4 ივლისს ეროვნული გამოცდები 09:00 საათზე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. პირველ სესიაზე რეგისტრაციას აბიტურიენტები 08:00 საათზე გაივლიან, მეორე სესიაზე კი – 14:00 საათზე. მეორე სესიის საგამოცდო დროდ 15:00 საათი განისაზღვრა.

მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილია 22 საგამოცდო ცენტრი, რომლებიც ჯამში 90 000-მდე რეგისტრირებულ პირს მოემსახურება. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებულია 2 500-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის 9 500-ზე მეტი აპლიკანტი, ხოლო მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩასაბარებლად სულ 35 500-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული.

ამასთან, იმ პირებისთვის, რომლებსაც ეროვნული გამოცდების პერიოდში კორონავირუსი დაუდასტურდებათ, დაინიშნება დამატებითი სეანსები. ისინი ვირუსის დადასტურებიდან მერვე დღეს შეძლებენ გამოცდაზე გასვლას.