობეჯიშვილმა თითოეულ მათგანს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მედალოსნები თავიანთი დაუღალავი შრომის პირველი საჯარო მადლობის მიღებას ესწრებოდნენ, ეს არ იყო მხოლოდ ჯილდო, ეს იყო საზოგადოების სიყვარული და აღიარება.
ფესტივალი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
ფესტივალზე წარმოდგენილმა თეატრალურმა, ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ნომრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს ფესტივალი მხოლოდ კულტურული ღონისძიება არაა, ის ადგილობრივი ნიჭის ზეიმია, ახალი თაობის შეძახილი, რომელიც ტრადიციაში თავისებურად ერთვება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ოჯახის ექიმებისა და ექთნებისთვის, რომლებიც ბოლნისის მასშტაბით იმუნიზაციას ემსახურებიან, გაიმართა შეხვედრა თემაზე ,,პრაქტიკული იმუნიზაცია“.
შეხვედრაზე შედგა პრეზენტაცია, სადაც სრულად იყო ასახული იმუნიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობდა, ძირითადი აქცენტი გაკეთდა დაგვიანებით დაწყებულ იმუნიზაციაზე, დაისვა კითხვები და მოხდა სხვადასხვა ქეისის განხილვა.
აღსანიშნავია, რომ იმუნიზაცია შესაძლებლობას აძლევს ორგანიზმს, უკეთ დაიცვას თავი კონკრეტული ბაქტერიებისა და ვირუსებით გამოწვეული ინფექციებისგან, როდესაც ადამიანი იმუნიზირებულია დაავადების მიმართ, ის არ ავადდება, ან ავადდება მსუბუქი ფორმით.
25 ივლისს, ბოლნისის კულტურის სახლში, ამბროლაურის კულტურის სახლთან არსებული სახალხო ანსამბლი ,,საგალობელი“ მაყურებლის წინაშე სოლო კონცერტით წარსდგა. ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული სიმღერები.
ანსამბლმა მაყურებელი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ამოგზაურა და ქართული მუსიკის მადლს აზიარა. ხელოვნების და ტრადიციების მოყვარულმა ბოლნელებმა კი საპატიო სტუმრები გულწრფელი ტაშით დააჯილდოვეს და თბილი ემოციით გააცილეს.
საღამომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ხალხური სიმღერების უნიკალურობა და მისი როლი თანამედროვე კულტურულ ცხოვრებაში.