დაბა კაზრეთში კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი, კომპანია არემჯის ფინანსური მხარდაჭერით და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები, კულტურის სახლის ორი სართულის ექსტერიერის და ინტერიერის სრულ განახლებას, ეზოს მოპირკეთებას და ლანდშაფტის მოწყობას ითვალისწინებს.
კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მოხდება საკონცერტო დარბაზის სრული განახლება და ტექნიკური სივრცეების კეთილმოწყობა, რომელიც აღიჭურვება საჭირო თანამედროვე აპარატურით. შენობაში ასევე მოეწყობა გათბობა-გაგრილებისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები. დაბაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
ფართომასშტაბიანი პროექტი, რომლის მიზანია დაბა კაზრეთში კულტურული ცხოვრების გააქტიურება და ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნა, ერთ წელში დასრულდება, მისი საერთო ღირებულება კი 2 მილიონ ლარს შეადგენს.





