„სამოქალაქო ბიუჯეტირება- დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ -ს ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში, მოქალაქეთა ინიციატივებისთვის 1 500 000 (მილიონ ხუთასი ათასი) ლარი იქნა გათვალისწინებული. პროექტის ფარგლებში სულ 5 ინიციატივა დაფინანსდა, თითოეული პროექტის ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს. პროექტები ბოლნისის მუნიციპალიტეტში კენჭისყრით გამოვლინდა.
მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეებისთვის ხმის მიცემა 31 ოქტომბერს დასრულდა, რის შემდეგაც გამოვლინდა გამარჯვებული პროექტები: 1. ქალაქის კინოთეატრის კონსერვაცია- რესტავრირება. 2. ქალაქის სკვერის მოწყობა ფეხბურთის მოედნით, ტრენაჟორებითა და სკეიტ პარკით 3. სოფელ ცურტავში სკვერის მოწყობა 4. სოფელ ბოლნისში სკოლამდელი სასწავლო ცენტრის განვითარება თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისად. 5. სოფელ რაჭისუბანში სკვერის მოწყობა.
რა ეტაპზეა და როგორ მიმდინარეობს მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეების განხორციელება, ამაზე ვრცლად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი კონსტანტინე კორძაძე საუბრობს:
პროექტის ფარგლებში დაიგეგმა 5 ინფრასტრუქტურული ობიექტის ჩაბარება, სოფელ ფარიზში უკვე დაპროექტებულია მინი სტადიონისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები, რის შემდეგაც გავა ტენდერში და უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაოები, ასევე მიმდინარეობს ქალაქში მდებარე კინოთეატრის შენობის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, სადაც სველი წერტილების და გადახურვის სამუშაოები ხორციელდება. მეორე ეტაპისთვის საჭიროა პროექტირება, რის შემდეგაც განხორციელდება დარჩენილი სამუშაოები. ქალაქში, ათონის ქუჩაზე დაწყებულია სტადიონის მოწყობის პროექტირება, მიმდინარეა პროექტირება სოფელ ბოლნისშიც, რის შემდეგაც სამშენებლო პროექტზე გავუშვებთ. რაც შეეხება სოფელ რაჭისუბანს, აქ ადგილის შერჩევის გამო შეიქმნა მცირე პრობლემა დაპროექტირებასთან დაკავშირებით, თუმცა ხმათა უმრავლესობით სოფლის ქვედა ნაწილში, სადაც მჟავე წყალთან დამაკავშირებელი ბილიკი გადიოდა, მოეწყობა სკვერი. საერთო ჯამში დაწყებულია 2 პროექტის მშენებლობა და სამ ობიექტზე პროექტირება დასრულების ფაზაშია.