
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მკაცრ კარანტინის რეჟიმზე გადასვლასთან ერთად, კომპანიაც გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. ადგილზე საწარმოს ხელმძღვანელი პირებისა და თანამშრომლებისგან შექმნილია ანტიკრიზისული ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურ მონიტორინგს უწევს საწარმოში თანამშრომლების მიერ ეპიდემიოლოგების და საქართველოს მთავრობის გაცემული რეკომენდაციების მკაცრ დაცვას.
16 მარტიდან, კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით, კომპანიის თანამშრომლების ნაწილი (დაახლოებით 400 თანამშრომელი) გადასულია დისტანციურ მუშაობაზე. ხდება საწარმოო ტერიტორიაზე შესული ყველა მსუბუქი და და სატვირთო ავტომობილის დეზინფექცია.
პრევენციის მიზნით, დაკეტილია მთავარი თავშეყრის ადგილი, საწარმოს ტერიტორიაზე მდებარე ყველა სასადილო ობიექტი. კომპანიის კაზრეთის ოფისსა და საწარმოო ტერიტორიაზე მდებარე ყველა ობიექტზე რეგულარულად ტარდება კომპლექსური სადეზინფექციო სამუშაოები.
საწარმოო ობიექტები და გამშვები პუნქტები აღიჭურვა ტემპერატურის საზომი ხელსაწყოებით. თანამშრომლებს სისტემატურად ურიგდებათ პირბადეები, დამცავი ხელთათმანები, სადეზინფექციო საშუალებები და სხვა საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.
კომპანია მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს ყველა სახელმწიფო სტრუქტურასთან. გაითვალისწინოს და შეასრულოს საქართველოს მთავრობის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაიცები და მითითებები, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული „არემჯის“ თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
კომპანია „არემჯიმ“ COVID – 19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის 1.000.000 ლარი გადარიცხა #StopCoV ფონდში, რომელიც მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ვირუსის გავრცელების შესამცირებლად საქართველოს მთავრობის მიერ იდენტიფიცირებული საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება.




