შრომის ინსპექცია კვების ობიექტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.განცხადების თანახმად, მიმდინარე დღეებში აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვისაც “მწვანე სტატუსი” არ აქვს, რესტორანში დაშვებამდე სწრაფ ტესტირებას ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რის შემდეგაც მომხმარებელს ობიექტზე დაუშვებენ. შრომის ინსპექცია მოუწოდებს შესაბამის ბიზნეს სუბიექტებს, არ შევიდნენ შეცდომაში და არ გამოიყენონ სერვისის შეთავაზების მსგავსი მეთოდი.
“შრომის ინსპექცია მოუწოდებს შესაბამის ბიზნეს სუბიექტებს, არ შევიდნენ შეცდომაში და არ გამოიყენონ სერვისის შეთავაზების მსგავსი მეთოდი, ვინაიდან კოვიდ ტესტის აღებაზე უფლებამოსილება, მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და ნებართვის მქონე პირს/ლაბორატორიას, გააჩნია და მსგავსი ტესტირების უზრუნველყოფა არ შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი პირის მიერ”,- აღნიშნულია განცხადებაში.
2021 წლის 3-4 დეკემბერს ქ.თბილისში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, გამართულ ტურნირში ბოლნისელმა გიგა შავაძემ გაიმარჯვა. მსოფლიო ჩემპიონის, მიხეილ სალაძის სახელობის, პირველ საერთაშორისო ტურნირში ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის სპორტსმენმა უპირატესობა მოიპოვა, ამ გამარჯვებაში კი გიგა შავაძემ გარდამავალი თასი, მედალი და პირველი ხარისხის დიპლომი მოიპოვა.
2021წლის 2 ოქტომბერს თვითმართველობის არჩევნების შედეგად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა N26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ – თამარ მეტრეველმა. მან შეაჯამა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები და შემაჯამებელი ოქმები გადასცა სხდომის უხუცეს წევრს, ავთანდილ მუხაშავრიას.ახალი მოწვევის საკრებულოში სულ 36 დეპუტატია, აქედან 27 ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოდან,” 15 პროპორციული, 12 მაჟორიტარული წესით არჩეული.7 ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 1,,ლელო” და 1 ,,გახარია საქართველოსთვის”.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით არჩეული იქნა გოჩა თედორაძე. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა ავთანდილ მუხაშავრია, თავმჯდომარის მოადგილეებად საკრებულოს წევრებმა მიხეილ აფციაური და რამაზ გულბანი აირჩიეს.იზოლაციის გამო სხდომას ვერ დაესწრო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური, თუმცა ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებს პირად გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში, წარმატება უსურვა და მუნიციპალიტეტის უკეთესი მომავლისთვის აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. მერიიდან სხდომას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები: დევი მუხაშავრია და ლია ზურებიანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, დეკემბრის თვეში, იმაზე უფრო მეტი სიფრთხილე მართებს მოქალაქეებს, ვიდრე აქამდე. მისივე თქმით, ეპიდვითარების გასაუმჯობესებლად, აუცილებელია პირბადის მოხმარების კვლავ ძალაში დატოვება და ვაქცინაციის მხრივ უფრო მეტი აქტიურობა. ,,ახალი შემთხვევები რჩება ძალიან მაღალ ნიშნულზე… დეკემბერში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. ამ სირთულეს წელში გატეხს მხოლოდ ორი რამ, როგორმე უნდა გავზარდოთ პირბადის უნივერსალური ტარება და მეორე, მოგეხსენებათ, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ვაქცინაციის ტემპის გაზრდა” – განაცხადა გამყრელიძემ.
„დავითის მარანი“ ბოლნისში, ოქროსფერი ღვინის ქალაქში მდებარეობს, აქ მეღვინეობა-მევენახეობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები აქვს. თუმცა დღეს ბოლნისელი მეღვინეები ღვინის წარმოებას ქართული ტრადიციით და ევროპული გამოცდილების გაზიარებით აგრძელებენ. ბენიძეების ოჯახში ღვინის ტრადიცია შორეული წარსულიდან იწყება, ვაზის მოვლას, ყურძნის დაწურვას და ღვინის დაყენებას ოჯახის უფროსი დავით ბენიძე უძღვებოდა. წლების შემდეგ კი ოჯახის ტრადიცია ახალგაზრდა თაობამ გააგრძელა. „დავითის მარანი“ დღეს ორი სახეობის ღვინოს „რქაწითელსა“ და „შავკაპიტოს“ აწარმოებს. „დავითის მარანის“ ტრადიციებსა და სამომავლო გეგმებზე პროფესიით ჟურნალისტი ელენე ბენიძე გვესაუბრა.
-ელენე გვიამბე თქვენი მარანის და აქ დაყენებული ღვინოების შესახებ.
-ჩვენს მარანში სულ ორი სახეობის ღვინოს შეხვდებით „რქაწითელს“ და „შავკაპიტოს“. მამას მთავარი გატაცება და ექსპერიმენტი „შავკაპიტოს“ ღვინის წარმოება იყო, რომელიც ბოლნისურ მეღვინეობაში იშვიათია და პრაქტიკულად რამდენიმე ოჯახს აქვს. ექსპერიმენტმა გაამართლა და დღეს „დავითის მარანში“ „შავკაპიტო“ ნამდვილად გამორჩეული ღვინოა. გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, არის ორგანული ღვინის წარმოება, „შავკაპიტო“ წითელი მშრალი ღვინოა და ის 6 თვის განმავლობაში ქვევრშია დავარგებული. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მომისმენია სხვადასხვა ბიზნესის წარმატებული ისტორია, სწორედ ჩემმა პროფესიამ და მამას უსაზღვრო ენთუზიაზმმა, გადამაწყვეტინა საოჯახო მარნის დაარსება.
-რატომ „დავითის მარანი“?
-დავითი იმ ბაბუას ჰქვია, რომლისგანაც ოჯახმა ღვინის ტრადიცია დაამკვიდრდა, მისი სახელის მატარებელია ჩემი ძმაც, „დავითის მარანი“ აერთიანებს როგორც წარსულის, ისე მომავლის ისტორიას.
-რა გზა გაიარა თქვენმა ღვინოებმა?
-ღვინოებმა საკმაოდ რთული გზა გაიარა, პირველი ნაბიჯი, რომელიც გადავდგით, ღვინის ბოთლში ჩამოსხმა იყო. შემდეგ დავიწყეთ ფიქრი ბრენდის ლოგოზე და ეტიკეტებზე. პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი, თუმცა საინტერესო აღმოჩნდა. მთელი ოჯახი ვიყავით ამ ამბავში ჩართული. „დავითის მარანმა“ ღვინის ბოთლში ჩამოსხმა და დაბრენდვა 2020 წლიდან დაიწყო. დაახლოებით 100 ბოთლამდე „შავკაპიტოს“ და 300 ბოთლამდე „რქაწითელს“ ვაწარმოებდით. საოჯახო მარნის გაფართოებისა და ცნობადობის ამაღლების კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, „ღვინო ბოლნისის“ გაერთიანებაში გაწევრიანება იყო. მათი დახმარებით სხვადასხვა ღვინის ფესტივალზე ვიღებთ მონაწილეობას, რაც გვიზრდის პოტენციურ მომხმარებელს.
-როგორია „დავითის მარნის“ სამომავლო გეგმები?
-„დავითის მარნის“ სამომავლო გეგმები საკმაოდ მასშტაბურია, გვინდა საკუთარ ვენახში ტურისტულად აქტიური ზონა მოვაწყოთ, სადაც დაინტერესებული ადამიანები დააგემოვნებენ ჩვენს ღვინოს , შეძლებენ ვენახის დათვალიერებას და ტრადიციების გაცნობას. სამომავლოდ ღვინის ექსპორტსაც განვიხილავთ და ჩვენი სურვილია, ევროპის ბაზარზე, საკუთარი ნიშა დავამკვიდროთ.
განათლებისა და მეცნიერების მოქმედი მინისტრი აცხადებს, რომ უფასო ფაკულტეტები არ გაუქმდება. როგორც მიხეილ ჩხენკელმა საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნა, უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ ჭრილში პრიორიტეტული ფაკულტეტები გამოიკვეთება და განისაზღვრება, რომ აღნიშნულ მიმართულებაზე სწავლა უფასო იქნება.
„რაც შეეხება უფასო ფაკულტეტებს, მე არ ვამბობ, რომ უფასო ფაკულტეტები გაუქმდება, მაგრამ ჩვენ შევთანხმდებით პრინციპზე, რომელი იქნება პრიორიტეტული მიმართულებები და უკვე უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ ჭრილში, ნახავთ რომელია ეს ფაკულტეტები. სადაც ყველას – თუ განისაზღვრება ასე, რომ ამ ფაკულტეტზე სწავლა ყველა სტუდენტისთვის უფასოა, ეს იქნება ყველა სტუდენტისთვის უფასო“, – განუცხადა კანონმდებლებს განათლების მინისტრმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, არსებული მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” კლინიკური მიმდინარეობა რთული არ არის.
მისივე თქმით, ახალი შტამის მთავარი მახასიათებელია ის, რომ რეინფიცირების შემთხვევები სამჯერაა გაზრდილი.
“ალბათ, რაღაც პერიოდის შემდეგ ის შემოვა, რამეთუ ის უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში არის დაფიქსირებული. პირველი გამოცდილება რაზეც მიუთითებს, “ომიკრონს” აქვს, დაახლოებით, 3-ჯერ მეტი რეინფიცირების რისკი. წინასწარი ინფორმაციით, მისი კლინიკური მიმდინარეობა რთული არ არის,”- აცხადებს გამყრელიძე.
ამ ეტაპზე საქართველოში 1 583 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 378 პირი იმყოფება.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 583 პირი, მათ შორის, თბილისში – 590, აჭარაში – 103, იმერეთში – 500. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 378 პირი, მათგან თბილისში – 204, აჭარაში – 41, იმერეთში – 34.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 865 293 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 806 596, გარდაიცვალა 12 344 პაციენტი.
,,ვესტუმრეთ იოანე ბოლნელის სასულიერო სკოლას, აქ საოცრად თბილი გარემო დაგვხვდა, გავეცანით მოსწავლეების მიერ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ძალიან მნიშვნელოვან აქტივობებს, მოხიბლული და აღფრთოვანებული დავრჩით ამ ადამიანების მიერ შესრულებული ღონისძიებებით”,განაცხადა UNICEF- ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ემი კლანსიმ ბოლნისის სასულიერო სკოლაში ვიზიტის დროს.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში პროექტ ,, ვიცოდეთ ჩვენი უფლებები და შევძლოთ უფლებების გამოყენება” ფარგლებში ორი კვირის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა, რომელიც UNICEF-ის აღმასრულებელ დირექტორის მოადგილესა და წარმომადგენლებს წარედგინა. გაწეული სამუშაოსთვის UNICEF -მა სკოლას ლეპტოპი და პროექტორი გადასცა. აღნიშნულ პროექტს ორგანიზებას უწევდნენ სკოლის დირექცია , ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგები მოსწავლეებთან ერთად. პროექტის არსის, მიზნების , დაგეგმილი აქტივობების გაცნობის კუთხით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, განხორციელდა კვლევა თემაზე: რა იციან მოსწავლეებმა ბავშვთა უფლებების შესახებ, როგორ და რა საშუალებით არის დაცული მათი უფლებები საკლასო გარემოსა და სკოლის საზოგადოებაში? ჩატარდა ისტორიის და მოქალაქეობის პედაგოგის ინტერაქციული ლექცია მოსწავლეებთან ადამიანის უფლებების ისტორიის შესახებ , სადაც ყურადღება გამახვილდა განვითარების იმ ძირითად ეტაპებზე, რაც გაიარა ადამიანის უფლებებმა.
,,ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ სრულფასოვანი მოქალაქის ჩამოსაყალიბებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ადრეული ასაკიდანვე მივაწოდოთ ინფორმაცია მოსწავლეებს ადამიანის უფლებებზე. ძალადობის შემცირებისკენ უმთავრესი ნაბიჯები სკოლამ უნდა გადადგას და დაწყებითი საფეხურიდანვე დაიწყოს სწორი გზავნილების გაგზავნა. სწორედ ამ მიზნით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა შეისწავლეს ბავშვთა უფლებები და გამართეს პრეზენტაცია ,ნახატების გამოფენა და შექმნეს ვიდეორგოლი „ჩვენი უფლებები“. მოსწავლეებს ვესაუბრეთ იმის შესახებ ,რომ სამყარო კეთილია, ისინი მარტო არ არიან და მათ გარშემო უამრავი ადამიანია, ვინც ზრუნავს მათ განათლებაზე, ბედნიერებაზე, ჯანმრთელობასა და ჰარმონიულ განვითარებაზე. ყოველთვის მოიძებნება ის ადამიანი, ვინც დაგიცავს და დაგეხმარება სირთულეების დაძლევაში. პროექტის ერთ-ერთი აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეები შეხვდნენ World Vision in Georgia-ს თანამშრომელს, სოციალურ მუშაკს , მარიამ სულამანიძეს თემაზე: ,,ბავშვთა უფლებები გუშინ და დღეს ,” შეხვდნენ გაეროს მუდმივ წარმომადგენელს , ქალბატონ საბინე მახლს გაეროს ოფისში. ქალბატონმა საბინემ გამოკვეთა ძირითადი დაბრკოლებები ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით . გარდა ამისა, ბავშვთა უფლებებისა და ონლაინ სწავლების გამოწვევები საქართველოსა და გლობალურ დონეზე. მარიამ კაპანაძემ ჩაატარა ტრენინგი თემაზე : „ადამიანის უფლებები და გამოწვევები,“ ხოლო სოფო დარჩიამ თემაზე: „სამართალწარმოებაში მონაწილე არასრულწლოვნის უფლება.“ ერთ-ერთ აქტივობად გადავწყვიტეთ, რომ ფილმის სესია ჩაგვენიშნა. ბავშვებს ვაჩვენეთ მხატვრული ფილმი „უჩინარი ბავშვები,“ სადაც სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა პრობლემა იყო ნაჩვენები. მათი საერთო იყო ის,რომ ყველგან ირღვეოდა ბავშვის უფლება. ფილმის დასრულების შემდეგ, გავმართეთ მცირე დისკუსია და განვიხილეთ თითოეული შემთხვევა. დღის მეორე ნახევარში, სპეციალურად დამზადებული საინფორმაციო ბროშურები დავარიგეთ, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას ბავშვთა უფლებებსა და სტატისტიკებზე. ამასთანავე, გაიმართა სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ნიკა თომასიანი უძღვებოდა. ბავშვებმა დაამუშავეს ქეისი, გაინაწილეს როლები და მონაწილეობა მიიღეს სისხლის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესში, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ ნიკა თომასიანი, მედეა ანსიანი და ნინი გიორგობიანი. აღსანიშნავია, რომ პროცესმა ნაყოფიერად ჩაიარა და მოსწავლეებიც კმაყოფილები დარჩნენ, სურვილი გაუჩნდათ,რომ მსგავსი ტიპის პროექტები, ხშირად გაიმართოს. 30 ნოემბერს, სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში ,, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები.“ კონფერენცია მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში მოსწავლეების კონპეტენციის ამაღლებას, საერთაშორისო მექანიზმებისა და პრაქტიკის ანალიზს. 20 ნოემბერს, პროექტის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ორი მიმართულებით: ნახატებისა და კომიქსების და ესეების. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ VII-XII კლასის მოსწავლეებს. კონკურსის მიზანი იყო იმის გაგება, თუ როგორ წარმოედგინათ ბავშვებს, მათი უფლებათა რღვევა, ოჯახში ძალადობა, ნათელი, კეთილი სამყარო და ა.შ. თითოეულ ნაშრომში გამოჩნდება, მათი აღქმა რეალური ფაქტებისა. შეხვედრის დასასრულს , განხილულ იქნა სამომავლო გეგმები, რადგან პროექტი გაწერილია ერთ სასწავლო წელზე , შესაბამისად მიმოხილულ იქნა მოსალოდნელი პროექტები, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. აღნიშნა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ირინა მიქავამ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, საკანონმდებლო კომპეტენციის ფარგლებში, 3 დეკემბერს საქართველოს მასშტაბით მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის 36 წევრიან საკრებულოში, 12 მაჟორიტარული, 24 კი პროპორციული სისტემით არჩეული წევრია. ახალი შემადგენლობა, რომელიც მოსახლეობამ ოთხი წლის ვადით აირჩია, შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა:
ამავე სხდომაზე, ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა თამაზ ჟორჟოლიანი. ასევე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილეები: