ბოლნისის, დმანისის, წალკისა და თეთრიწყაროს მაჟორიტარი – გოგი მეშველიანი საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „ცვლილებების პიკი/Peak of changes” მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს შეხვდა.
გოგი მეშველიანმა მოსწავლეებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა და პარლამენტის საქმიანობის შესახებ ესაუბრა. მოსწავლეები სხვადასხვა საკითხთან ერთად, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობით დაინტერესდნენ.
„მოსწავლეებთან შეხვედრა საინტერესო იყო. ახალგაზრდებს ვესაუბრე საპარლამენტო საქმიანობაზე. ისინი განსაკუთრებით საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობით დაინტერესდნენ. ვუპასუხე მათთვის საინტერესო კითხვებს, რომლებიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს ეხებოდა, მათ შორის, ახალგაზრდების პერსპექტივას, მათი განვითარების შესაძლებლობებს, ახალგაზრდების დასაქმებას, ასევე ზოგადად, ქვეყნის განვითარების გზებს. საუბარი შეეხო ასევე მაჟორიტარულ საქმიანობას, დეცენტრალიზაციას, თვითმმართველობების და ადგილობრივი საზოგადოების განვითარებისთვის საჭირო გზებს“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ გოგი მეშველიანმა.