საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან ერთად ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის საქმიანობას გაეცნო

მიხეილ ჩხენკელმა და ჰუბერტ ქნირშმა ცენტრი დაათვალიერეს, სასწავლო კურსებს გაეცნენ და ზრდასრულთა განათლების ცენტრის მსმენელებს გაესაუბრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ირმა ზურაბაშვილმა სტუმრებს ცენტრის საქმიანობის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინა. ღონისძიების დასასრულს კი მინისტრმა და ელჩმა ცენტრის კურსდამთავრებულებს სპეციალური სერტიფიკატები გადასცეს.

ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნონა რეხვიაშვილი ესწრებოდნენ.

DVV International-ის დაფინანსებითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ ბოლნისში ზრდასრულთა განათლების ცენტრი 2021 წელს გაიხსნა. ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის კონცეფცია გერმანულ მოდელს ეყრდნობა და ის მსმენელებს 15 სხვადასხვა სასწავლო კურსს სთავაზობს. ცენტრი ასევე 2 კლუბს, ახალგაზრდულ მიმართულებასა და სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრსაც აერთიანებს.