პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან მისი დაფინანსება 20 მილიონი ლარით გაიზრდება. მისი თქმით, ასევე დაგეგმილია თბილისისა და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების, პერსონალის ანაზღაურების გათანაბრება, რაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჯანდაცვის რეფორმის მიმართულებით:
„მომავალ წელს უკვე დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის დაფინანსდება სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები. მომდევნო წლიდან სკოლებში სკოლის ექიმის მომსახურების მიწოდება და სამედიცინო კაბინეტების ფუნქციონირება სამინისტროს მიერ შემუშავებული სტანდარტის შესაბამისად განხორციელდება. ასევე გეტყვით, რომ დაახლოებით 3000-ზე მეტ დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა ბინები წელს და ამდენივეს გადაეცემა გაისად. უკვე ვახსენე პენსიებზე და სხვადასხვა ინსტრუმენტზე, რომელთა საშუალებითაც მომდევნო წელს ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.