ერთი სლოგანის ქვეშ „აირჩიე განახლებადი ენერგია – ერთად ვიზრუნოთ გარემოზე“ ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სხვადასხვა სპორტული და შემეცნებითი აქტივობით შეუერთდა. ამ დღის ფარგლებში ქალაქ ბოლნისის კერძო და საჯარო სკოლების ეკოკლუბის ბავშვებმა ერთ-ერთი მევენახის, ავთანდილ გაბრიჭიძის ვენახში დამონტაჟებული თანამედროვე ტექნოლოგიის განახლებადი მზის პანელების შესახებ ინფორმაცია, უშუალოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის დავით შერაზადიშვილისგან და გაერთიანება ,,ღვინო ბოლნისის’’ ხელმძღვანელის გურამ ავქოფაშვილისგან მიიღეს.
მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ითვალისწინებდა ასევე სპორტულ აქტივობას, ველოტურს, რომელშიც გაერთიანდნენ სხვადასხვა ასაკის, სქესისა და პროფესიის ადამიანები. ეკოლოგიურად ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი, ველოსიპედი მოხალისეებმა მოირგეს და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ძველი გერმანული უბნიდან, ქალაქის შემოსასვლელამდე ტერიტორია გაიარეს. დაგეგმილ ღონისძიებებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მოადგილესთან და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან ერთად ჩაერთო.
ენერგეტიკის დღეების მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება და მათი ჩართვა განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების პოპულარიზაციაში.