2020 წელი თანამედროვე მსოფლიომ კორონავირუსთან ბრძოლით დაიწყო. აქამდე უცნობმა ინფექციურმა დაავადებამ, რომელიც ჩინეთში წარმოიქმნა, დედამიწის თითქმის ყველა კონტინენტი მოიცვა. 2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი მსოფლიო საფრთხედ მიიჩნია და 11 მარტს  პანდემიად გამოაცხადა.

საქართველოში დადასტურებული პირველი შემთხვევიდან, ზუსტად ერთ თვეში, 23 მარტს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში პირველი COVID-ინფიცირებული დადასტურდა. რთული ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბოლნისი  ჩაიკეტა, განთავსდა ბლოკპოსტები, დაიკეტა ყველა ობიექტი, გარდა სასურსათო, სააფთიაქო ქსელებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურისა.

საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ბოლნისის მუნიციპალიტეტი, შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იკვლევდა მოსახლეობის საჭიროებებს, მთელმა საზოგადოებამ ერთად გაიარა  ძალიან მძიმე დღეები, თვეები,  თუმცა  პანდემია ჯერ კიდევ არ დასრულებულა.  როგორია ეპიდ ვითარება ერთი წლის შემდეგ ბოლნისში. პანდემიის წლისთავს გაზეთ „ბოლნისთან“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი მაკა მამარდაშვილი აჯამებს.

მოგესალმებით ქალბატონო მაკა, თითქმის ერთი წელი გავიდა პანდემიის დაწყებიდან, გთხოვთ  გაიხსენოთ ის პერიოდი, როდესაც შიშის და სტრესის ქვეშ გიწევდათ უხილავ მტერთან, 24 საათიან რეჟიმში ბრძოლა, რა შეიცვალა ამ მხრივ დღეს, მიმოვიხილოთ განვლილი პერიოდი, როგორია სტატისტიკური მონაცემები პირველი ტალღიდან დღემდე?

-საქართველოში  კოვიდ-19-ის პირველი ფაქტი  დადასტურდა 2020 წლის 26 თებერვალს, ერთი წელი გავიდა, რაც ვებრძვით ამ ინფექციას. ბოლნისში კი, პირველი შემთხვევა 23 მარტს  სოფ ნახიდურში დაფიქსირდა, რაც დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის,  ეპიდკვლევაზე რომ მივდიოდით ვიცოდით, რომ არ უნდა დაგვერღვია და მკაცრად უნდა დაგვეცვა ინფექციის კონტროლის ღონისძიებები, უნდა გვეკონტროლებინა ასევე ერთმანეთი, შემდგომ ერთს მოჰყვა მეორე, მესამე, სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში დაფიქსირდა კოვიდ ინფიცირებული, მაშინ არსებული რეკომენდაციით ეპიდკონტრლის მიზნით, საჭირო გახდა  სოფლების იზოლაცია და უკვე იზოლირებულ სოფლებში მუშაობა, რაც საკმაოდ ძნელი  და  რისკის შემცველი იყო, როგორც ჩვენთვის, ასევე  იმ პირებისთვის რომლებიც ჩვენთან ერთად  მუშაობდნენ 24 საათიან რეჟიმში. საბოლოო ჯამში პირველ ეტაპზე  ბოლნისში აღირიცხა 195 კოვიდ ინფიცირებული, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 191, ხოლო გარდაიცვალა 4 ადამიანი, მათ შორის 1 სამედიცინო პერსონალი. პირველი ტალღის მერე გვქონდა პაუზა, ივნისის მერე ბოლნისში პირველი კოვიდ ინფიცირებული  უკვე სექტემბრის ბოლოს აღირიცხა და თანდათან გვქონდა შემთხვევების კატასტროფული მატება, დღეში დასტურდებოდა 50- დან 80- მდე კოვიდ ინფიცირებული, შედეგად მეორე ტალღის დროს გვყავდა  2125 დადასტურებული კოვიდ შემთხვევა, რომელთაგან გარდაიცვალა 34 , 3 გადის მკურნალობას და 2088 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

რაც შეეხება ბოლნისში კოვიდ ინფექციის სრულ სტატისტიკას, სულ დადასტურებულია 2320 კოვიდ შემთხვევა, გარდაიცვალა 38, მკურნალობს – 3, გამოჯანმრთელდა 2279 ადამიანი;  

– რეგულაციების შემსუბუქების პარალელურად, როგორი ეპიდვითარებაა ბოლნისში დღეს?  

-დღეს ბოლნისში გვაქვს კეთილსაიმედო ვითარება, რასაც აუცილებლად სჭირდება შენარჩუნება, თან იმ ფონზე, როცა ეტაპობრივად ყველანაირი შეზღუდვა იხსნება. ჩვენთან უკვე ფიზიკურ გარემოში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. სწავლა დაიწყო 1 თებერვალს, გაიტესტა მასწავლებლების 20% პსრ-ით,ხოლო 80 ანტიგენის სწრაფი ტესტით,  ბოლნისის მასშტაბით უკვე ჩატარდა 2 ტესტირების ეტაპი, შედეგად არ გამოვლენილა არცერთი შემთხვევა. არსებული რეგულაციის შესაბამისად, მასწავლებელთა ტესტირება  მიმდინარეობს ყოველ 14 დღეში ერთხელ. 1 მარტიდან კი საბავშვო ბაღებმა დაიწყო  ფუნქციონირება.  მიმდინარეობს აღმზრდელების ტესტირება, რომელიც შემდეგშიც გაგრძელდება.

 თებერვლის თვეში სულ ჩატარდა 3173 კოვიდ ტესტირება, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 2399, ხოლო პსრ -ით 774, შედეგად დაფიქსირდა 27 კოვიდ ინფექცია, აღსანიშნავია, რომ ბოლო დადასტურებული შემთხვევების ინფექციის წყარო არ უკავშირდებოდა თვითონ ბოლნისის შემთხვევებს და იყო შემოტანილი ძირითადად თბილისიდან.   ბოლნისში ისევ გვაქვს კოვიდ კლინიკა, სადაც 3 პაციენტი გადის მკურნალობას;

-რა დამაიმედებელ მესიჯს გაუგზავნით მშობლებს, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ გაუშვან თუ არა შვილები სკოლებსა და ბაღებში, რამდენად დაცულია მათი ჯანმრთელობა ამ დაწესებულებებში?  

-სკოლამდელ და სასწავლო დაწესებულებებს აქვთ შესაბამისი რეკომენდაციები და უნდა იმუშაონ მათი სრული დაცვით,  ასეც ხდება, მაგრამ აუცილებლად მნიშვნელოვანია ბავშვებს როგორც სახლებში, ასევე სკოლებში ხშირად შევახსენოთ და გავაკონტროლოთ  ის რეკომენდაციები, რომელიც უნდა დაიცვას ყველამ, ასაკის შესაბამისად. 

-ელოდებით მესამე ტალღას?

-შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, მაგრამ ეს არ იქნება მასშტაბური, როგორიც იყო მეორე ტალღა, ვფიქრობ, გვექნება შემთხვევების მატება.

-სიმპტომების შემთხვევაში  სად შევძლებთ ტესტის გაკეთებას?

-სიმპტომების შემთხვევაში შეგიძლიათ ტესტირება ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში და უკვე შესაძლებელია შპს ტრიომედშიც.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერ მსურველს, ვისაც სურს კოვიდზე ანტიგენის სწრაფი ტესტის გაკეთება, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა სიმპტომები, შეუძლია მიმართოს ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებებს და ჩაიტაროს ტესტირება.

-და მოგვიწევს თუ არა თანხის გადახდა?

-კოვიდზე ტესტირება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  არის უფასო. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პიროვნება საკუთარი მიზნებისთვის საჭიროებს პსრ ტესტირებას, მაგალითად მიემგზავრება სხვა ქვეყანაში და ა.შ.

-რას ურჩევდით საზოგადოებას, როგორ დავიცვათ თავი ამ ვერაგი დაავადებისგან?

-ჯერ ისევ თავის დაცვის საშუალება არის პირბადე, დისტანცია და ხელის ჰიგიენა,;

თუ თავს იგრძნობთ შეუძლოდ, დაუკავშირდით  ოჯახის ექიმს და მისი რეკომენდაციით ჩაიტარეთ კოვიდ ტესტირება, რათა გამორიცხოთ ეს დაავადება.

ვიცით, რომ ქვეყანა კოვიდ ვაქცინის მოლოდინშია.

-მადლობა საინტერესო საუბრისთვის, გისურვებთ ჯანმრთელობას!