სამშობლოდან შორს, ომს გამოქცეულმა უკრაინელებმა თავი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს შეაფარეს, თექვსმეტამდე ოჯახმა ბინა ბოლნისში დაიდო. ლტოლვილების სოციალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ქვემო ქართლში მომუშავე ქალთა ორგანიზაცია „ერთობამ“,მათთვის პროექტის „ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების თანადგომა და დასაქმების ხელშეწყობა“-ს განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში უკრაინელი ხალხის ქართულ საზოგადოებასთან ინტეგრაციის და დასაქმების მარტივად მოგვარების მიზნით, დაიწყო ქართული ენის შემსწავლელი კურსები, ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის კი მათთან ფსიქოლოგი მუშაობს.
პროექტის ფარგლებში, კვირაში რამდენიმე დღე, ისინი ერთმანეთს ზრდასრულთა განათლების ცენტრში ხვდებიან, აქ მათ თბილი და სასიამოვნო გარემო ხვდებათ. ბავშვებისთვის გამოყოფილია სპეციალური გასართობი სივრცეები. განწყობის ასამაღლებლად ორგანიზაციამ და მონაწილეებმა ერთობლივად მოაწყვეს მეგობრობის ზეიმი, სადაც წარმოადგინეს ხელნაკეთი ნივთები, ისაუბრეს ქართულ და უკრაინულ კულტურასა და ტრადიციებზე.
მეგობრობის ზეიმის დასასრულს უკრაინის დროშის ფერებში გააკეთეს გული და ასე გამოხატეს სიყვარული ქართველი და უკრაინელი ხალხის მიმართ. პროექტი, რომელიც სხვადასხვა აქტივობას მოიცავს „ქალთა ფონდი საქართველოში“-ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.