ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, დღეს ქალთა საინფორმაციო ცენტრმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ტრენინგი ჩაატარა თემაზე „იყავი მის ადგილას“, სადაც სპეციალურად შემუშავებული ფორმატის საშუალებით, დამსწრე საზოგადოებამ ძალადობა გამოვლილი ქალებისა და გოგონების ცხოვრების გზა გაიარა, რის შემდეგაც მოხდა თითოეული ისტორიის განხილვა და გამოსავლის გზებზე მსჯელობა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, საჯარო მოხელეები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ძალადობის წინააღმდეგ დაგეგმილი ტრენინგი „იყავი მის ადგილას“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზანია, იმ მავნე სტერეოტიპების, სოციალური ნორმების და დამოკიდებულების ცვლილებები, რომელიც ხშირად ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევია, ან ამართლებს ასეთ ქცევას.
“მწვანე პასპორტის” მუშაობა და ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.როგორც ცნობილია, ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებს მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეუძლიათ შესვლა: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა მოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.აღსანიშნავია, რომ პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. მწვანე სტატუსის დასადასტურებლად გამოიყენება ორი აპლიკაცია – აპლიკაცია Georgia e-Health-ზე რეგისტრაციის შედეგად მიღებული QR კოდით, საქართველოში აცრილი პირები (მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები) ადასტურებენ თავიანთ მწვანე სტატუსს და მოგზაურობენ EU Gateway-ზე მიერთებულ ქვეყნებში (ევროკავშირი +25 ქვეყანა). Georgia e-Health საქართველოს ტერიტორიაზეც მუშაობს, როგორც მწვანე ბარათი/პასპორტი. გარდა ამისა, აპლიკაცია Covidpass Georgia მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყენება და ფარავს ყველა ქართულ რეგულაციას, რომელთა სრულად მოცვაც შეუძლებელია აპლიკაციით Georgia e-Health.აპლიკაცია გამოიყენება, როგორც საკუთარი სტატუსის დასადასტურებლად, ასევე სხვისი სტატუსის გადასამოწმებლად და მისი გამოყენება შეუძლია, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს.ამასთან, საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა სივრცეში შესასვლელად ასევე, შესაძლებელია ვაქცინაციის ცენტრებში, კლინიკებსა და იუსტიციის სახლებში დაბეჭდილი დოკუმენტის (კოვიდ ბარათი) გამოყენება, რომელთაც თან ერთვის QR კოდი ან ბარკოდი. უწყებათაშორისი სააკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მიმართავს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 871 580 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 813 872 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 12 466 ადამიანი.ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 32 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 1 135 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 6 545 პირი.პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ კალათბურთის სფეროს განსავითარებლად და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობისთვის 100 მილიონი ლარის ინვესტირება მოვახდინოთ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულთან შეხვედრაზე განაცხადა.პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ქვეყანაში კალათბურთის ფართოდ პოპულარიზაციის მიზნით კალათბურთის განვითარების პროგრამის ამოქმედებას გეგმავს.ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევრობასკეტ-2022 -ის წარმატებით ჩატარება მნიშვნელოვანია და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას მთავრობისგან სრული მხარდაჭერა აქვს. „მთავრობის სახელით მე მინდა დაგიდასტუროთ სრული პატივისცემა და მხარდაჭერა კალათბურთის ფედერაციას. ჩვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გვაქვს, ევრობასკეტ 2022, ამიტომ ჩვენი საერთო ძალისხმევა უნდა მივმართოთ ამ დიდი ღონისძიების წარმატებით ჩატარებისკენ. მთავრობისგან ხელშეწყობა გაქვთ,რა თქმა უნდა იცით, რომ ამხელა დარბაზს ვაშენებთ მთავრობა სრულად არის ჩართული და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. ჩემი სურვილია, რომ სამომავლო გეგმებზე, ხედვებზე ერთად ვიმუშაოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 100 მილიონი ლარის ინვესტირება მოვახდინოთ კალათბურთის სფეროს განსავითარებლად, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ კალათბურთი, უფრო მეტი ხელშეწყობა ჰქონდეს კალათბურთის ფედერაციას. აუცილებლად საჭიროა რეგიონებში განვითარების შეტანა და იქ საკალათბურთო სკოლების შექმნა, დაარსება და ახალგაზრდა, ნიჭიერი სპორტსმენების აღზრდა. დღეს ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ შევიკრიბეთ. ასევე მინდა მოვუსმინოთ ჩვენი გუნდის წევრს, ბატონ ვიქტორ სანიკიძეს, ცნობილ კალათბურთელს და დამსახურებულ სპორტსმენს. მასაც აქვს თავისი ხედვები, იდეები”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულს და კალათბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს, FIBA-ევროპის ბორდის წევრსა და ევროპის იურიდიული კომიტეტის პრეზიდენტს გიორგი ქართველიშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. “მე მინდა თქვენ გადაგიხადოთ მადლობა ბატონო პაატა, ბატონო გიგა. თქვენ ძალიან ბევრი გააკეთეთ და ზოგადად ბევრს აკეთებთ კალთბურთისთვის. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ კალათბურთის განვითარების საქმეში დიდია თქვენი წვლილი და ამისთვის თქვენ და თქვენი გუნდის ყველა წევრს მთავრობის სახელით მადლობა მინდა გადაგიხადოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ კალათბურთში, თქვენს ოჯახში სიმშვიდე, ერთობა, სიმტკიცე, განვითარება იყოს და გარწმუნებთ, რომ ჰარმონიული ურთიერთობა გექნებათ სამინისტროსთან, მთავრობასთან, ჩემთან პირადად, გვერდში დგომა, მხარდაჭერა და თანადგომა გექნებათ. რაც მე გავაჟღერე ეს ციფრი, 100 მილიონი ლარის ინვესტირება, ამაზე ჩვენ უფრო კონკრეტულად წარმოგიდგენთ ხედვას, გეგმას. გვინდა, რომ ძალიან დიდი ყურადღება მივაქციოთ კალათბურთს. მე ახლა ვიცი, რომ არჩევნები გაქვთ და ეს არჩევნები, რა თქმა უნდა, ძალიან მშვიდად და ცივილიზებულად უნდა ჩავატაროთ, ისე, როგორც ჩვენ, ჩვენს საერთო ოჯახს და საქმეს გვეკადრება. უნდა იყოს სიმშვიდე და განვითარება. ჩვენ ეს გვჭირდება. ევრობასკეტიც წარმატებით უნდა ჩავატაროთ, ეს უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და შემდეგ ვიფიქროთ განვითარებაზე. კიდევ უფრო მაღალ დონეზე უნდა ავიყვანოთ კალათბურთი და მისი პოპულარიზაცია უნდა მოვახდინოთ ქვეყანაში. რეალურად, ძალიან დიდი ტალანტი და პოტენციალია ქვეყანაში კალათბურთის განვითარების, ამის ნათელი მაგალითია ვიქტორ სანიკიძე და ძალიან ბევრი სხვა წარმატებული სპორტსმენი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, კალათბურთი ქვეყანაში ერთ-ერთი წარმატებული სპორტის სახეობაა, რაც ყველას, მათ შორის მთავრობის მხარდაჭერის დამსახურებაა.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორ სანიკიძე და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, FIBA-ევროპის ბორდის წევრი და ევროპის იურიდიული კომიტეტის პრეზიდენტი გიორგი ქართველიშვილი ესწრებოდნენ.
“თანამედროვე ხელოვნების ცენტრი თბილისი” და ბოლნისის ორგანიზაცია”ახალგაზრდული ინიციატივა ცვლილებებისთვის ‘’ არაერთი წარმატებულ პროექტს ახორციელებს. შეგახენებთ, რომ საკმაოდ მოტივირებულმა ახალგაზრდებმა 2019 წელს განახორციელეს პროექტი სახელწოდებით “ბოლნისის რესურსების რუკა”, ამავე პროექტის ფარგლებში ბოლნისში ორდღიანი შეხვედრა გაიმართა, სადაც პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები: გერმანული კვალი ბოლნისში, ტურიზმი და ტურისტული პოტენციალი, მეღვინეობა და გერმანული ტრადიციები, სწავლებისა და დასაქმების ცენტრის საქმიანობა, საჯარო სივრცეების მდგომარეობა და ა.შ. დაიგეგმა აღნიშნული საკითხების თვალსაზრისით სამომავლო სამოქმედო გეგმა, რაზეც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვანო ერისთავი გვესაუბრა:
,,საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა, უამრავი საინტერსო თემა განვიხილეთ, შედგა და გაიწერა სამომავლო გეგმა, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტს სასიკეთოდ წაადგება. ორი წელია ჩვენი პროექტი ხორციელდება და ბევრი კარგი რამ გაკეთდა, რასაც სამომავლოდაც კვლავ გავაგრძელებთ. ჩვენ “თანამედროვე ხელოვნების ცენტრ თბილისი”-ის ორგანიზაციასთან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა მათ. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ბოლნისის მუნიციპალიტეტს, რადგან გვერდში გვიდგას და მათი თანადაფინანსებით ვახორციელებთ პროექტებს. ჩვენმა ორგანიზაციამ, წინასწარ განსაზღვრა მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი დარგები და შემდგომ მოხდა ამ დარგებში არსებული რესურსების მოკვლევა, რომლის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოკვლეული რესურსების სწორად შეფასება და გაანალიზება შემდგომი გამოყენებისათვის. პროექტის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში დაიგეგმა და გაიწერა საინფორმაციო ღონისძიებების გამართვა, რის შემდეგაც, ადგილობრივი თემის მონაწილეობით, განისაზღვრა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი არსებული და პოტენციური რესურსები. მოწვეული იყვნენ სხვადსხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც ჩაატარეს შემეცნებითი ლექცია- პრეზენტაციები, ბოლნისელი ახალგაზრდების ჩართულობით და მონაწილეობით. ორდღიანი შეხვედრების შედეგად, შეიქმნა და გაიწერა სამოქმედო გემგმა, სადაც განისაზღვრა არსებული და მოძიებული რესურსების გამოყენების გზები.’’
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების CIZ მიერ დაფინანსებული პროექტის დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელიც ითვალისწინებს ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში ყოფილი კინო-კლუბის დემონტაჟს და გარდაქმნას, ასევე, სოფელ ჯავშანიანში ყოფილი სკოლის დემონტაჟს. კონცეფცია მერიის მიერ დაქირავებულმა კონსულტანტებმა შეიმუშავეს. აღნიშნული დოკუმენტის მთავარი მიზანია განსაზღვროს ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში არსებული ყოფილი კინო-კლუბის დანიშნულება ფუნქციურ, სტრუქტურულ და არქიტექტურულ ჭრილში.
საჯარო შეხვედრას სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები და მოწვეული ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ ორგანიზებითა და არემჯის მხარდაჭერით, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა.
მოსწავლეთა კონფერენციაში მონაწილეობა თბილისის, ზუგდიდის, მესტიის, მარნეულის ახალციხის, გარდაბნის და თეთრიწყაროს სკოლების ოცამდე მოსწავლემ მიიღო. მოსწავლეებმა, პროექტ ,,დიდგორელის’’ ავტორებთან და ისტორიის პედაგოგებთან ერთად 11 სხვადასხვა ძეგლზე მოხსენებები მოამზადეს.
,,მოხარული ვარ, რომ „დიდგორელის“ მონაწილეებმა, დღეს კონფერენციის ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მომზადებული ნაშრომები წარვადგინეთ. ჩემი ნაშრომი შეეხებოდა, აქამდე ჩემთვის უცნობ ძეგლს – ჩხორთოლის ეკლესიას, რომლის შესახებაც უამრავი ინფორმაცია მოვიძიე და ბევრი რამ შევიტყვე.“– ლუკა ანდიაშვილი, დიდგორელის სტიპენდიანტი და კონფერენციის მონაწილე.
მოსწავლეთა კონფერენცია პროექტ ,,დიდგორელის’’ ახალი კომპონენტია. კონფერენცია მიზნად ისახავს, საქართველოში არსებული უნიკალური და მივიწყებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოსწავლეებისთვის გაცნობას და მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. კონფერენციისთვის, სკოლის მოსწავლეებმა, აფხაზეთში მდებარე ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის, ამბარას სამეკლესიანი ბაზილიკის, ბედიის მონასტრის და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესახებ მოამზადეს ნაშრომები.
,,მოსწავლეთა კონფერენცია, ეს არის დიდგორელის ის ახალი კომპონენტი, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ და ზოგადად საზოგადოებამ ბევრი იფიქროს დიდ წუხილზე, რომელსაც ოკუპაცია ქვია და გაიცნონ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში და თავიანთ მუნიციპალიტეტებში არსებულ ბიბლიოთეკებში თვეების განმავლობაში იმუშავეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის ფარგლებში მომზადებული ნაშრომები, ძალიან მალე ბეჭდური სახითაც გამოიცემა.“ – განაცხადა ,,დიდგორელის’’ ავტორმა ლევან ჟვანიამ.
ისტორიის კონკურსი ,,დიდგორელი’’, ,,არემჯის’’ მხარდაჭერით 2019 წლიდან იმართება და ის კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი პოპულარული საგანმანათლებლო პროექტია, რომელმაც მთელი ქვემო ქართლის რეგიონი და ათასობით ახალგაზრდა მოსწავლე გააერთიანა.
,,არემჯის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა რეგიონში. „დიდგორელის“ ფარგლებში ეს პირველი კონფერენციაა, რომელიც აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ისტორიის კვლევას და მათი თანამედროვე მდგომარეობის შეფასებას მიეძღვნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს აფხაზეთის საქართველოსგან განუყოფელობის იდეის პოპულარიზაციას.“ – განმარტა გიორგი კობახიძემ, „არემჯის“ სპეციალისტმა კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში.
დაარსების დღიდან პროექტ „დიდგორელს“ არაერთი განსხვავებული კომპონენტი დაემატა. წელს მოსწავლეთა კონფერენციის ფარგლებში მომზადებული ნაშრომები, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ერთ წიგნად გამოიცემა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებსა და სკოლებში, ყველა დაინტერესებულისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
მოხალისეობა არის შესაძლებლობა, ყველანაირი ანაზღაურების გარეშე, სხვების დასახმარებლად გამოიყენო შენი დრო ადამიანებისთვის შენი დროის მცირედი ნაწილის დათმობასაც კი, შეუძლია მათი ცხოვრების გაუმჯობესება.. ჩვენ ყველას გვაქვს განსხვავებული შესაძლებლობები და ტალანტი, მათი გამოყენება მნიშვნელოვანი და საჭიროა, რადგან ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, რომელიც შენს დახმარებას ელოდება.
სწორედ ასეთ, ენერგიულ და პოზიტიურ ახალგაზრდა გოგოს გაგაცნობთ დაბა კაზრეთიდან, რომელიც მეთერთმეტე წელია მოხალისედ მუშაობს და დაბაში სხვადასხვა სასიკეთო საქმეებს აკეთებს.
-ფიქრია, მოგვიყევი შენს შესახებ?
-ყოველთვის ცნობისმოყვარე, ემოციური და კომუნიკაბელური ვიყავი.. მაინტერესებდა ყველაფერი ყველაფერზე, განვიცდიდი და ვუთანაგრძნობდი ყველა ზღაპრის გმირს, მინდოდა დავხმარებოდი ყველას, ვისაც ეს სჭირდებოდა. ჩემს ჩამოყალიბებაში უმთავრესი როლი მიუძღვის დედას, რომელიც ბავშვობიდან მაგალითი იყო და მისი ფრაზა ფაქტობრივად ცხოვრებისეულ დევიზად იქცა ჩემთვის – ,,სხვისი გაბედნიერებით, შენც ბედნიერდები“, სწორედ ეს არის ჩემთვის მოხალისეობა.. შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმარო და გავაბედნიერო სხვები, რათა ეს მუხტი და ენერგია, შემდეგ კვლავ მე დამიბრუნდეს და შემავსოს.
-როგორ დაიწყო შენი მოხალისეობის ისტორია?
-მოხალისეობას საზღვრები არ აქვს, პატარა ბავშვი როდესაც ხანდაზმულ მეზობელს პურის საყიდლად მაღაზიაში ეგზავნება, ეს არის მოხალისეობის ძალიან მარტივი და ნათელი მაგალითი.
მეთერთმეტე წელია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბოლნისის ფილიალის მოხალისე ვარ, უამრავ პროექტში და სოციალურ კამპანიაში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვნად რჩება ხანდაზმულ ბენეფიციარებთან ურთიერთობა, მათთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების მოსმენა, შეძლებისდაგვარი დახმარება. მათთვისაც უმთავრესია, როდესაც ხედავენ და გრძნობენ, რომ ახალგაზრდებს ახსოვთ, მათზე ზრუნავენ, უბრალოდ უსმენენ და ესაუბრებიან. არ შემიძლია არ აღვნიშნო თვითონ პროცესი, მაგალითად გვაქვს ასეთი კამპანია – ,,ტკბილეულის აქცია“ დღესასწაულებზე ვაგროვებთ ტკბილეულს ბენეფიციარებისთვის. ამ კამპანიისთვის მზადება, ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებსაც მოაქვთ ეს ტკბილეული, მოხალისეებთან ერთად დახარისხება და დარიგება დამღლელი, მაგრამ სიამოვნებისა და კმაყოფილების მომტანი პროცესია, ჯილდო კი იმ ადამიანების ანთებული და აცრემლებული თვალებია, ვისაც ეს მცირე ამანათები ჩაბარდება.
-მიუხედავად იმისა, რომ მუშაობ, რამდენად დიდ დროს მოითხოვს მოხალისეობა?
-ვცდილობ, საკუთარი თავი და დრო სხვადასხვა აქტივობებს დავუთმო და შეძლებისდაგვარად ხელიდან არ გავუშვა სიკეთის, სასარგებლო და საჭირო საქმის კეთების შესაძლებლობები. ამიტომ, ამ დროის მანძილზე, სხვადასხვა ორგანიზაციების დახმარებით, საკმაოდ ბევრი, ჩემთვის საამაყო საქმიანობა განგვიხორციელებია მე და ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს, რომელთა გარეშეც არაფერი გამოვიდოდა. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის დირექტორს, დინარა პირველს, ყველა ჩემი იდეის და წამოწყების გაზიარებისა და მაქსიმალური მხარდაჭერისთვის.
-მოხალისეობრივი საქმიანობის პერიოდში რა ღონისძიებები ჩაგიტარებია?
-გამოვარჩევდი მოძრავი კინოთეატრის და ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვის პროექტებს, ასევე პერმანენტულ დასუფთავების აქციებს. პირველის შემთხვევაში, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით შევიძინე გასაშლელი ეკრანი, ვითხოვე პროექტორი და მოხალისეობრივად დავდიოდით, ვაჩვენებდით მულტფილმებსა და ფილმებს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსა და სკოლის მოსწავლეებს. შემეცნებითი და სახალისო შეხვედრები გამოგვდიოდა. ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვის პროექტს რაც შეეხება, მცირე დაფინანსებით შევიძინეთ მასალები და დავამზადეთ სახლები ძაღლებისთვის, რომლებიც დაბაში დაიდგა. საკმაოდ აქტუალურია მიუსაფარი ცხოველების პრობლემა. სამწუხაროდ, არც რესურსია და არც შესაძლებლობა, რომ ყველას დავეხმაროთ, ამიტომ შეძლებისდაგვარად ვცდილობ ვიზრუნო და გამოვკვებო მათი ნაწილი მაინც. აქვე ვისარგებლებ შესაძებლობით და თქვენს მკითხველებსაც ვთხოვ, ვისაც როგორ და რითიც შეგიძლიათ იზრუნეთ მიუსაფარ ცხოველებზე. განსაკუთრებულად ზამთრის ცივ ამინდებში, ასევე აქტუალურია დასუფთავების კამპანიები, დაბა კაზრეთის №2 სკოლის მოსწავლეების აქტიური ჩართულობით, წარმატებით ვახორციელებთ მასშტაბურ აქციებს. სამწუხაროდ, პანდემიამ და კოვიდ სიტუაციამ ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩვენს ცხოვრებაზე. სწორედ ახლა, ამ ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად რთულ მდგომარეობაში არის საჭირო მაქსიმალური მობილიზება და კიდევ უფრო მეტად აქტიური მოხალისეობრივი საქმიანობა ნებისმიერ სფეროში, რა თქმა უნდა, რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვით.
-ალბათ რთულია გახდე მოხალისე ,თუ ეს შენი მოწოდება არაა?
-მოხალისეობა არ არის მარტივი, მოითხოვს დროს, ენერგიას და ხშირად ფიზიკურ ძალასაც, მაგრამ მერწმუნეთ შედეგი ამად ღირს, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, გამონახეთ თუნდაც სულ მცირე დრო, მიიხედ-მოიხედეთ თქვენს გარშემო და დაინახავთ, რამდენ საკითხში შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი რესურსი მნიშვნელოვანი. აქვე მინდა გთხოვოთ, დააფასეთ მოხალისის შრომა და არა მარტო. დაინახეთ და გაუფრთხილდით, თუნდაც მცირედს, რაც კეთდება და წვლილი შეიტანეთ ამ გაკეთებულის შენარჩუნებაში.
-სამომავლოდ თუ აპირებ სხვების დახმარება, ასე აქტიურად გააგრძელო?
– არ ვიცი, რა იქნება მომავალში, რათქმაუნდა ბევრი გეგმა და იდეა მაქვს, თუმცა კოვიდ პანდემიამ დაგვანახა, რამდენად არამდგრადი შეიძლება იყოს ჩვენი გეგმები, ამიტომ მხოლოდ ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რაც არ უნდა ხდებოდეს, რა დროც არ უნდა გავიდეს, ფიქრია როგორც მოხალისე, მაქსიმალურად ეცდება იყოს იქ, სადაც მისი თავი სჭირდებათ.
2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარი, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის კი 300 ლარი იქნება. პრემიერ-მინისტრის თქმით, მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის – 360 ლარი იქნება პენსია.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური 22 და 44-ლარიანი დახმარება 100 ლარამდე იზრდება.
მთავრობის მეთაურის თქმით, დაპირების შესაბამისად, მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით. მთავრობის მეთაურმა ფინანსთა მინისტრს მიმართა კითხვით, როდის გაიზარდა ბოლოს ხელფასები საჯარო მოხელეებისთვის. მინისტრის განმარტებით, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ მიმართულებებს, როგორიც არის მასწავლებლების ხელფასი, პოლიციის ხელფასი, ასევე ჯარის ანაზღაურება, რომელიც 2019 წელს გაიზარდა, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა 2017 წლიდან პრაქტიკულად გაყინული იყო. „როგორც იყო ჩვენი დაპირება – მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით. ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება, ეს მომდევნო წლებშიც გაიზრდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია, აცხადებენ საქართველოს მთავრობაში.
„ჩვენ წელს გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ, რამაც საშუალება მოგვცა, რომ წელს პირველად დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტი გაგვეზარდა 1 მილიარდ 310 მილიონი ლარით. ამას გარდა, ვალის შემცირებაც მოვახერხეთ და 2022 წელს მშპ-სთან მიმართებით, 60%-დან, რომელიც იყო ქვეყნის საგარეო ვალი, შემცირდება ჩვენი ვალი 51,1%-მდე. ნაერთი ბიუჯეტი იქნება 21,8 მილიარდი ლარი. 2022 წელს დაგეგმილი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია.”განაცხადა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერმა.