სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული დებატების ეროვნული ტურნირის საუკეთესო მომხსენებლებისა და გამარჯვებულების, ასევე პროექტში ჩართული წარმატებული მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით, წელს პროექტში „დებატები უკეთესი განათლებისთვის“
დაბა კაზრეთის ( ბოლნისის მუნიციპალიტეტი) N1 და N2 საჯარო სკოლები ჩაერთნენ. წლის მანძილზე სკოლებში გახსნილ დებატკლუბებში 40-მდე მოსწავლემ, პროექტის ფარგლებში სპეციალურად დატრენინგებული მასწავლებლების დახმარებით, საჯარო დებატების ინტენსიური კურსი გაიარა.
დებატების ეროვნული ტურნირის საუკეთესო მომხსენებლების შორის დაბა კაზრეთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა სიმონიშვილი დასახელდა. „არემჯიმ“ ასევე, პროექტის პარტნიორ „ლიბერთი ბანკთან“ ერთად საჩუქრები გადასცა პროექტში ჩართულ მასწავლებლებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებული 60 დებატკლუბის ხელმძღვანელები არიან. საჩუქრები გადაეცათ დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგ მარიამ ბერიას და N2 საჯარო სკოლის პედაგოგ მაია დევნოზაშვილს, რომლებმაც წარმატებით უხელმძღვანელეს სკოლებში გახსნილ კლუბებს და თბილისში 25-26 ივნისს გამართულ დებატების ეროვნულ ტურნირზე წარადგინეს გუნდები.
„კომპანია „არემჯი“ წელს გახდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტის პარტნიორი და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით არსებულ დებატკლუბებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტიც დაემატა. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი თანაბრად უწყობს ხელს, როგორც მოსწავლეების ასევე მასწავლებლების განვითარებას და მათ არაფორმალური განათლების მიღების კუთხით ძალაინ საინტერესო შესაძლებლობებს სთავაზობს. მოხარული ვარ, რომ კაზრეთის სკოლებმა ძალიან სწრაფად აუღეს ალღო დებატების პრინციპებს და ეროვნული ტურნირის ფარგლებში გამოვლენილ წარმატებულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის იყვნენ კაზრეთის ორივე სკოლის წარმომადგენლები. „ – განაცხადა არემჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნატალი ნოზაძემ.
პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტისა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ორგანიზებით ხორციელდება და მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.