ელენე ნასყიდაშვილი 16 წლის ახალგაზრდაა, რომელიც დაბა კაზრეთში ცხოვრობს. ელენე დაკავებულია მოხალისეობრივი საქმიანობით, თუმცა იგი არ არის ჩვეულებრივი მოხალისე. მისი ისტორია იმ ახალგაზრდის ამბავია, რომელსაც სურს საკუთარ თემს დაუბრუნოს სიკეთე, იმედი და მოტივაცია.
„მოხალისე იმიტომ არ უნდა იყო, რომ ანაზღაურებას მიიღებ, არამედ იმიტომ, რომ გქონდეს სურვილი რაიმე შეცვალო”, – ამბობს ელენე.
მოხალისეობა არის საზოგადოებრივი საქმიანობა, რომელსაც ადამიანი ანაზღაურების გარეშე ახორციელებს, მხოლოდ საკუთარი სურვილითა და სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობით. ეს არის უანგარო შრომა, რომლის მიზანია საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესება. ეს საქმიანობა არ არის მხოლოდ დახმარება, არამედ სოციალური ცვლილებების ინსტრუმენტია. ყოველი ადამიანს შეუძლია პოზიტიური გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე თავისი დროისა და უნარების უსასყიდლოდ გაზიარებით.
ელენე ნასყიდაშვილის მოხალისეობრივი მოგზაურობა დაიწყო სკოლაში შექმნილი „ეკო-კლუბიდან”. მიუხედავად რთული ნაბიჯებისა, რომელიც ყველა საქმეს ახლავს თან, ჩვენი რესპოდენტი თანდათანობით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოხალისე გახდა რეგიონში.
5 წლის განმავლობაში ელენემ გაიარა არც ისე მარტივი, მაგრამ საოცრად საინტერესო გზა. მისი საქმიანობა მოიცავდა გარემოს დაცვას, მეეზოვეებზე ზრუნვას, ახალგაზრდებისთვის შეხვედრების ორგანიზებას.
განსაკუთრებით გამორჩეული იყო მისი მონაწილეობა „ჰელფინგ ჰენდის” პროექტ „მოხალისე ელჩებში”. საქართველოს მასშტაბით 25 მოხალისიდან იგი იყო ერთადერთი, ვინც შეძლო სპონსორის მოზიდვა და პროექტის დახურვითი ღონისძიების გამართვა.

„თავიდან ვერ ვიფიქრებდი, რომ შევძლებდი პრეზენტაციების ჩატარებას, მაგრამ რაც უფრო მეტს ვცდილობდი, მით უფრო მეტი რწმენა გამიჩნდა საკუთარ თავში”, – იხსენებს ელენე.
ჩვენთან საუბარში ელენემ ერთი ძალიან საინტერესო ისტორია გაიხსენა, რომელიც მას გადახდა და რომელიც მტკიცებულებაა იმისა, რომ მხოლოდ საკუთარ შინაგან ხმას უნდა მოუსმინო : „ერთ ამბავს მოგიყვებით, როდესაც სურამში ვიყავით ამ პროექტზე წარვადგინეთ „6 თვიანი სამოქმედო გეგმა”, სადაც ძალიან თამამად წარვადგინე 15 აქტივობა და ორგანიზატორები მეუბნებოდნენ, რომ შეიძლება გაგიჭირდესო, ჯერ ცოტა დაწერე და მერე დაამატეო.
მახსოვს, ამ დროს ერთ-ერთი მოხალისე ეუბნებოდა მეორეს, რომ ვერ იზავსო. ამაზე უბრალოდ გამეღიმა და დავჯექი. არ მქონდა კარგი გრძნობა, თითქოს იმედი დავკარგე. მაგრამ არ შევუშინდი. დავუჯერე ჩემს თავს და პროექტის ბოლოს 30-მდე პროექტი მქონდა განხორციელებული.”
ელენეს მტკიცედ სჯერა, რომ ახალგაზრდებს შეუძლიათ სამყაროს შეცვლა. „ცხოვრებაში არაფერი არის შეუძლებელი, – ამბობს იგი, – მთავარია შენი მონდომება და შრომისმოყვარეობა”.
ჩვენი რესპოდენტის რჩევა ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ სიღრმისეულია: ,,არასდროს დაკარგოთ იმედი, არ შეუშინდეთ გამოწვევებს და იბრძოლოთ საკუთარი მიზნებისთვის.“
ეს 16 წლის გოგონა მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ პატარა ადამიანს დიდი ცვლილებების ინიცირება. მისი ისტორია განსაკუთრებით საყურადღბოა იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურს საკუთარი თემისა და საზოგადოების გაუმჯობესება.
მარიამ ონიანი

