ალბათ ყველა სკოლაშია ისეთი მასწავლებელი, რომელიც ყველა მოსწავლეს უყვარს და კოლეგები განსაკუთრებულ პატივს სცემენ, მასწავლებელი, რომლისთვისაც სკოლა საყვარელი ოჯახია. ზუსტად ასეთია ჩვენი სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ -მასწავლებელი ქეთევან ლიქოკელი. ის არის ყველა მოსწავლისათვის საყვარელი და სანატრელი პედაგოგი, იმიტომ, რომ „რასაც ფიქრობს, ამბობს, რასაც ამბობს აკეთებს. ხოლო რასაც გვასწავლის, იმის შესაფერისად მოქმედებს.“ ჩვენს სკოლაში მოსვლამდე, მშობლიურ სოფელ გამარჯვებაში პედაგოგიური მოღვაწეობის 24 წლიანი გამოცდილება ჰქონდა. როგორც მისი ნაამბობიდან ვიცი, თავიდან ძალიან გაუჭირდა უცხოენოვან გარემოში მუშაობა, რადგან მოსწავლეებს არ ესმოდათ ქართული ენა. ქეთინო მასწავლებელმა საკომუნიკაციო აზერბაიჯანული ენა იცოდა, მაგრამ სკოლაში არსებული სიტუაციის გამო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: საერთოდ არ გამოიყენა აზერბაიჯანული სიტყვები და დაიწყო ახალი მეთოდების მოძიება, რათა სახელმწიფო ენა ესწავლებინა აკაურთელი ბავშვებისათვის.
ამიტომ, შეარჩია პროფესიული საქმიანობის დევიზი-“თუ გინდა ასწავლო, უნდა ისწავლო.” ეს სიტყვები დღეს მის სამუშაო მაგიდასთან არის გამოკრული. მოკლედ, ისწავლა… და ასწავლა… ქეთინო მასწავლებელი არა მარტო საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ფიქრობდა, არამედ ატარებდა ენის კურსს, ეხმარებოდა მასწავლებლებს სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის მზადებაში, როგორც ტუტორი- ახალგაზრდა მაძიებელ მასწავლებლებს სტატუსის მიღებაში. ქეთინო მასწავლებელი თითოეული ჩვენგანისათვის ცხოვრების მაგალითი და მისაბაძი ადამიანი გახდა. მისთვის ყველა მოსწავლე პიროვნებაა. მისი გაკვეთილები, მრავალფეროვანია, საინტერესო აქტივობებითა და სახალისო დავალებებით. ყოველთვის ცდილობს, ბევრ პროექტში, კონკურსში ჩაერთოს აკაურთის საჯარო სკოლა. ამიტომ, დღე და ღამე დაუღალავად მუშაობს. მისი მიზანია, რომ საქართველო და სახელმწიფო ენა შეაყვაროს ბავშვებს, გოგოებს დაეხმაროს სტერეოტიპების დაძლევაში, გააცნოს საქართველოს ისტორია, ყოველმხრივ განავითაროს მოსწავლეები. სკოლის წარმატებები გამოაქვეყნოს და საჯაროდ გააცნოს სხვებს, შესაძლებლობა მისცეს მოსწავლეებს საზოგადოებაში ინტეგრაციისა. მის მიერ დაგეგმილი სკოლის ექსკურსიებით იზრდება მოსწავლეთა ცნობიერება და მოტივაცია, ხოლო კლასგარეშე ღონისძიებები დაგვეხმარა ქართული ენისა და ზოგადად ცნობიერების ამაღლებაში, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდაში. სასიხარულო, სასიამოვნო და საამაყოა, რომ დღეს ქეთინო მასწავლებლის უპირველესი მიზანი – ქართული ენის პოპულარიზაცია – მიღწეულია. მისი მოსწავლეები სრულყოფილად ვსაუბრობთ ქართულად, უზომოდ გვიყვარს საქართველო, ვიცით მშობლიური სოფლისა და სამშობლოს ისტორია… და რაც მთავარია, მან გვასწავლა უმნიშვნელოვანესი ადამიანური ღირებულებები: მეგობრობა, ერთგულება, თანამშრომლობა, ტოლერანტობა, შრომისმოყვარეობა,თავდაჯერებულობა.
ჩვენი ურთიერთობა გრძელდება და კიდევ ბევრი მისაღწევი მიზნები გველოდება წინ.
მასალა მომზადებულია პროექტის ,,ჩემი მასწავლებელი“-ფარგლებში სოფელ აკაუთის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლის ჩინარა ნაბიევას მიერ.