2021-2022 სასწავლო წლის დასასრულს, ტრადიციულად, ბოლნისის ზაურ ხუჯაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში საანგარიშო კონცერტი გაიმართა. სამუსიკო სკოლის ფოიეში გამოფენილი იყო ამავე სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატები. ღონისძიება კორონავირუსის პანდემიის გამო 2019 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. ამიტომ სცენაზე ბევრი დებიუტანტი შემსრულებელი და საფორტეპიანო ნომრებში სხვადასხვა კონკურს-ფესტივალებში გამარჯვებული ბავშვი იღებდა  მონაწილეობას.

ღონისძიება რამდენიმე საათი გაგრძელდა, სადაც შესრულდა კლასიკური ნაწარმოებები, ანსამბლები. ამავე სკოლაში არსებულმა კლასიკური გიტარის წრემ ოთხი კომპოზიცია შეასრულა.  საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროფესიულმა ორგანიზაციამ, წლების განმავლობაში დამსახურებული საქმიანობისა და პროფკავშირულ მოძრაობაში გამორჩეული მუშაობისთვის სამუსიკო სკოლის თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.დასკვნით ნაწილში ზაურ ხუჯაძის სახელობის სამუსიკო სკოლის გაერთიანებული გოგონათა გუნდი და ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „ბოლნისი“ მცირე რეპერტუარით წარსდგა. შეასრულეს როგორც პროფესიული მუსიკა, ასევე საგალობელი, უცხოური და მრავალხმიანი, რის შემდეგაც გუნდი, ბათუმის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში გრანპრის მოპოვებისთვის დიპლომებითა და მედლებით დააჯილდოვეს.გუნდის სამომავლო გეგმებში ბევრი სიახლეა, მათ შეთავაზებები აქვთ სხვადასხვა ანსამბლებიდან ერთობლივი კონცერტების ჩატარების როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.