სალომე აბულაძე, დაბა კაზრეთის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, ის თავისუფალი უნივერსიტეტში მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტზე 100% გრანტით ჩაირიცხა,როგორც სალომე ,,გაზეთ ბოლნისთან’’ საუბარში აღნიშნავს კარგ შედეგს ელოდებოდა, რადგან სკოლაში მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომა განსხვავებულ შედეგს გამორიცხავდა. მან შეძლო საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოევლინა.
,,აბიტურიენტობა არ იყო ისეთი ექსტრემალური, როგორსაც მოველოდი. თუ არ ჩავთვლით სტრესსა და დარდს, დაბნეულობას(ვიყოთ გულწრფელები:), თუ რა იქნებოდა და როგორ, სასწორის ერთ მხარეს შემოდებული იმედგაცრუება გაიმარჯვებდა თუ მეორე მხარეს დაბრძანებული გამარჯვება, ჩემი აბიტურიენტობა საკმაოდ ლაღი, მრავალფეროვანი და შემეცნებითი იყო. იმ ფაქტმა, რომ გამოცდებისთვის ვემზადებოდი, არათუ დამაბრკოლა, არამედ ხელი შემიწყო კიდევაც, მეკითხა ყველაფერ იმაზე, რაც ცხოვრების ხარისხისა და მენტალური მდგომაროების გაუმჯობესებაში, დროის მენეჯმენტში დამეხმარებოდა. საბოლოოდ კი შევძელი, ვყოფილიყავი არათუ დასტრესილი აბიტურიენტი, რომლისთვისაც ერთი წლით გამოწერილი ოთხი კედელია წარმატებით ჩაბარებული გამოცდების საფასური, არამედ ის აბიტურიენტი, რომელიც სრულფასოვნად შეიგრძნობს როგორც, მაგალითად, სიმბოლიტური აზროვნების სპეციფიკას ან საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის მნიშვნელობას მსოფლიო ისტორიაში, ასევე მეგობრებთან და ოჯახის ძვირფას წევრებთან გატარებულ საღამოებს. ჩემი სამომავლო გეგმები კომპეტენციების ზრდასა და დამოუკიდებელი, მაქსიმალურად რეალიზებული ცხოვრებისთვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებას მოიაზრებს. და თუ რა მიღწევები მოჰყვება ამას, ვიმედოვნებ, ჩვენი მომდევნო ინტერვიუს თემა იქნება. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ არ გაფლანგონ დრო სტრესსა და მომავლის განჭვრეტაში – სჯობს ეს დრო უშუალოდ მოქმედებას დაუთმონ; დააბალანსონ პირადი ცხოვრება და სწავლა; დაისახონ კონკრეტული მიზანი – თუ სად უნდათ მოხვედრა და რა შედეგით –ყოველ დღეს შეახსენონ თავიანთ თავს ეს მიზანი და ყოველი დღე დაიწყონ იმ ამოცანის შესრულებით, რა ამოცანაც წაადგება მათ მიერ დასახულ მიზანს. ნუ შეგეშინდებათ გაურკვევლობისა და დაბნეულობის. შესაძლოა, სულაც არ იცოდეთ, სად გინდათ სწავლა. ეს ნორმალურია. ამიტომაც გირჩევდით, სწავლის პარალელურად თქვენთვის ავტორიტეტულ და კომპეტენტურ ადამიანებთან გაიაროთ კონსულტაცია, შეიცნოთ თქვენი თავი, განსაზღვროთ თქვენი ინტერესები და შეარჩიოთ ის ფაკულტეტი, რომელიც ყველაზე ახლოს დგას თქვენს ინტერესებთან. და ბოლოს, ყველა გამოცდაზე შედით თავაწეული, თავდაჯერებული და ღიმილიანი სახით!’’- აღნიშნა სალომე აბულაძემ