გვინდა გამოვეხმაუროთ, 2020 წლის 17 ოქტომბერს, ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ მომზადებულ მორიგ სიუჟეტში კომპანია „არემჯის“ წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს. ტელე ეთერით არაერთგზის გაჟღერებული ინფორმაცია, ერთის მხრივ, ბიზნესზე ზეწოლის კამპანიურ ხასიათს ატარებს, ხოლო მეორეს მხრივ, არ შეესაბამება სიმართლეს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სატელევიზიო სიუჟეტში სახელმწიფო ჯარიმების გადავადების საკითხი არის მტკნარი სიცრუე! „არემჯი“ ოპერირებს საქართველოს კანონდებლობის სრული დაცვით და კომპანიაზე დაკისრებული ყველა ჯარიმა გადახდილია ან/და გასაჩივრებულია არსებული კანონმდებლობის დაცვით. სიუჟეტში მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით წარმოდგენილ ბრძანებებს, არაფერი აქვს საერთო ჯარიმასთან ან/და მის გადავადებასთან. სინამდვილეში ეს არის კომპანიის კვლევა-ძიების სალიცენზიო ვადის გაგრძელების დოკუმენტები.
ზემოაღნიშნულ სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ სამთო-მოპოვებითი კომპანია „არემჯის“ საქმიანობაში იკვეთება ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქმიანი ინტერესები, რაც ასევე არის მტკნარი სიცრუე! ვაცხადებთ, რომ არცერთ ეტაპზე კომპანია „არემჯის“ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან საქმიანი კავშირი არ ჰქონია.
„რიჩ მეტალს გრუპმა” (RMG – არემჯი) საქართველოში სამთო-მოპოვებითი საქმიანობის მიზნით, ბოლნისის რაიონში არსებული „მადნეულისა“ და „კვარციტის“ ლიცენზიები და სამთო-მოპოვებითი საწარმო შეიძინა 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის მაისამდე პერიოდში. ამ პერიოდიდან კომპანიამ საქმიანობა პრაქტიკულად ამოწურული გეოლოგიური მარაგების, ტექნიკურად მოძველებული ბაზისა და გარემოსდაცვითი კუთხით 40 წლის განმავლობაში დაგროვებული პრობლემების გადაჭრით დაიწყო.
“არემჯი ჯგუფმა”, საწარმოო პროცესის გამართვისა და ბიზნესის განვითარების მიზნით, 2012 წლიდან დაგეგმა და განახორციელა მასშტაბური საინვესტიციო ღონისძებები. გეოლოგიური კვლევა-ძიების სამუშაოების პარალელურად დაიწყო წარმოების სრული მოდერნიზაცია, დაინერგა შრომის უსაფრთხოების უახლესი სტანდარტები და პროფესიულად გადამზადდა ათასობით ადგილობრივი დასაქმებული.
ხაზგასასმელია, რომ კომპანიამ, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, შეიმუშავა უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტის გარემოსდაცვითი პოლიტიკა და უზრუნველყო მისი გატარება ბიზნეს საქმიანობაში. ასევე აღსაღნიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან 2018 წელს მიღებული მიწერილობა, გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრის თაობაზე, ამ დროისათვის პრაქტიკულად შესრულებულია. აღნიშნული პროექტის მონიტორინგში საერთაშორისო პარტნიორები, დარგობრივი სახელმწიფო უწყებები და საზოგადოებრივი ჯგუფებია ჩართული.
ამასთანავე, კომპანია ყოველწლიურად ქვემო ქართლისა და მთლიანად საქართველოს მასშტაბით სპორტსმენებისა და სპორტული გუნდების, ხელოვანებისა და შემოქმედებითი ანსამბლების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების, სტუდენტებისა და უმაღლესი სასწავლებლების, პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველების, მეღვინეებისა და ადგილობრივი მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად ასობით პროექტს ახორციელებს.
აღსანიშნავია რომ, “არემჯის” საწარმოებში 2012 წლიდან დღემდე შეიქმნა დამატებით 1000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. ამავე პერიოდის განმავლობაში „რიჩ მეტალს გრუპმა“ საქართველოში, ჯამში 750 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ტელეკომპანია “მთავარი”, მისი პოლიტიკური მიკერძოებულობის გამო, ცდილობს შეულახოს საქმიანი რეპუტაცია ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოს, რითაც ზიანს აყენებს არა მხოლოდ კომპანიის აქციონერებსა და მენეჯმენტს, არამედ წარმოებაში დასაქმებულ 3000-ზე მეტ ადამიანს და მათ ოჯახებს. ამ მხრივ, შემაშფოთებელია, სიუჟეტის ერთ-ერთი რესპოდენტის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ბატონი კახა ოქრიაშვილის განცხადება, კომპანიის აქციონერების შეცვლისა და მენეჯმენტის დათხოვნის შესახებ. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ თავისუფალი ბიზნესის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების ტირაჟირების, საქმიანი რეპუტაციის შელახვისა და ზეწოლისაგან. ვიმედოვნებთ, რომ მუქარითა და დაშინებით ბიზნესის ხელყოფის პრაქტიკა საქართველოში საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა. მსგავს ქმედებებთან დაკავშირებით, კომპანია „არემჯი“იტოვებს უფლებას მიმართოს შესაბამის სამართლებრივ ზომებს.
და ბოლოს, კომპანიაში მიმდინარე ყველა პროცესი ღიაა და ინფორმაცია ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის. “არემჯი”, საქართველოსა და ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნეს ჯგუფია, რომელიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და ზრუნავს 3000-მდე დასაქმებულ ადამიანზე. ეს არის “არემჯის” დიდი გუნდის შრომის შედეგი, რაც ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქვემო ქართლის, არამედ საქართველოს, როგორც ძლიერი და ეკონომიკურად მდგრადი ქვეყნის წარმატებისათვის.