გოგი მეშველიანი: ვფიქრობ, დღემდე არსად დაწერილა ამის შესახებ და ბევრმა არც იცის თუ ვის მიერ იქნა აღდგენილი მეფე ლაშა-გიორგის მიერ აშენებული ეკლესია

0
27

 საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი მოსახლეობას გიორგობას ულოცავს და ფეისბუქის პირად გვერდზე გამგებლობის პერიოდში ემოციით დატვირტლ დღეს და მეფე ლაშა-გიორგის მიერ აშენებული ეკლესიის აღდგენის ისტორიაზე წერს. სტატუსს უცვლელად გთავაზობთ „გილოცავთ გიორგობას! დღემდე ცხადად მახსოვს ის დღე და ყოველ გიორგობას კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით მახსენებს თავს. ალბათ იმიტომ, რომ ერთ-ერთი მრავალმხრივი ემოციით დატვირთული დღე იყო, რომელიც ჩემი ბოლნისის გამგებლად მუშაობის პერიოდს უკავშირდება. 2016 წლის მაისში მე და ჩემ მეგობარს, დავით შერაზადიშვილს ბოლნელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე ეფრემი დაგვიკავშირდა და სოფელ დარბაზში წასვლა შემოგვთავაზა. უნდა გამოვტყდე – ჩემთვის იმ დღემდე უცნობი, წმინდა გიორგის სახელობის მეცამეტე საუკუნის ეკლესიის კართან აღმოვჩნდით. საბედნიეროდ, ბოლნისის მუნიციპალიტეტი იმდენად მდიდარია ისტორიული ძეგლებით, ალბათ დასაძრახი არ არის, ყოველი მათგანის შესახებ არ ფლობდე ინფორმაციას, მაშინაც კი, თუ მისი ხემძღვანელი ხარ და ეს ადგილები და შემოგარენი ფეხით გაქვს არაერთხელ შემოვლილი ნადირობისას, თუ ლაშქრობებისას. ჩვენთვის დაუჯერებელი იყო იმ ფაქტის აღმოჩენა, რომ უკვე აღდგენილი ეკლესიიკენ (რომელიც ცენტრალური გზიდან რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული) მიმავალ ბილიკზე, ეზოში ხელოსნები ქვაფენილს აგებდნენ…. და ამ უმნიშვნელოვანესი და ულამაზესი ეკლესიის რესტავრაცია ფონდმა “ქართუმ” ისე განახორციელა, რომ არც მე და არც თვითმმართველობის რომელიმე წარმომადგენელს ამ, საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოების შესახებ, არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა. ვფიქრობ, დღემდე არსად დაწერილა ამის შესახებ და ბევრმა არც იცის თუ ვის მიერ იქნა აღდგენილი მეფე ლაშა-გიორგის მიერ აშენებული ეკლესია… ასე, უხმაუროდ, ყოველგვარი აფიშირების გარეშე აღდგა და შეუნარჩუნდა ჩვენ ქვეყანას რამდენიმე ასეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი… შეგვეწიოს და გვფარავდეს დარბაზის წმინდა გიორგი!