პატარა ფეხბურთელები, როგორც ადგილობრივი, ასევე მიმდებარე სოფლებიდან დიდი სიყვარულით იკრიბებიან ფეხბურთის სათამაშოდ, მათ ახალი სივრცე ძალიან მოსწონთ. სოფელ ცურტავში ,,სამოქალაქო ბიუჯეტირება -დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ ფარგლებში მოსახლეობის ინიციატივითა და ჩართულობით მინი სტადიონი მოეწყო და უკვე შიდა ტურნირებიც იმართება.
მინი სტადიონი დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად მოინახულა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო სტადიონი, სადაც დამონტაჟდა როგორც საფეხბურთო, ასევე საკალათბურთო ინვენტარი, განათებები, ხელოვნური საფარი, მიმდებარე ტერიტორიაზე კი გაკეთდა მოსასვენებელი სკამები, ტრიბუნები და დამონტაჟდა ნაგვის ურნები.
სოფლის ახალგაზრდებისთვის სპორტული აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც თავად გვიყვებიან, აქამდე სკოლის ეზოში და სპორტულ დარბაზში ატარებდნენ ტურნირებს, ახალი ინფრასტრუქტურა კი მომავალი თაობების ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია.