ლეგენდარული, ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ორერა“ 65 წლის საიუბილეო ტურნეს ფარგლებში, ბოლნისს ეწვია და კულტურის სახლის სცენიდან მაყურებელს ემოციური სოლო კონცერტი აჩუქა. ღონისძიება კულტურის სამინისტროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
ანსამბლი „ორერა“ 1960 წელს უცხო ენათა ინსტიტუტში დაფუძნდა, ერთ წელში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და მას შემდეგ, იქ მოღვაწეობს. „ორერამ“ ამ დროის მანძილზე შემოიარა 100-ზე მეტი ქვეყანა, მსოფლიოს 22 ენაზე იმღერა 1000-ზე მეტი სიმღერა. აღსანიშნავია, რომ „ორერას“ 65 წლის განმავლობაში, საკონცერტო მოღვაწეობა არ შეუწყვეტია.
ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე გაჟღერდა ათწლეულების განმავლობაში ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ჰიტები. მუსიკალურ ნომრებს შორის კურიოზული მონოლოგებიც გაისმა, რამაც საღამოს დამატებითი ხალისი შესძინა.
„ორერა“დაარსებიდან 65 წელს აღნიშნავს, მათი რეპერტუარი ასეულობით სიმღერას მოიცავს, მსოფლიოს მასშტაბით კი 300 მილიონი დისკი აქვს გამოცემული. ანსამბლის ძველი და ახალი წევრები ისევ იმ სითბოთი და სიყვარულით დგანან მსმენელის წინაშე, როგორც 65 წლის წინ.
ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „ორერას“ დიდი დამსახურება აქვს ქართული ესტრადის განვითარების საქმეში. მისი მდიდარი და მრავალფეროვანი რეპერტუარით თაობები გაიზარდა. ბოლნისელ მაყურებელს კი, რომელიც დიდი სიყვარულით აჰყვა მონატრებულ ჰანგებს, ეს საღამო დიდხანს გაჰყვება ტკბილ მოგონებად.