ტრადიციულად ქცეულმა სახალხო დღესასწაულმა „ბოლნისქალაქობამ“ წელსაც ასობით ადამიანი გააერთიანა. ძველ გერმანულ უბანში მისულ სტუმარს, საშუალება ჰქონდა მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებებს დასწრებოდა, დაეთვალიერებინა სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილი საგამოფენო სივრცეები, დაეგემოვნებინა სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტები და ნუგბარი. ადგილზე გაცნობოდა მუნიციპალიტეტის სათემოების მიერ წარმოდგენილ ეთნოკუთხეებს და მონაწილეობა მიეღო ყურძნის საზეიმო დაწურვის პროცესში.
მრავალწლიანი ისტორიის მქონე ქალაქმა „ბოლნისქალაქობა“ პირველად 2017 წელს აღნიშნა და მას შემდეგ, ქალაქის მთავარი ღონისძიება, მუნიციპალიტეტის სავიზიტო ბარათად იქცა, რომელიც გათვლილია ყველა სეგმენტის და გემოვნების ადამიანზე.
„ბოლნისქალაქობა 2024“ მთელი დღის მანძილზე დატვირთული იყო კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სპორტული აქტივობებით, ისტორიულ უბანში შეკრებილ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დასწრებოდა წიგნის პრეზენტაციას, რომელიც ბოლნისის სავიზიტო ბარათად იქცა, სადაც ჩვენი მუნიციპალიტეტის ისტორიული ღირსშესანიშნაობებია შესული.
ბოლნისქალაქობისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი ბოლნისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალით დაიწყო, რომელიც მუსიკოსმა ზვიად ბოლქვაძემ და ჯგუფმა „შერეკილებმა“ გააგრძელეს.