ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად!
ბოლნისის ისტორიული ეპარქიის მრევლს და მთელს მოსახლეობას გულითადად გილოცავთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას – სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დიად დღესასწაულს.
ადამი და მისი მოდგმა, მთელი კაცობრიობა გამოხსნილია, ჯოჯოხეთი და სიკვდილი ძლეულია, სამოთხის კარი ღიაა – აი ეს არის ამ საოცარი სიხარულის მიზეზი.
“მშვიდობა თქვენ თანა!”(იოანე 20.19) ამ სიტყვებით დალოცა და ანუგეშა უფალმა მოციქულები და მთელი სამყარო აღდგომის მწუხრზე მისი საკვირველი გამოცხადებისას.
ჩვენც ამ კურთხევას წმ.თომა მოციქულის მსგავსად მტკიცე სარწმუნოებრივი აღსარება შევაგებოთ: ” უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი” (იოანე 20.28). ამ რთულ და განსაცდელებით აღსავსე ვითარებაში უპირველეს ყოვლისა ზეგარდამო მშვიდობა მინდა ვუსურვო ყველას, მთელს მსოფლიოს, საქართველოს და განსაკუთრებით უკრაინას, სადაც მძვინვარებს საშინელი ომი. უფალმა განუსვენოს სასუფეველში ყველა მიცვალებულს, ხოლო დევნილებსა და სნეულებაში მყოფთ ნუგეში და კურნება მიმადლოს. აღვავლენთ ლოცვებს, რათა აღარ იყოს დედამიწაზე ადგილი ძალადობის, სისხლისღვრის, ბოროტების, არამედ “ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება” (ლუკა 2.14) სუფევდეს.
ამისთვის კი ადამიანის გული უნდა იყოს წმინდა, ცოდვისგან თავისუფალი, სადაც დაივანებს სიყვარული, სიხარული, სიკეთე, თანაგრძნობა, მადლიერება. ამ სათნოებებს გავუზიარებთ ერთმანეთს და ეს ნათელი გაფანტავს ამსოფლიურ სიავეთა ბნელს.
უნდა გვახსოვდეს რომ მარადისობის შვილები ვართ და მიწიდან ზეცად უნდა ავმაღლდეთ. ეს წუთისოფელი მზადებაა უკვდავი სიცოცხლისათვის. ამიტომაც უფლის მოწოდებისამებრ თითოეულმა ჩვენგანმა ამქვეყნად საკუთარი ჯვარი უნდა ავიღოთ. ეს არის პასუხისმგებლობა და მოვალეობა ღვთისა და ერის წინაშე.
მადლობა ღმერთს, რომელმაც საოცარი სამშობლო, ივერია გვიბოძა, საუფლო კვართითა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მფარველობით დაცული. საქართველო ერთი წმინდა დიდი ოჯახია შედუღაბებული ჭეშმარიტი რწმენით, ენით, ტრადიციული ფასეულობებით, კულტურით, წინაპართა სისხლით და ურთიერთსიყვარულით. ჩვენი ბოლნისი – მრავალჭირნახული, სისხლითა და ოფლით მორწყული, უძველესი სიონით, ბოლნური ჯვრითა და ასომთავრულით, ეკლესია – მონასტრებით, მრავალათასწლოვანი ვაზითა და ხორბლით, ბუნებრივი სიმდიდრეებითა და საგანძურით. ღვთისაგან ავანსად და წყალობად მოცემულ მადლს, სიცოცხლეს, ნიჭებს, ყვეყანას, მიწა-წყალს სჭირდება ზრუნვა, დაცვა, გამრავლება და აღორძინება. ეს არის ერთდროულად შანსიც და საშუალებაც, რომლის რეალიზებისთვის სულიერი და ფიზიკური ღვაწლია აუცილებელი ანუ გულწრფელი ლოცვა, ღვთისმსახურება და გულმოდგინე, პატიოსანი შრომა.
ამის უნიკალურ მაგალითს გვაძლევენ ჩვენი წინაპრები. ერისა და ბერის ერთსულოვნება, როგორც ერთი ცოცხალი ორგანიზმისა, გამოიხატებოდა ჭირსა და ლხინში, ბრძოლაში, ურთიერთთანადგომაში, სიყვარულში, ლოცვასა და შრომაში. ვფიქრობ განსაკუთრებით ეს გვჭირდება დღეს ყველას. ამან მოგვიყვანა აქამდე და ეს არის გზა ჩვენი ბედნიერი მომავლისაკენ. მიუხედავად რიგი სირთულეებისა ნუ შევუშინდებით განსაცდელებს, არ დავკარგოთ მხნეობა, იმედითა და რწმენით განვვლოთ წუთისოფელი და მუდამ გვახსოვდეს რომ “ჩვენთან არს ღმერთი”!
ამისთვის კი დიდება და მადლობა მას რომელიც გარდამოვიდა ზეციდან, განკაცდა, ჯვარს ეცვა ჩვენთვის, საკუთარი სისხლით გამოგვისყიდა, აღდგა დიდებით და მარადიული სიცოცხლე მოგვანიჭა. დიდება მოთმინებასა და სიყვარულსა შენსა უფალო იესო!
ასევე თავისი წილი მადლობა და დალოცვა ყველას ტკივილისა და სიხარულის გამზიარებელს, მშვიდობის მსურველს, კეთილისმყოფელს, ქველმოქმედსა და თანამდგომს – განსაკუთრებით თქვენ ჩვენო ძვირფასო ბოლნელებო!
კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მრავალს დაესწარით და იხარეთ მარად!
ქრისტესმიერი სიყვარულით
ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი
24.04.2022