ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მგზავრებს დღეიდან ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება. მწვანე ავტობუსები რეგიონებს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით გადაეცათ. განახლებული ავტოპარკიდან 3 ერთეული რატევანი-რაჭისუბანის, ხოლო 1 – ბოლნისი, დაბა კაზრეთი – სოფელი ბალიჭის მიმართულებით იმოძრავებს.
ახალ ავტობუსებთან ერთად სიახლეა ასევე მგზავრობის ღირებულებაშიც, საკრებულოს გადაწყვეტილებით ტარიფები შეიცვალა და 1 იანვრიდან ქალაქი 0.30-ის ნაცვლად 0.50 თეთრი, ხოლო სოფლების მიმართულებით 0.50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი გახდა. ასევე განისაზღვრა იმ მგზავრთა კატეგორიები, რომლებიც უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური ტრანსპორტით.
ახალი EURO-5-ის სტანდარტის, თანამედროვე ავტობუსი 47-მდე მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
საზოგადოებრივი ავტობუსით უფასო მგზავრობის უფლება მიეცეთ:
ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ქმედუნარიანობის შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხის მქონე უსინათლო პირებს და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე ნებისმიერ პირს;
ბ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;
გ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის მფრინავებს, რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რეისებს საომარი მოქმედებების ზონაში;
დ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;
ე) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს;
ვ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს.