ქვემო ქართლის ტურისტულ მარშუტს მალე ახალი ლოკაცია შეემატება. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ახალ სიცოცხლეს იძენს. ,,საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, მასშტაბური პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. „საყდრისის კომიტეტმა“ ხულუტის ციხესთან სარეაბილიტაციო სამუშოების პრეზენტაცია გამართა.

საწყის ეტაპზე  ჩატარებულია ძეგლის სკანირება,  გეოლოგიური და კედლის ქვის მნიშვნელოვანი კვლევები, რაც სამომავლოდ სწორად განისაზღვრავს ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების სრული ნუსხას. პარალელურად მოწყობილია ციხესთან მისასვლელი ბილიკი, დადგმულია ხარაჩო, დასრულდა ძეგლის ხე-მცენარეებისგან გაწმენდა. ვინაიდან ციხე დარბაზის ცალკეული ნაწილები უსაფრთხო არ არის. დადგმულია გამაფრთხილებელი ბანერები. ძეგლზე მოსამზადებელ სამუშაოებს  კომპანია RMG აფინანსებს.

ძეგლი XVII საუკუნის მეორე ნახევარს განეკუთვნება და ერთ-ერთ საუკეთესო ციხე-დარბაზად ითვლება გვიანი შუასაუკუნეების საქართველოში.

საყდრისის კომიტეტის აღნიშვნით 5 კოშკისგან შემდგარი 8 სართულიანი ციხე- დარბაზი გამორჩეული ძეგლია და მისი ავთენტური სახით შენარჩუნება რესტავრატორებისთვის გამოწვევა იქნება.

ხულუტის ციხე-დარბაზს “საყდრისის კომიტეტი” 2017 წლიდან იცავს და ის მე-6 ძეგლია, რომელზეც სარეაბილიტაციო სამუშაოები „საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივით და მონიტორინგით მიმდინარეობს.