საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის ხელმოწერით, საქართველოს მთავრობის “ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია” დამტკიცდა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მისი ერთი ნაწილი განათლების სფეროს ეხება.
„საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“, რომელიც, დაგროვებული გამოცდილებისა და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, აყალიბებს მომავლის ხედვას, განსაზღვრავს განვითარების გრძელვადიან სტრატეგიულ მიზნებს, ძირითად პრინციპებსა და მიზნების მიღწევის კონკრეტულ გზებს“, – წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წინასიტყვაობაში.
მისივე თქმით, დოკუმენტი ეფუძნება ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისაკენ ჩვენი ხალხის საერთო მისწრაფებას, რაც გულისხმობს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას, სოციალურ თანასწორობას, რეგიონული უთანასწორობის შემცირებას, ხარისხიანი ჯანდაცვის, განათლების, საზოგადოებრივ სხვა სიკეთეთა მეტ ხელმისაწვდომობას, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოს, დემოკრატიის გაძლიერებას, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, გასული წლების განმავლობაში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, განათლებისა და მეცნიერების სისტემაში უმთავრეს გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება განათლების ხარისხი და საგანმანათლებლო და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების ინსტიტუციური გაძლიერება.