ბანში და რეგისტრში, პროფესიონალურად, 100-მდე ბავშვის მიერ აჟღერებული მრავალჟამიერი, საგალობლები და ახალი მეთოდით ჩატარებული მასტერკლასი- ასეთი იყო დღე, რომელიც ანსამბლებმა ,,თუთარჩელამ’’ და ,,ბოლნისმა’’ ადგილობრივებს მოუწყვეს. ღონისძიების მასპინძელი და ორგანიზატორი ხოლმეისტერი, ანსამბლ ,,ბოლნისის’’ ხელმძღვანელი ნინო დვალიშვილი გახლდათ, რომელმაც კულტურული დღესასწაული დაგეგმა და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განახორციელა. დაგეგმილ ღონისძიებამდე „თუთარჩელამ“ ჩვენი ქალაქის ღირსშესანიშნაობები მოინახულა. დაათვალიერა ბოლნისის მუზეუმი, ეწვივნენ მეუფე ეფრემს, სადაც სტუმრებმა და მასპინძლებმა, საგალობელი შეასრულეს.
გუნდები ასევე, ერთობლივი და ინდივიდუალური კომპოზიციით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაშიც. დღის დამაგვირგვინებელი აკორდი, ღია ცის ქვეშ, „თუთარჩელას“ ცნობილი მასტერკლასი იყო. ,,თუთარჩელას’’ დამფუძნებელმა, სპეციალური ინსტრუმენტის დახმარებით, გუნდის წევრებს ცნობილი საბავშვო ჰიტები შეასწავლა. ახალი მეთოდით დადგმულმა და ნასწავლმა სიმღერამ, ბავშვებში, და არა მხოლოდ მათში, დიდი ემოცია გამოიწვია. ღონისძიება მრავალჟამიერით გაიხსნა და დაიხურა. ანსამბლ „თუთარჩელას“ ვიზიტით საფუძველი ჩაეყარა, ორ გუნდს შორის მეგობრობას და შემდგომში ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
კობა ჟღენტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი:
-თამარ ბუაძე არის თვალსაჩინოება ჩვენი ქვეყნისთვის, რომელმაც შექმნა შემოქმედება, რომელიც არის დიდი მუსიკალური საგანძური და ამით ამაყობს ჩვენი ერი. მან საქართველოს გააცნო თავისი შემოქმედება, გაიტანა ქვეყნის გარეთ, ქართული კულტურა გააცნო ევროპელებს და როგორც პედაგოგს, მუსიკოსს და შემსრულებელს იწვევენ ევროპის ქვეყნებში ლექციების და მასტერკლასების ჩასატარებლად. ასეთი ქალბატონია დღეს ჩვენი სტუმარი. ის უკვე მეოთხედაა ჩვენს ქალაქში, ჩამოვიდა განახლებული რეპერტუარითა და თაობით. დილიდან ათვალიერებს, ბოლნისის ღირსშესანიშნაობებს, მის აღსაზრდელებთან ერთად. მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, მასპინძლობას უწევს ანსამბლი „ბოლნისი“.
თამარ ბუაძე, ქ. რუსთავის ფოლკლორის სკოლის მენეჯერი, „თუთარჩელას“ ხელმძღვანელი:
-დღეს რუსთავიდან ჩამოვედით სამუსიკო სკოლის გუნდი, „თუთარჩელას“ საშუალო ასაკობრივი თაობა. ვიყავით მუზეუმში, გახლდით მეუფესთან, სადაც არაჩვეულებრივი ღონისძიება გვქონდა. მოვინახულეთ სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმი. ჩემს მეგობარ, ქოლმეისტერ ნინო დვალიშვილის გუნდთან ერთად, ჩავატარეთ ერთობლივი კონცერტი. ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს, არაერთხელ ვყოფილვართ ბოლნისში ფესტივალებით და ჩაგვიტარებია კონცერტები ერთად. ძალიან მაღალ ხარისხში გვმასპინძლობდა ყოველთვის ბატონი კობა.
ნინო დვალიშილი, ხოლმაისტერი, ანსამბლ „ბოლნისის“ ხელმძღვანელი:
-დღეს ჩვენი ულამაზესი ქალაქი მასპინძლობს რუსთავის ფოლკლორის სამუსიკო სკოლის დირექტორს, ქალბატონ თამარ ბუაძის საშუალო ასაკობრივ თაობას. ქალბატონი თამარი არის ცნობილი ქოლმეისტერი, მას აქვს წარმატებები არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, სადაც გუნდის შემადგენლობაში 300-მდე მოსწავლე ჰყავს, არამედ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. მას გუნდები ჰყავს გერმანიასა და შევიცარიაში, სადაც ადგილობრივებს ჩვენს ეროვნულ საგანძურს ასწავლის. დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. ვუზიარებთ ერთმანეთს რეპერტუარს, დიდი მხარდაჭერა მაქვს მისგან.
დღეს საფუძველი ჩაეყარა დიდი ხნის ოცნებას, ჩვენი გუნდების დამეგობრებას. დავგეგმეთ დღევანდელი დღე. დღის ბოლოს კი ახალი მეთოდით ინსტრუმენტებითა და თამაშებით უცხოური სიმღერა ერთობლივად ისწავლეს და შეასრულეს. აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, უცებ ისწავლეს ბავშვებმა და ხალისიანადაც შეასრულეს. ვგეგმავთ ერთობლივ პროექტებს, ერთობლივად ჩავატარებთ კონცერტებს. ჩვენი გუნდი, არის პატრიოტიზმის, სიყვარულის, მეგობრობისა და ერთიანობის მაგალითი. რაც მეტი ახალგაზრდა იქნება ამ ჟანრში, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ჩვენი მხარში დგომით და ენთუზიაზმით უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი ქალაქიც ავამღეროთ.