დღეს გაიხსნა ბოლნისის კინოთეატრის მხარდამჭერი მინი კინოფესტივალი , რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის,დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშელიანი , ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად ეწვია. ,,ვერთიანდებით ბოლნისის კინოთეატრის გადასარჩენად’’- ამ იდეის გარშემო ბოლნისელი ახალგაზრდები გაერთიანდნენ და ბევრი გამოწვევის მიუხედავად შეძლეს კინოთეატრის ეკრანი კვლავ აენთოთ . ახალგაზრდებმა მოაწესრიგეს შენობის გარე და შიდა სივრცე . ამ ეტაპზე, ინდიგოს დახმარებით ორდღიან (10-11 ივლისს) ფესტივალს მასპინძლობენ , სადაც ნაჩვენები იქნება 6 თანამედროვე ქართველი რეჟისორის მხატვრული ფილმები. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ბოლნისელი მხატვრებისა და არტისტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა . „მინდა ახალგაზრდებს, განსაკუთრებით, კი, ვანო ერისთავს და მის მეგობრებს მადლობა გადავუხადო შეუპოვრობისა და მიზანდასახულობისთვის. მათ დაგვანახეს, რომ სირთულეების მიუხედავად შესაძლებელია კინო კვლავ დაბრუნდეს ბოლნისში. ჩვენ, კი ჩვენის მხრივ მზად ვართ შესაძლებლობების ფარგლებში მხარდაჭერა გამოვუცხადოდ ყველა მათ წამოწყებას“-განაცხადა გოგი მეშველიანმა.
,,კინოჩვენებებს წინ მოსამზადებელი სამუშაოები უძღოდა, რაშიც ახალგაზრდებმა დიდი მონდომება და შრომა ჩადეს,მინდა მათ ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად არის ჩართული კინოთეატრის გაცოცხლების პროცესში. ჩვენ ფონდ ,,ინდიგოსთან” გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და სწორედ მათთან და ბოლნისელ ახალგაზრდებთან ერთად ვგეგმავთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. უახლოეს პერიოდში გადაიხედება კინოთეატრის რეაბილიტაციის პროექტი,რომელიც მერიამ რამდენიმე წლის წინ შეისყიდა, პროექტის დაკორექტირების შემდეგაც, ისტორიულ შენობაში,როგორც კინოთეატრი ასევე სხვადასხვა საინტერესო და ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი სივრცე გაჩნდება,”-აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.