ღვინით გაგრძელებული ტრადიციები

0
159

 

300 წლის წინ, დევნოზაშვილების  წინაპრებმა, ვარძიის მახლობლად მდებარე სოფელი გოგაშენი დატოვეს და საცხოვრებლად ბოლნისსა და დმანისში გადმოვიდნენ, მაშინ ვერც კი   წარმოიდგენდნენ, რომ  ღვინის ,,აკვანში’’ აღმოჩნდებოდნენ. მანამდე  ისინიც ღვინოს ქვევრში აყენებდნენ და აცოცხლებდნენ იმ ძველ  ტრადიციებს, რასაც ღვინის შექმნა ჰქვია.  წინაპრების გზა   ბოლნისში, სადაც მეღვინეობა-მევენახეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიაა,  აქტიურად გააგრძელა მეღვინე გია დევნოზაშვილმა, ღვინო ,,DEVNO’’,-მ, რომელსაც დღეს უკვე არა მარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც კარგად იცნობენ, დიდი გზა გაიარა. მეღვინე შრომატევად საქმიანობას ოჯახის წევრების დახმარებით უმკლავდება.

რატომ გადაწყვიტეთ მარნის გაკეთება და რა გზა გაიარა ღვინო „DEVNO”-მ ?

–  ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ პირველი ქვევრის ღვინო ქვემო ქართლში, შულავერში აღმოაჩინეს. ღვინომ, რომელსაც 8000 წლიანი ისტორია გააჩნია, გადამაწყვეტინა, პატარა წვლილი შემეტანა ქართული ღვინის ისტორიის გაგრძელებაში, რის გამოც 2017 წელს ავაშენე მარანი და 14 ქვევრში, ძველი ქართული ტრადიციების მიხედვით დავაყენე ღვინო. მოგეხსენებათ, ღვინის დაყენება მოითხოვს დიდ შრომას, ამიტომ მის შექმნაში ოჯახის თითოეული წევრი იღებს მონაწილეობას.

რა სახეობის ღვინოებს შევხვდებით თქვენს მარანში?

-პირველ წელს გვქონდა საფერავისა და რქაწითელის ღვინო, ახლა უკვე  დაემატა თავკვერი და სოვინიონ-მუსკატი.

ამ ეტაპზე რა რაოდენობის ღვინოს აწარმოებთ?

– წლის განმავლობაში ვაწარმოებთ 4 სახეობის ღვინის 5000 -6000 ბოთლს, რომლის დიდი ნაწილი იყიდება საზღვარგარეთ. ჯერჯერობით არ ვაპირებთ რაოდენობის გაზრდას, რადგან ჩვენი მიზანია მუდმივად ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის ღვინო. ბოლნისური ღვინის დაყენება ჩემთვის ასოცირდება იმ 8000 წლიან ისტორიასთან, რომელიც ქვეყანას გააჩნია, ჩვენი საქმე კი  გაიგივებულია ქართული ტრადიციის გაგრძელებასთან.

როგორია მარანი  ,,DEVNO’’- ამბიციები?

-ჩვენ გაგვაჩნია ამბიცია რომ „DEVNO“ და ბოლნისი გავაცნოთ მთელ მსოფლიოს. ამისათვის ქმედითი ნაბიჯები გადადგმულია, ჩვენი ღვინო იყიდება ევროპაში, ამერიკაში და ა.შ.

 რაც შეეხება ღვინის სახელწოდებას?

– რა შეიძლება ერქვას  ჩემს ღვინოს, თუ არა ,,DEVNO’’, წლებთან ერთად „DEVNO“-ს ცნობადობა იზრდება, რაშიც გვეხმარება სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის ჩვენი ფეისბუქ გვერდი ,,Georgian wine ქართული ღვინო’’, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდია  საქართველოში.

მარანი გაერთიანება ,,ღვინო ბოლნისის წევრია“.

-მარანი „DEVNO“ არის ღვინო ბოლნისის წევრი, რომლის მეშვეობითაც მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა აქტივობებში, ღონისძიებებში, ხშირად ერთმანეთს ვუზიარებთ ცოდნა-გამოცდილებას და ა.შ.  აღსანიშნავია, რომ „DEVNO“-ს არა ერთი მედალი და ჯილდო აქვს მიღებული, ამ აქტივობებში მონაწილეობის შედეგად, და რათქმაუნდა, ეს ყველაფერიც განაპირობებს ჩვენს წარმატებას.

 რაც შეეხება სამომავლო გეგმებს?

 -ამ ეტაპზე მნიშვნელოვან გაფართოებას არ ვგეგმავთ, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენთვის პრიორიტეტია ღვინის მაღალი ხარისხი და არა რაოდენობა. ძირითადად აქცენტი ისევ და ისევ გვექნება  ღვინის საზღვარგარეთ რეალიზაციაზე, ვინაიდან ვთვლი, რომ მსოფლიოსთვის ჩვენი ქვეყნის კულტურის გაცნობა მნიშვნელოვანია მომავალი განვითარებისთვის.

-მადლობა , გისურვებთ წარმატებებს!

მაგდა დევნოზაშვილი

წინა სტატიაგოგი მეშველიანი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს
შემდეგი სტატიაUSAID-ის პროგრამა “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” აგრძელებს ინოვაციური საგრანტო პროგრამების განხორციელებას