[:en]

საქართველოში საგანგებო რეჟიმი კიდევ უფრო გამკაცრდა, საყოველთაო კარანტინი საქართველოს მასშტაბით გამოცხადდა, რომელიც 31 მარტის დილის რვა საათიდან შევა ძალაში.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა კი უკვე მერვე დღეა, მკაცრ საკარანტონო რეჟიმში ცხოვრობს, ამ დროისთვის 29 741 მოქალაქეს უკვე ჩაუტარდა თერმო სკრინინგი, საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტები გადაყვანილნი არიან მარნეულის საველე ჰოსპიტალში. ამ დროისათვის, მუნიციპალიტეტში, დადასტურებულია 2 შემთხვევა, ერთი სოფელ ნახიდურში, მეორე კი ქვემო ბოლნისში, ორივე ინფიცირებულზე მოხდა კონტაქტების მოკვლევა და გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.
შეგახსენებთ, რომ ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს პრემიერ მინისტრმა საკარანტინო რეჟიმი 21 მრტს გამოაცხადა. ჩაიკეტა ორივე მუნიციპალიტეტის საზღვრები, განთავსდა ბლოკ პოსტები, დაიკეტა ყველა ობიექტი, გარდა სასურსათო, სააფთიაქო ქსელებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურისა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კარანტინის პირველივე დღიდან ბოლნისში შეიქმნა სამუშაო შტაბი, ამოქმედდა ცხელი ხაზი, დაიწყო მოქალაქეების თერმო სკრინინგი, რომელსაც ოცამდე სპეციალურად დატრენინგებული საექიმო ჯგუფი ახორციელებს, დამუშავდა ქუჩები სპეციალური ხსნარით, მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობისთვის, დაიწყო საინფორმაციო კამპანიები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
საკარანტინო ზონად გამოცხადების შემდეგ, სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად, მიმდინარეობს აქტიური კამპანიები, კერძო ბიზნესმენების შემოწირულობებით ასობით ოჯახს პირველადი მოხმარების და ჰიგიენური საშუალებებით დაკომპლექტებული ნობათები ურიგდებათ, რაშიც აქტიურად მონაწილეობენ სპეციალურად შექმნილი მოხალისეთა ჯგუფები.
24 მარტს, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა. მთავრობა სურსათის 9 პროდუქტზე: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, მზესუმზირის ზეთი, ხორბლის ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურასა და ლობიოზე ფასს აზღვევს. აქედან გამომდინარე სასურსათო მაღაზიების ყოველდღიურ მონიტორინგს, მერიაში შექმნილი სპეციალური ჯგუფები ახორციელებენ.

ამ დრომდე საკარანტინო ზონაში ქვემო ქართლის მხოლოდ ორი მუნიციპალიტეტი შედიოდა, 31 მარტის დილის რვა საათიდან კი აღნიშნული მკაცრი წესები სრულიად საქართველოს მოსახლეობას შეეხება. მოთხოვნები კიდევ მეტად გამკაცრდა.

[:]