ბოლნისის მუნიციპალიტეტს, რამდენიმე დღეა, საკარანტინო რეჟიმში უწევს ცხოვრება. საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტში მომუშავე აგრარული თუ სამთო მომპოვებელი საწარმოების ნაწილი, იმისთვის ,რომ ბაზარზე პროდუქტის დეფიციტი არ მოხდეს, ჩვეულ რეჟიმში, მკაცრი ჰიგიენური წესების დაცვით, შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას. ერთ-ერთი, სოფელ დისველში მდებარე, ქალთა კოოპერატივი ,,დისველია“. ყველის საწარმოში აქამდეც მუდმივად ხდებოდა სანიტარული ნორმების დაცვა, თუმცა საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, მეტად გამკაცრდა სოციალური დისტანცია და რეკომენდაციები. კოოპერატივის მუშაობა სოფლისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა. საწარმო 2014 წელს აშენდა და ნატურალურ რძეს, თანასოფლელებისგან, დმანისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებისგან იღებს. აქ დამზადებული სხვადასხვა სახეობის რძის პროდუქტით დედაქალაქის რამდენიმე ქსელური მაღაზია მარაგდება. კოპერატივი, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს რძის პროდუქტებს გადასცემს
შეცვლილი დღის წესრიგით მუშაობას აგრძელებს სოფელ აკაურთაში მდებარე შპს ,,ქართული სახლი’’, სადაც ხორც-პროდუქტების წარმოება, დახურულ გარემოში, სრული სანიტარული ნორმის დაცვით ხდება. ამ ეტაპზე, საწარმო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, შეიზღუდა თანამშრომელთა გადაადგილება, შენობაში მუდმივად ხდება დეზინფექცია. დასაქმებულები საწარმოში შესვლამდე სპეციალურ შემოწმებას გადიან,პროდუქციის რეალიზებაც შეუფერხებლად ხდება.
სოფელ სავანეთის ,,მეფრინველეობის ფაბრიკა ‘’, მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაცის დაცვით, აგრძელებს მუშაობას. კვერცხის წარმოება და რეალიზება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება. ჰიგიენური ნორმების დაცვით მუშაობენ ასევე ბოლნისის პურ-ფუნთუშეულის მცირე საწარმოებიც.
16 მარტიდან, საქართველოსა და ამიერკავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესი სამთო მოპოვებითი საწარმო ,,არემჯიმ“, ვირუსისგან თავდაცვის მიზნით, თანამშრომლების ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა, კომპანიაში ჩატარდა კომპლექსური სადეზინფექციო სამუშაოები. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ, რეკომენდაციების გასაცნობად, პოსტერები გამოიკრა.
[:]