საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი , პარლამენტის წევრ, გოდერძი ჩანქსელიანთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რთული მეტეოროლოგიური პირობებისგან წარმოქმნილ პრობლემებსა და გაწმენდით სამუშაოებს პირადად გაეცნო. დიდთოვლობამ რიგი პრობლემები შექმნა ქვემო ქართლში, განსაკუთრებით რთული ვითარებაა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში , დაკეტილი იყო რამდენიმე ათეული სოფელი თუმცა, მეშველიანის განცხადებით – გზების დეპარტამენტის, თვითმმართველობის, სამხარეო ადმინისტრაციის, პირადად გუბერნატორის, ადგილობრივი მუნიციპალური სამსახურების და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჩართულობით ყველაფერი გაკეთდა, შესაძლებლობების ფარგლებში და დღეის მდგომარეობით ოცზე მეტი სოფელია გახსნილი. დარჩენილია ცხრა დასახლებული პუნქტი, სადაც ახლაც, ამ წუთებშიც მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები. აღსანიშნავია, ისიც რომ ამ სოფლებში დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ხაზები და არ მიეწოდება ელექტროენერგია. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ამ პრობლემის აღმოფხვრაზეც. მაჟორიტარი იმედოვნებს, რომ რამოდენიმე დღეში ეს საკითხები სრულად იქნება გადაწყვეტილი.
„მინდა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართული იყო ამ საკითხების გადაწყვეტაში და განსაკუთრებით სამაშველო სამსახურებს, საგზაო სამსახურებს, რომელთაც მოახერხეს და ბევრ სოფელში ფეხით, თხილამურებით მიიტანეს საკვები პროდუქტები და მედიკამენტები ჩვენი მოსახლეობისათვის. შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე დაიხარჯნენ.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.
გოგი მეშველიანი, გოდერძი ჩანქსელიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პირადად შეხვდა სოფელ პატარა თონეთის(დვალთის) და საფუძვრების მოსახლეობას. ადგილზე გაეცნო მათ საჭიროებებსა და გაწმენდის სამუშაოებს. მაჟორიტარის განცხადებით, დიდთოვლობამ გარკვეული პრობლემები შექმნა დმანისის მუნიციპალიტეტშიც. იქაც მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა. ინტენსიური რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და პრაქტიკულად ამ ეტაპისთვის ჩაკეტილი სოფელი აღარ არის. ყველა სოფლამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია. ელექტროენერგიაც მიეწოდებათ.