ორშაბათი, აპრილი 20, 2026
spot_img
HomeTVუძველესი ტრადიციიდან, თანამედროვე მარნებამდე - ბოლნისური მეღვინეობის გზა

უძველესი ტრადიციიდან, თანამედროვე მარნებამდე – ბოლნისური მეღვინეობის გზა

ქვემო ქართლი ერთ-ერთი უძველესი კერაა, სადაც მეღვინეობა ჯერ კიდევ ათასწლეულების წინ დაიწყო,  ამ მიწაზე ვაზი ადამიანმა გააშინაურა, ღვინო   კულტურად აქცია, საუკუნეებს გადაურჩა და დღეემდე ცოცხლობს. ამ უძველესი ისტორიის კვალი მუზეუმში ინახება, სადაც თითოეული ექსპონატი  უხმოდ ყვება იმ ცივილიზაციის შესახებ, რომელმაც ქართული მეღვინეობის საფუძველი შექმნა. ისტორიის მცველები, მუზეუმის თანამშრომლები კი, რუდუნებით  ინახავენ საგანძურს, რომელიც არა მხოლოდ წარსულის, არამედ ქართული იდენტობის ნაწილია.

ნეოლითურ გორანამოსახლარებზე, როგორიცაა არუხლოს, შულავერის, იმირისა და ხრამის არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს, რომ სწორედ ამ რეგიონში, ვაზი უკვე კულტივირებული იყო, ხოლო ღვინის დაყენება განვითარებული. ქვევრში ღვინს დაყენების ტრადიცია, რომელიც აქტიურად გრძელდება,  2013 წელს  იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა.

მუზეუმში დაცული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპონატი დერგი – ქვევრის წინაპარია, რომელიც მეღვინეობის უძველეს ტრადიციაზე მეტყველებს. აქვე ინახება ანტიკური პერიოდის, ფრინველის ფორმის თიხის დოქიც, ის აღმოჩენილი იქნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და დღეს, ეს უნიკალური ჭურჭელი მეღვინეების სიმბოლოდ ითვლება. ჭურჭლის შესახებ ისტორიას მეღვინეები საკუთარი ინტერპრეტაციით ყვებიან. „ქოჩორა ყურყუმელა“, რომელიც დიდი ხანია გასცდა ბოლნისის ფარგლებს,  სხვადასხვა ფესტივალების განუყოფელ ნაწილად იქცა, თითქოს დღესაც აგრძელებს ფრენას და ქართულ ღვინოს მსოფლიოს აცნობს.

დღეს ბოლნისში საოჯახო მარნები ფუნქციონირებს, სადაც მეღვინეები წინაპრების ტრადიციას აგრძელებენ, ქვევრის უძველეს მეთოდს ისინი თანამედროვე გამოცდილებას უთავსებენ. მე-19 საუკუნეში აქ ჩამოსახლებულმა გერმანელმა კოლონისტებმა, მეღვინეობის განვითარებას ახალი მიმართულება მისცეს, დაამკვიდრეს ვენახის მოვლისა და ღვინის შენახვის განსხვავებული კულტურა, რომელიც ბოლნისურ ღვინოზე დღემდე ახდენს გავლენას. დღეს ეს გამოცდილება, ქართულ ტრადიციასთან ერთად, ერთიანდება და ქმნის უნიკალურ  ღვინოს.

დღეს ბოლნისი ღვინის მიკროზონადაა აღიარებული, ადგილობრივი ღვინო კი საერთაშორისო ბაზარზე ღირსეულ ადგილს იკავებს, აქტიურად გრძელდება ისტორია, რომელიც 8000 წლის წინ დაიწყო.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები