საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო სკოლის, საინიციატივო ჯგუფმა, დღეს ადაპტირებული ზებრა გადასასვლელების დახაზვა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, მცირედმხედველი ადამიანებისთვის, ბოლნისის ცენტრალური გზის 6 ლოკაციაზე ფერადი გადასასვლელები გაჩნდება.
,,ბოლნისში ადაპტირებული ზებრა გადასასვლელების არ არსებობა დიდ პრობლემას წარმოადგენს მცირედმხედველი ადამიანებისთვის. ამჟამად არსებული გადასასვლელები არის წაშლილი და მათგან არც ერთი არაა მორგებული შშმ პირების საჭიროებებზე. ჩვენ გვყავს სკოლაში მცირედმხედველი მოსწავლე და კარგად ვიცით თუ რაოდენ მნიშვნელოვანია როგორც მისთვის, ასევე მსგავსი საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ფერების კონტრასტი, სწორედ ამიტომ დავიწყეთ აღნიშნულ ინიციაპივაზე მუშაობა, რომელიც მოწონებული და დაფინანსებული იქნა ორგანიზატორების მხრიდან. ჩვენი მიზანია ქალაქში გაკეთდეს ადაპტირებული ზებრა გადასასვლელები, რომელიც მორგებული იქნება მცირედმხედველი ადამიანების საჭიროებებს. პროექტის განმავლობაში, აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდით მუნიციპალიტეტის მერიას, ინფრასტრუქტურის სამსახურს და საპატრულო პოლიციას,“განაცხადა ააიპ საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის დირექტორის მოადგილემ, ნინო დევნოზაშვილმა.
ინიციატივების მხარდამჭერი პროგრამა გამოცხადდა პროექტის – „ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკაში ახალგაზრდების წარმომადგენლების გაძლიერება, მათი კომპეტენციებისა და ჩართულობის მექანიზმების განვითარების გზით“, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, რუსთავის საერტაშორისო სკაუტური ცენტრის (ISCR) და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით.