დღეს, ბოლნისის ძიუდოს დარბაზში, მარნეულის, დმანისის, თეთრიწყაროს, წალკისა და ბოლნისის ძიუდოისტებს, ძიუდოს ფედერაციის საშეჯიბრო ჯგუფის წევრები ახალი პროექტის ფარგლებში სტუმრობდნენ. ძიუდოს ფედერაცია, მიმდინარე წლიდან, სხვადასხვა ასაკისა და წონით კატეგორიებში, სხვადასხვა მოთხოვნებს აწესებს.
ნორჩ ძიუდოისტებში, რეგიონული კურატორები მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცდებს ატარებენ. 2024 წლიდან, შიდა ტურნირების ჩატარებას, გაწერილი კალენდრის მიხედვით, მხოლოდ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მიერვე შექმნილი საშეჯიბრო ჯგუფი უზრუნველყოფს, რომელიც არა მარტო საშეჯიბრო დროს, არამედ მათში მონაწილეობის წესებსა და პირობებსაც ითვალისწინებს.
საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ახალ პროექტს ახორციელებს, სახელწოდებით „მილიონი ლარი პირად მწვრთნელებს“, რომელიც ითვალისწინებს ახალი საგამოცდო-საშეჯიბრო პრაქტიკის დანერგვას ნორჩ ძიუდოისტებში, რომლის მიხედვითაც წლის ბოლოს სარეიტინგო ტურნირში საუკეთესო ქულების მქონე ძიუდოისტები და მწვრთნელები ფულადი თანხით წახალისდებიან.
შეჯიბრებებს, 2024 წლის კალენდრის მიხედვით, თითქმის ყოველ შაბათ-კვირას, თავად ძიუდოს ფედერაცია ჩაატარებს. სალიცენზიო შეჯიბრებზე გამოცდა ჩაუბარებელი ძიუდოისტები არ დაიშვებიან.