3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. სარეაბილიტაციო ცენტრ „განთიადი“-ს ბენეფიციარებმა, ამ დღესთან დაკავშირებით, საკუთარი ხელით შექმნილი, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოაწყვეს.
,,პანდემიამ ძალიან შეგვაფერხა, მაგრამ მაინც მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს პერიოდი. იანვრიდან დაიწყო თანამშრომლების გადამზადება. ჩამოგვიტანეს უამრავი სამუშაო მასალა და სამომავლოდაც, უამრავ ღონისძიებას ვგეგმავთ. მადლობა ქალბატონ ელისოს, ასეთი ზრუნვისთვის და გვერდში დგომისთვის,“განაცხადა ბოლნისის დღის ცენტრის დირექტორმა, თამარ გვიდიანმა.
ღონისძიება საერთაშორისო ქსელის BICE მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, ქალთა კავშირის „რეა“ და ბოლნისის დღის ცენტრის თანამშრომლობით ხორციელდება. ,,რეა“-ს წარმომადგენელმა ელისო რეხვიაშვილმა, თანამშრომლებისთვის და სტუმრებისთვის პროექტის პრეზენტაცია მოაწყო და ისაუბრა როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო გეგმებზე.
,,როგორც მოგეხსენებათ,პანდემიამ ყველას პრობლემა შეგვიქმნა, მაგრამ ვცდილობდით არ გავჩერებულიყავით, ამიტომ მუშაობა დავიწყეთ როგორც ბოლნისში, ასევე საქმიანობა განვაახლეთ – ასპინძასა და ახალქალაქში.
პროექტი ჩვენი ძველი პარტნიორის – BICE (საფრანგეთი, შვეიცარია) მიერ არის დაფინანსებული და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. იგი სხვადასხვა სასარგებლო, მათ შორის სახელობო, უნარების განვითარებას ისახავდა მიზნად, ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ბავშვებსა და მოზარდებში. პანდემიის პირობებში, ასეთი მუშაობა, ახალ მიდგომებს მოითხოვს ჩვენი ცენტრების და აგრეთვე, პარტნიორი ორგანიზაციის – ბოლნისის ‘’განთიადის“ პედაგოგებისგან. მათ მოუწიათ ბენეფიციარებთან მუშაობა „ონლაინ“ რეჟიმში, ამ მიდგომებს პოსტპანდემიურ პერიოდშიც გამოვიყენებთ. ჩვენ შშმ პირთა საერთაშორისო დღეს დავამთხვიეთ ეს ღონისძიება. გამოვფინეთ პროექტის ფარგლებში გაკეთებული ნივთები, გვქონდა მცირე პრეზენტაცია და სამომავლოდაც ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებებს. ასევე პროექტის ერთ-ერთი მიმართულება გახლდათ პირველადი საჭიროების მქონე ნივთებით ბენეფიციარების უზრუნველყოფა. ეს ისეთი ნივთებია, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან აუცილებლობას წარმოადგენს,“ განაცხადა კავშირი ,,რეა“-ს გამგეობის თავმჯდომარემ და პროექტის ხელმძღვანელმა ელისო რეხვიაშვილმა.

