27 წელი სოხუმის დაცემიდან და ასობით უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო. საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ და დაკარგულ მეომრებს ოჯახები დღემდე ელიან. ბოლნისიდან წასული 14 დაკარგული მებრძოლიდან ერთის ლევან მემანიშვილის ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა. მრავალწლიანი გაურკვევლობა მემანიშვილების ოჯახისთვის დასრულდა, საქართველოს გმირის ნეშტი დღეს სამხედრო პატივით ბოლნისის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპული ბოლნისელი მებრძოლის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის მფლობელი სამხედროს, ლევან მემანიშვილის ნეშტის იდენტიფიცირება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
23 აპრილს იდენტიფიცირებულ 12 ნეშტთან ერთად, ლევან მემანიშვილის ნეშტიც ქ. თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში იქნა გადასვენებული. 24 აპრილს კი ბოლნისში ჩამოასვენეს, რამდენიმე წუთით მის საყვარელ ქუჩაზეც, მშობლიურ სახლთან გააჩერეს. 20 წლის გმირის პატივის მისაგებად, ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან მთელი ბოლნისი შეიკრიბა. ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე ეფრემმა ლევან მემანიშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა რის შემდეგ ნეშტი სამუდამო განსასვენებელში ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
ლევან მემანიშვილი ერთ-ერთია იმ უგზო-უკვლოდ დაკარგული 14 მეომრიდან, რომლებიც აფხაზეთში ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში საკუთარი ნებით ჩაერთო, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა წავიდა იქ, სადაც ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა.,,მე დავკარგე მეგობარი, გია ჯოგლიძე, არ შეიძლება დავრჩე აქ, იქ ბიჭები იღუპებიან“ ეს მისი ბოლო სიტყვებია. წავიდა და მის მერე ყოველ დღე ელოდნენ მისი ოჯახის წევრები, იმედიანად ელოდა დედაც, რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე შვილის გამოჩენაზე ლოცულობდა.
წავიდა სამხედრო მოსამსახურე და ქვეყანას დაუბრუნდა გმირი, გმირი რომელიც დღეს მისმა ქალაქმა დიდი პატივით მიიღო, გმირი რომელმაც ქვეყნის სიყვარულს ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე შესწირა, ასეთ გმირებზე დგას დღეს საქართველო…