დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის დიდ დარბაზში, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებისთვის, მედლების გადაცემის ცერემონია განხორციელდა. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის, დმანისის, წალკისა და თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი,მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძე, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.
ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, წარჩინებული მოსწავლეები ოქროს და ვერცხლის მედლითა და სერთიფიკატით დააჯილდოვეს. თუმცა, მანამდე ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მოკლედ მიმოიხილა განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენები, წარჩინებულ მოსწავლეებს დიდი შრომის შედეგად მიღწეული წარმატება მიულოცა და საზეიმო ვითარებაში გაგრძელდა მედალოსნების დაჯილდოება.
როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს წარჩინებული მოსწავლეების ოდენობა ყოველწლიურად მზარდია. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, 2022 წლის კურსდამთავრებულებს შორის, როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებში, 36 ოქროს და 4 ვერცხლის მედლის მფლობელია. თითოეული მათგანი, სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძობენ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვებიან დასახული მიზნების განხორციელებას.