1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის შემდეგ დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად ბოლნისელები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ მემორიალთან. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბუბა გობეჯიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგეს გმირებს რომელებმაც თავი გაწირეს ავბედით ღამეს.
ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა თეოდორემ, დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.რის შემდეგაც სიმბოლური ღონისძიება კულტურის სახლის ორგანიზებით და მისი აღსაზრდელების ჩართულობით გაიმართა ზუსტად 36 წლის წინ, თავისუფლების მოთხოვნით გულანთებულ გოგო-ბიჭებს, თავს რუსული აგრესია დაატყდათ. ისინი ხომ სამშობლოს სიყვარულმა და თავისუფლებაზე ოცნებამ გააერთიანა. შიმშილობდნენ, მღეროდნენ და ცეკვავდნენ. მშვიდობიანი მანიფესტაცია და პატრიოტული, ჩონგურზე ამღერებული ხმები განწირული ადამიანების კივილმა ჩაანაცვლა. ოცდაერთ დაღუპულს და ასობით დაშავებულს ითვლის 9 აპრილის ღამე. მას შემდეგ, ყოველი წლის 9 აპრილს, პატივს მივაგებთ თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ხსოვნას.