გადაცემა ჩვენი ,,საქმის სტუმარი’’ სოფო გასიშვილია,რომელიც ბოლნისის საზოგადოების დიდმა ნაწილმა „ბიბლუსის სოფო“ ასე გაიცნო.გოგონა, რომელიც წლების მანძილზე წიგნის მაღაზია „ბიბლუსში“ მუშაობდა. მუდამ მომღიმარმა, ფერადმა და პოზიტიურმა თავი მალევე ყველას შეაყვარა. დღეს უკვე მისი ხელნაკეთი აქსესუარებიც უყვართ, მოსწონთ და უკვეთავენ კიდეც. ხელსაქმე პანდემიის პერიოდში დაიწყო, მაშინ როდესაც ყოველდღიური რიტმი შეიცვალა და სამყარომ ცხოვრება ახალ რეალობაში გააგრძელა. კარანტინის დროს სოფო ბავშვობის საყვარელ ხელსაქმეს მიუბრუნდა, სკივრში ჩალაგებული ძველი ნივთები ამოალაგა და ლამაზი თვლებით, ფერთა შეხამებით თმის სამაგრი გააკეთა. „ჩემი საქართველო“ ასე უწოდა რუკაზე ფერადი თვლებით განთავსებულ საქართველოს კუთხეებს.ბროშებს, თმის სამაგრებს, სხვადასხვა ფორმისა და დიზაინის აქსესუარები მოყვა. საზოგადოებამ სოფოს ხელნაკეთი ნივთები მალევე აიტაცა და ახლა ის სხვების გახარებაზე ზრუნავს. სოფოს ინსპირაციის წყარო ჰობის მიმართ დიდი სიყვარული, ის დადებითი ემოციები, ხასიათი და განწყობაა, რომელსაც ყოველდღიურად გასცემს და იღებს საზოგადოებისგან და მომხმარებლის მხრიდან.