ნახევარი საუკუნის განმავლობაში ბოლნისელების თვალის ჩინს იცავს. მისი პროფესიონალიზმი, თავდადება და გულისხმიერება, არაერთხელ გამხდარა საზოგადოების აღფრთოვანების საგანი. ქალბატონი ელიკო ის ექიმია, რომელმაც ცხოვრების 52 წელი პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვას მიუძღვნა. ბოლნისელებმა კი მისი ღვაწლი, კიდევ ერთხელ აღიარეს და ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს. ჩვენს ინტერვიუში ის გვიზიარებს თავის პროფესიულ გამოცდილებას, მოგვითხრობს კარიერის მნიშვნელოვან ეტაპებზე და ახალგაზრდა თაობას რჩევებს აძლევს.
–ქალბატონო ელიკო, მოგესალმებით და გილოცავთ დამსახურებულ ჯილდოს – ბოლნისის საპატიო მოქალაქის წოდებას, რა მნიშვნელობა აქვს ამ აღიარებას თქვენთვის?
-მოგესალმებით, მადლობა მოლოცვისათვის. ბოლნისის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ასევე სტიმული პროფესიული საქმიანობის გაგრძელებისა.
-რა ადგილს იკავებს ეს ჯილდო თქვენს პროფესიულ და პირად ცხოვრებაში?
-ეს ჯილდო საამაყოა, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი ოჯახისთვის.
-თქვენი აზრით, რა განსაკუთრებულ მიღწევებს უკავშირდება ეს აღიარება?
-სამედიცინო მოღვაწეობის განმავლობაში (52 წელი), ვემსახურე ჩემ ხალხს დიდი ერთგულებით, გულისხმიერებით და სიყვარულით.
-როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს ამ ჯილდოს მინიჭებას საზოგადოებისთვის და რა დადებითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს საპატიო მოქალაქის დაჯილდოების ტრადიციას?
-ჩემთვის ამ ჯილდოს გადმოცემას საზოგადოება გამოეხმაურა შემდეგი შეფასებით – ,,დამსახურებული“. ასეთი ისტორიული და დიდი ტრადიციების მქონე ქალაქის საპატიო მოქალაქეობა, დამეთანხმებით, ყველასთვის მნიშვნელოვანია.
-ქალბატონო ელიკო, რამდენი წელია ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში მუშაობთ და როგორ დაიწყო ყველაფერი?
-1966 წელს დავამთავრე ქ.ბათუმის №1 ქართული საშუალო სკოლა, ოქროს მედალზე. იმავე წელს მოვეწყვე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე 1972 წელს და გამანაწილეს ბოლნისის საავადმყოფოში ოფთალმოლოგად. ამ წლების განმავლობაში, რამდენჯერმე ავიმაღლე კვალიფიკაცია.
–რა არის ყველაზე დიდი გამოცდილება, რაც კარიერის განმავლობაში მიიღეთ ექიმ ოფთალმოლოგად მუშაობისას?
-ექიმ ოფთალმოლოგად მუშაობისას მივიღე მრავალენოვან მოსახლეობასთან მუშაობის გამოცდილება, გულთბილი დამოკიდებულება და დაფასება.
– რა უნარები და თვისებები სჭირდება კარგ ოფთალმოლოგს?
-კარგ ოფთალმოლოგს სჭირდება ცოდნა, გულისხმიერება, თავისი საქმის სიყვარული და თავდაუზოგავი შრომა, ასევე, რა თქმა უნდა, სათანადო აღჭურვილობა.
–თქვენი მრავალწლიანი გამოცდილების ფონზე, როგორია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ხელმისაწვდომობა?
-ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამედიცინო მომსახურების ხარისხი გამართული და ყველასათვის ხელმისაწვდომია. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა პროგრამები, მრავალი დაავადება ფინანსდება. ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში განახლდა ოფთალმოლოგიური ოპერაციების ჩატარება. არის თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობა და გვყავს მაღალკვალიფიციური კადრები.
–რა გამოწვევებს აწყდებით პროფესიული საქმიანობის დროს და, როგორ ახერხებთ მათთან გამკლავებას?
-პროფესიული საქმიანობის დროს ხშირად ვაწყდებით დაგვიანებული მომართვის შემთხვევებს. ვცდილობთ პაციენტი გამოვიყვანოთ მდგომარეობიდან და სწორი მიმართულება მივცეთ.
–თქვენი რჩევებითა და გამოცდილებით, რა იქნებოდა ყველაზე ეფექტური ხერხი ახალგაზრდა ექიმებისთვის, პაციენტებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად?
-პაციენტებთან ურთიერთობისას მთავარია გამოიჩინო გულისხმიერება, საქმეს მიუდგე პროფესიონალურად და მუდამ მზად იყო მათ დასახმარებლად.
-როგორც წარმატებული და გამოცდილი ოფთალმოლოგი, რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა ოფთალმოლოგებს, და ზოგადად, სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებს, როგორ უნდა აიწყონ წარმატებული სამედიცინო კარიერა?
-ახალგაზრდა ოფთალმოლოგებსა და ზოგადად, სამედიცინოს სტუდენტებს, ვურჩევ სწავლის პროცესს მოეკიდონ პასუხისმგებლობით, იშრომონ ბევრი და მუდამ ისწრაფონ კვალიფიკაციის ამაღლებისკენ. მარიამ ონიანი
