კვირა, იანვარი 26, 2025
spot_img
Homeკულტურასტუდია „პრესტო” საერთაშორისო ფესტივალიდან კვლავ წარმატებით დაბრუნდა

სტუდია „პრესტო” საერთაშორისო ფესტივალიდან კვლავ წარმატებით დაბრუნდა

2 ივლისს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქ.ბათუმის სპორტკომპლექსი „ბასკო“, თანამედროვე სამეჯლისო და სპორტული ცეკვების საერთაშორისო ფესტივალს “WDSF OPEN 2021″ მასპინძლობდა, სადაც 18 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ასპარეზობდნენ. პრესტიჟული სპორტული ცეკვების ტურნირზე, ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული სტუდია „პრესტოს” დიდებსა და მოზრდილთა ასაკობრივ კატეგორიაში, ინდივიდუალურ სოლო შესრულებასა და წყვილებში იღებდნენ მონაწილეობას, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები აკვირდებოდნენ. საერთაშორისო ფესტივალზე ინდივიდუალურ სოლო შესრულებაში პირველი ხარისხის დიპლომებით: მარიამ ნურალაშვილი, მარიამ კორტავა, ნატალი სვანიძე, ელენე საყვარელიძე და ანა გრძელიშვილი დაჯილდოვდნენ. მე-3 ხარისხის დიპლომი 9-10 წლის ასაკობრივ კატეგორიაში მარიამ აბრამიანს გადაეცა სოლო შესრულებაში. წყვილებში მე-4 ადგილი ეკატერინე დემურაძისა და თაზო ყანჩელაშვილის წყვილს ერგო, ხოლო მე-5 ადგილის მფლობელები ლიზი მაღალიანი და სანდრო ბერიძე გახდნენ. სტუდია „პრესტოს ” მოცეკვავეები ახალი სასწავლო წლიდან მზადებას საქართველოს თასისთვის დაიწყებენ.

გოჩა ხელიძე, ბოლნისის კულტურის ცენტრთან არსებული ლათინო-ამერიკული ცეკვების სტუდიის ხელმძღვანელი:

-სტუდია „პრესტოს” მოცეკვავეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა მნიშვნელოვან ტურნირებში და მათ არაერთი გამარჯვება აქვთ მოპოვებული. რაც შეეხება აჭარის ტურნირს, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია და ჩვენ უკვე მე-7 წელია ვიღებთ მონაწილეობას, სადაც ყოველთვის წარმატებით ვასპარეზობთ. წელსაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ დავდეთ სასურველი შედეგი. ასევე მინდა აღვნიშნო საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც 30 მაისს გაიმართა, აქ პირველი ხარისხის დიპლომი მარიამ როინიშვილს ერგო, წყვილებმა კი მეორე ხარისხის დიპლომები მოიპოვეს.

მზევინარ ხომასურიძე, კულტურის სახლის დირექტორი:

-ძალიან კმაყოფილი ვარ კონკურსით და ჩვენი ბავშვების შედეგებით. ძალიან ბევრი მონაწილე იყო და ამასთანავე საკმაოდ დიდი იყო კონკურენციაც, ამიტომ შემიძლია თამამად  ვთქვა, რომ ჩვენი ბავშვები არაჩვეულებრივად წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი მუნიციპალიტეტის მერს ბატონ დავით შერაზადიშვილს და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს სოსო კოპალეიშვილს, რომ მისცეს ბავშვებს ტურნირზე მონაწილეობის საშუალება.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები