ბოლნისის აგროცენტრის ინიციატივითა და კომპანია Sensors & Smart Technologies • სენსორები და ჭკვიანი ტექნოლოგიები (SST) – ის ორგანიზებით, ამინდისა და კლიმატური ინფორმაციული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ რაჭისუბანში, ფერმერების კუთვნილ სავენახე მეურნეობებში აგრო-მეტეო სადგურის და სენსორული სისტემების მონტაჟი/პროგრამულად უზრუნველყოფა განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში სამიზნე ლოკაციაზე დამონტაჟდა შემდეგი სენსორული სისტემები:
აგრო – მეტეოსადგური (iMETOS 3.3 IMT 300-USW);
ფოთლის ტემპერატურის სენსორი;
pH სენსორი;
ჰაერის ბარომეტრული წნევის საზომი.
აგრო – მეტეოსადგური და სენსორული სისტემები აგრობიზნესისთვის ერთ – ერთი თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომლის სენსორული სისტემის ინტეგრაციით ფერმერები შეძლებენ მართონ პროცესები და დაგეგმონ აგროღონისძიებები საკუთარ მეურნეობაში კლიმატის ცვლილებების მიუხედავად.
აგრომეტეოსადგური იძლევა 3-7-14 დღიან ამინდის პროგნოზს და შემდეგ კლიმატურ მონაცემებს:
ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა;
მზის რადიაცია და ენერგია;
ქარის შესახებ მონაცემები;
გაბატონებული ქარის მიმართულება და სიჩქარე;
ევაპოტრანსპირაცია (ETo);
ნალექის მაჩვენებელი;
ჰაერის ბარომეტრული წნევა;
VPD – ორთქლის ის რაოდენობა, რომელიც ჰაერის სრულად გაჯერებისთვისაა საჭირო.
აგრო-მეტეოსადგურიდან მიღებული მონაცემებით შეგვიძლია განვსაზღვროთ მოსალოდნელი ნალექის რაოდენობა, მოსალოდნელი თოვლის სიღრმე, ქარის მიმართულება, ქარის მოვარდნის სიჩქარე, ჰაერის ტენიანობა, მზის რადიაციის დონე, ბარომეტრული წნევა, ღრუბლოანობა, ღრუბლის სიმაღლე, ნაკვეთზე მზის სხივის ხანგრძლივობის პროგნოზი, ამასთან ვაწარმოოთ ვაზის 12 დაავადების გავრცელების რისკების დეტალური მონიტორინგი და დაავადებების განვითარებისთვის ოპტიმალურ პირობებზე დაკვირვებით მოვახდინოთ დროული/შესაბამისი წამლობების და სხვა საპრევენციო ღონისძიებების დაგეგმვა.-ინფორმაციას ბოლნისის აგროცენტრი ავრცელებს
