სამშაბათი, მაისი 21, 2024
spot_img

თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით დმანისს ეწვია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი რეჟისორ გიორგი სიხარულიძესთან ერთად სსიპ დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს ესტუმრა. სამუშაო შეხვედრა გაიმართა დმანისის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, სადაც ბოლო წლებში მართავდა ხოლმე სპექტაკლებს დმანისის თეატრი, რომელიც ამჟამად პრაქტიკულად მხოლოდ ფურცელზე არსებობს, ვინაიდან არ გააჩნია შენობა და არ ჰყავს მსახიობები. მინისტრმა რეჟისორ გიორგი სიხარულიძესთან, დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა მურადაშვილთან, დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ამაგდარ წარმომადგენელთან, ცნობილ არქეოლოგ ჯუმბერ კოპალიანთან და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი და გაეცნო როგორც ცენტრის მუშაობის სპეციფიკას, ასევე ცენტრის სამუზეუმო სივრცის ისტორიას და ბატონი ჯუმბერ კოპალიანისგან ექსპონატების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.

თეა წულუკიანმა ასევე დაათვალიერა დმანისის ე.წ. მსახიობის სახლი, სადაც დმანისის თეატრის სპექტაკლებში მონაწილეობის მისაღებად, ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მსახიობებისთვის დროებითი საცხოვრებელი სივრცე იყო მოწყობილი. ამჟამად შენობა რეაბილიტაციას და სათანადო ინვენტარით აღჭურვას საჭიროებს.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან სამუშაო შეხვედრაზე კულტურის მინისტრმა დმანისის თეატრის აღორძინების ურთულეს საკითხსა და დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სამუზეუმო სივრცის სამართლებრივ სტატუსზე იმსჯელა. შედგა შეთანხმება, რომ კულტურის სამინისტრო, მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, დაიწყებს მუშაობას დმანისის თეატრის განვითარებასა და მსახიობის სახლის რეაბილიტაციაზე იმისათვის, რომ სხვადასხვა თეატრების დასები აღდგენილი დმანისის თეატრს გასტროლებით ესტუმრონ, რაც რაიონის არა მხოლოდ კულტურულ, არამედ ტურისტულ პოტენციალსაც მნიშვნელოვნად გაზრდის.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები