ბოლნისის მუზეუმმა, სასკოლო თეატრალური ფესტივალის, „არტ-სკოლის“ დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლა. მოსწავლეების მიერ, სპეციალურად, ამ ფესტივალისთვის დაწერილ და ნათამაშებ თეატრალურ მინი წარმოდგენებს, 3 დღის განმავლობაში, კვალიფიციური ჟიური აფასებდა, სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოავლინეს და დააჯილდოვეს. „არტ-სკოლის“ სასკოლო თეატრალურ ფესტივალში 7 სკოლა მონაწილეობდა, რომლებმაც თითოეულ წარმოდგენაში, დიდი შრომა ჩადეს და მაყურებლამდე ზღვა ემოცია მიიტანეს. ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი კობა ჟღენტი ესწრებოდნენ.
თეატრალურ ფესტივალს, რომელიც სტარტს 2014 წლიდან იღებს, თბილისისა და რუსთავის შემდეგ, წელს ბოლნისიც შეუერთდა. დაჯილდოების ცერემონიალზე, ორგანიზატორმა სოფიო კალანდაძემ მადლობა გადაუხადა მონაწილეებს და აღნიშნა, რომ თითოეული ბავშვის აღმოჩენა დიდი ზეიმი იყო მათთვის. კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, მოხდა სხვადასხვა ნომინაციების გამოვლენა და დაჯილდოება. გამარჯვებულ სკოლას, ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნები და დიპლომები, ხოლო თითოეულ მონაწილეს, სიგელები გადაეცათ.
თეატრალური ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიის კულმინაცია, გამარჯვებული თეატრალური დასის გამოვლენა იყო. უძლიერეს, კონკურენტუნარიან ნაკადს შორის ჟიურიმ არჩევანი დაბა კაზრეთის ნომერ 1 საკარო სკოლის თეატრალურ დასზე გააკეთა და მთავარი პრიზი ,,გრან-პრი’ გადასცა. აღნიშნული ფესტივალის მიზანიც, სწორედ შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა, კულტურული და განათლებული მომავალი თაობების აღზრდა და თეატრის, როგორც სინთეზური ხელოვნების, გაცნობაა.