მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და IBA-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პიერ მოტემ.ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ პროექტი მთლიანად ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით წარიმართება.პრემიერ-მინისტრმა ფონდ „ქართუს“ და მის ხელმძღვანელობას პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა მიხეილ ჩხენკელმა, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის დაარსების მნიშვნელობაზე ისაუბრა.მიხეილ ჩხენკელი: „დღეს ჭეშმარიტად ისტორიული დღეა – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვიწყებთ ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობას. როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეის და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად, რომელიც 1 მილიარდ ევროს შეადგენს, ჩვენს ქვეყანაში გვაქვს ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანდარტის მქონე უნივერსიტეტი. დღეს ეს უნივერსიტეტი იძენს ახალ განზომილებას, ადრონული თერაპიის ცენტრს, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით, უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს.ჩვენი ადრონული თერაპიის ცენტრი ჭეშმარიტად უნიკალურია. როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, აქ იფუნქციონირებს ორი ციკლოტრონი, რომლებიც უკვე მზადაა. ამ მიმართულებით წამყვან კომპანია IBA-ში მიმდინარეობს ტესტირების ბოლო ფაზა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. ორი ციკლოტრონი ხდის ჩვენს ცენტრს ჭეშმარიტად უნიკალურს, რადგანაც ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნით მკურნალობას, და აქვე ორიოდე სიტყვით გეტყვით, რომ ეს არის სიმსივნის მკურნალობის წინა ხაზი – პროტონული თერაპიის დროს, როდესაც ხდება პაციენტის დასხივება, ნადგურდება მხოლოდ სიმსივნით დაავადებული უჯრედები, ხოლო ჯანსაღი უჯრედები არ ნადგურდება. სწორედ ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და, როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია პაციენტების მკურნალობის დროს განსაკუთრებით კი სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობისას. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ადრონული თერაპიის ცენტრი უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.მეორე ციკლოტრონი მთლიანად დაეთმობა სამეცნიერო კვლევით პროცესს. როდესაც მე პირადად მხვდა წილად ბედნიერება, ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელებთან ერთად, მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს შევხვედროდი და მათთან დეტალურად მესაუბრა ამის შესახებ, ყველა უდიდესი ენთუზიაზმით შეხვდა იმ ამბავს, რომ ჩვენ გვექნება მთლიანად მეცნიერებისთვის განკუთვნილი ციკლოტრონი. მათ უკვე გამოთქვეს მზაობა, რომ აქ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ქართველ მკვლევრებთან ერთად, აწარმოონ ძალიან მაღალი დონის სამეცნიერო კვლევები მედიცინაში, სამედიცინო ფიზიკასა და ბირთვულ ფიზიკაში. ასევე, ძალიან ემოციური იყო ის მომენტი, როდესაც ჩვენ, ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელებთან ერთად, ვიხილეთ ჩვენი ციკლოტრონები, რომელზეც უკვე გამოსახულია ქართული დროშა და სულ მალე ციკლოტრონები საქართველოში იქნება. აღსანიშნავია, რომ ადრონული თერაპიის ცენტრი არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნაწილი, რადგან კავშირი სამეცნიერო კვლევით პროცესსა და იმ აკადემიურ პროცესს შორის, რომელიც უნივერსიტეტში მიმდინარეობს, უაღრესად მნიშვნელოვანია. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში აღიზრდება ქართველ მეცნიერთა ის მომავალი თაობა, რომელიც აქტიურად იმუშავებს ადრონული თერაპიის ცენტრში. ამასთან დაკავშირებით, მე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე მაქვს, რაც მინდა საზოგადოებას გავუზიარო – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩვენ ვიწყებთ პირველ სადოქტორო პროგრამას. ეს გახლავთ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა ბირთვულ ფიზიკაში, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ გერმანიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტთან – აახენის უნივერსიტეტთან ერთად. სწორედ ეს არის ამ უნივერსიტეტის ფილოსოფია, რომ ყოველი აკადემიური პროგრამა შემუშავდეს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე. მოქმედი აკადემიური პროგრამები, როგორც იცით, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე და მათთან თანამშრომლობით არის შემუშავებული. ჩვენ ყველას ძალიან გვეამაყება, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის, რეიტინგში პირველ ადგილზეა ეროვნული გამოცდების ქულების მიხედვით. ეს, რასაკვირველია, ძალიან სასიხარულო და საამაყო ამბავია. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი არის უდიდესი საჩუქარი ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ახალგაზრდებისთვის, მთლიანად აკადემიური სივრცისა და მთელი რეგიონისთვის.ყველას კიდევ ერთხელ მინდა, მთელი გულით მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული დღე – ადრონული ცენტრის მშენებლობის დაწყება და ყველას წარმატებები გისურვოთ!“.ღონისძიების ფარგლებში, ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის თაობაზე შესაბამის წერილს მოეწერა ხელი, რომელიც კაფსულაში განთავსდა.ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა მთლიანად დაფინანსებულია ფონდ „ქართუს“ მიერ. ცენტრი სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით ფუძნდება. კომპანიამ ადრონული თერაპიის ცენტრისთვის ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი უკვე ააწყო. ერთი ციკლოტრონი მთლიანად მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე თერაპიის მეთოდებით, რაც უაღრესად ეფექტურია სიმსივნით დაავადებულთა, განსაკუთრებით კი ბავშვთა მკურნალობისთვის. მეორე ციკლოტრონი კი განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, დიდ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან – მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში.ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას დისტანციურ ფორმატში სიტყვით ასევე მიმართეს უნივერსიტეტის საპატიო რექტორმა ვოლფგანგ ჰერმანმა და დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის (HZDR) სამეცნიერო დირექტორმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე სებასტიან შმიდტმა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.